საჯარო რეესტრში წარდგენილი 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“, რომლის მეშვეობითაც ტელეკომპანია „იმედს“ ფლობენ, წილები სრულად დათმეს კომპანიამ „პრაიმ მედია გლობალმა“, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა.
ტელეკომპანიის ახალი მეწილე ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი გახდა. 25%-მდე გაიზარდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძის, ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ჩიგოშვილის წილები.
ახალი განაწილება ასეთია:
- მარიამ (მაკა) ლომიძე, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
- ირაკლი ჩიხლაძე, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
- მაია ჩიგოშვილი, 25%, მანამდე ფლობდა 10%-ს;
- მაგდა ანიკაშვილი 25%, კომპანიის ახალი მეწილეა.
დოკუმენტების მიხედვით, წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა თავიანთი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად დათმეს, ხოლო „პრაიმ მედია გლობალმა“ 50%-იანი წილი 500 ლარად გაყიდა.
ცვლილებამდე „პრაიმ მედია გლობალი“ კომპანიის 50%-ს ფლობდა, დანარჩენი 50% კი ხუთ ფიზიკურ პირზე, თითოეულზე 10-10 პროცენტით, იყო გადანაწილებული.
„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ილია მიქელაიშვილია.
რადიო თავისუფლება ცდილობს „იმედის“ მოქმედ და ყოფილ მეწილეებთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, გაიყიდა თუ არა ტელეკომპანია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
როგორ გაიყიდა „იმედი“
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვის შესახებ 2026 წლის 6 თებერვალს განაცხადა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, შეიძინა.
მაშინვე ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 50% „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში დარჩებოდა, ხოლო დანარჩენი 50% ტელევიზიის დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს გადაეცემოდა.
„პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილი აცხადებდა, რომ ტელეკომპანიასა და მთლიანად მედიაჰოლდინგში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და POSTV-ს, სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების საფუძვლად უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა.
სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და კიდევ სამმა წევრმა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.
„იმედის“ ფინანსური ვალდებულებები
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელი 43 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, წლების განმავლობაში დაგროვილმა ზარალმა კი 497,2 მილიონ ლარს მიაღწია.
ტელეკომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებებიც აქვს, მათ შორის 358,7 მილიონი ლარის სესხები მეწილეებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან.
აუდიტორული კომპანია „ბესტ აუდიტი“ აღნიშნავს, რომ არსებული ფინანსური მდგომარეობა ეჭვს ბადებს კომპანიის საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ცვლილებები POSTV-ში
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შესულმა, პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ტელეკომპანიის, POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა.
ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც მანამდე ჯაფარიძის წილის მმართველი იყო. ჯაფარიძემ ეს წილი 2022 წელს 520 000 ლარად შეიძინა.
ფორუმი