Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის 38 მლნ ევროს გამოყოფს

ფოტო არქივიდან: სტენსილი თბილისში ევროკავშირისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით
ფოტო არქივიდან: სტენსილი თბილისში ევროკავშირისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით

ევროკავშირი 2026 წელს საქართველოში ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

როგორც დღეს, 16 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ამით "განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში".

რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს ევროკავშირი

პროექტების მიმართულებებია:

  • პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
  • ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
  • ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
  • აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.


საქართველო-ევროკავშირის არსებული ურთიერთობა

2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დემოკრატიული უკუსვლის გამო, კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს - გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ კი ევროკომისია შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

12 ოქტომბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ კვლავ „ხისტი დამოკიდებულებით“ გამოირჩევა. მისი თქმით, „ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია თუ გადაიხედება, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG