კერძო აუდიტორული კომპანია „ბესტ აუდიტი“, რომელმაც „იმედის“ შესახებ ანგარიში მოამზადა, წერს „კომპანიის მიერ დაგროვილმა წმინდა ზარალმა 2025 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის შეადგინა 497 227 059 ლარი“.
აუდიტორიული ფირმა წერს, რომ ეს გარემოება, - სხვა დეტალებთან ერთად, - „ეჭვს ბადებს კომპანიის უნართან დაკავშირებით, საქმიანობა გააგრძელოს, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ“.
ტელეარხის ყოფილი მეპატრონე ირაკლი რუხაძე, - რომელმაც კომპანია სანქცირებამდე მცირე ხნით ადრე გაყიდა, - მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ „იმედი“ „წამგებიანი პროექტია“.
ახლადგამოქვეყნებული ანგარიში ეხება 2025 წელს, - ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციების დაწესების წინა წელს, შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ ფაქტორით არ არის განპირობებული.
„ტელეიმედს“ „მნიშვნელოვანი ოდენობის სესხები აქვს“ - როგორც ბანკების, ისე „დაკავშირებული მხარებისაგან“.
როგორ დაგროვდა ამდენი ზარალი?
ახალ ანგარიშში ჩანს, თუ როგორ იზრდებოდა 2023-25 წლებში კომპანიის „დაგროვებული ზარალი“:
- 2023 წლის ბოლოსთვის „დაგროვილი ზარალი“ იყო 386.3 მლნ ლარი;
- 2024 წლის ბოლოსთვის ეს თანხა 67.8 მილიონი ლარით გაიზარდა - 454.1 მლნ ლარამდე;
- 2025 წლის ბოლოსთვის კი კიდევ 43 მილიონი ლარით გაიზარდა და 497.2 მლნ ლარს მიაღწია.
- სავარაუდოდ, ჯამური ზარალი 2026 წელსაც მზარდია - თუმცა ანგარიში 2025 წელს არ სცდება.
ამ სამ წელიწადში შემცირდა წლიური ზარალის მოცულობა - 67.8-დან 43 მილიონ ლარამდე - მცირდება, თუმცა ზარალი კვლავ დიდია.
კომპანიას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ვალდებულებები - 428 მლნ გრძელვადიანი სესხებიდან; სავაჭრო და სხვა მოკლევადიანი ვალდბულებები და ცალკე - „საგადასახადო ვალდებულებები“ - მხოლოდ ეს უკანასკნელი 34.8 მლნ ლარს შეადგენს.
40 მილიონი ხელფასებში - რა ხარჯები აქვს „იმედს“
კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა, ანგარიშის თანახმად, 2024 წელს 880 იყო, ერთი წლის თავზე კი - 841.
„იმედის“ პერსონალზე 2025 წელს 40.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ეს 40 534 369 ლარი მოიცავს „პირდაპირ ხელფასს“ და „შრომის ანაზღაურებას“, ასევე დაზღვევასა და საპენსიო გადასახადს.
ჰქოდნა „სხვა ხარჯებიც“ - ტელეგადაცემების წარმოება, კომუნალურები, იჯარა, საბანკო და საგადასახადო ხარჯები - ჯამში 24.7 მილიონი ლარი.
„ლიკვიდურობის პრობლემა არ იქნება“ - ამბობს ტელეარხი
აუდოტიროს თანახმად, 2025 წლის ვალდებულებების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ არის ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხები, რომლებიც „არიან კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები“.
ასეთი სესხები ჯამურად შეადგენს 358 675 360 ლარს.
„ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ აღნიშნული კომპანიები მოითხოვენ სესხების დაფარვას ისე, რომ კომპანიას შეუქმნან ლიკვიდურობის პრობლემა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
„მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მომავალში კომპანია შეძლებს საკმარისი დაფინანსების მიღებას, რაც გადაჭრის ლიკვიდობის დეფიციტის პრობლემას და უზრუნველყოფს ოპერაციების დასაფინანსებლად საკმარისი თანხების არსებობას“, - წერია იქვე.
ნახსენებია სანქციებიც
ანგარიშში არ არის გამოტოვებული ის ასპექტი, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანია „იმედს“ სანქციები დაუწესა.
აუდიტორის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა“.
„ყოველივე ეს მიუთითებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განუსაზღვრელობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი ეჭვი კომპანიის შესაძლებლობაზე ჰქონდეს არსებობის პერსპექტივა“, - წერს შემფასებელი.
ვინ ჩაატარა აუდიტი
კომპანია „ბესტ აუდიტმა“ „ტელეიმედის“ „ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“ 2026 წელს ჩაატარა.
აუდიტის ანგარიში მოიცავს „ინდივიდუალური ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას“ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ის სწავლობს ამავე თარიღისთვის მოგება-ზარალის პარამეტრებსაც.
აუდიტორული კომპანიის მფლობელია ზაზა თოლორდავა. დოკუმენტს ხელს აწერენ ფინანსური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი.
დოკუმენტი, რომელსაც ეს სტატია ეყრდნობა, არხის მენეჯმენტმა 2026 წლის 25 სექტემბერს დაამტკიცა.
ახალი მფლობელი და სანქციები
- ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის 6 თებერვალს განაცხადა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, - რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, - ტელეკომპანია „იმედთან“ „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს და გაყიდეს - „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად;
- ახალი მფლობელი გახდა ბიზნესმენი, 41 წლის ილია მიქელაიშვილი, „პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
- მან აიღო ვალდებულება, რომ ტელეარხს არ გამოიყენებენ ირაკლი რუხაძის და „დაკავშირებული პირების“ საწინააღმდეგოდ.
- 2026 წლის 24 თებერვალს კი - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 წლის თავზე, - ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „ტელეიმედს“; ასევე, „პოსტივის“;
- საფუძვლად კი ბრიტანეთმა მიუთითა „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.
- ამის გამო საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ფორუმი