Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"და ვის აინტერესებს სანქციები?!" - როგორ ამღერებს რუსული პროპაგანდა AI-ს

მუსიკას პროპაგანდის სამსახურში საბჭოთა კავშირი იყენებდა - დღეს ხელოვნური ინტელექტით საბჭოთა ბალადების ახალ ვერსიებსაც ქმნიან.
მუსიკას პროპაგანდის სამსახურში საბჭოთა კავშირი იყენებდა - დღეს ხელოვნური ინტელექტით საბჭოთა ბალადების ახალ ვერსიებსაც ქმნიან.

მოკლედ

  • რუსეთი პროპაგანდაში ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს - უკრაინულმა ორგანიზაციია terrecon-მა 2022 წლის შემდეგ AI-ის გამოყენებით შექმნილი ათასამდე სიმღერა შეისწავლა;
  • ასეთი სიმღერების დიდი ნაწილი ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აღვივებს საბჭოთა კავშირის სენტიმენტებს.
  • დასავლური ტექნოლოგიებით შექმნილი რუსული მუსიკალური პროპაგანდა მილიონობით მომხმარებლამდე დასავლური სტრიმინგ პლატფორმებით აღწევს.

სიმღერები ადამიანების გულებთან და გონებასთან უფრო ადვილად აღწევს, ვიდრე, უკვე გაცვეთილი სიტყვები სატელევიზიო პროპაგანდისტული გადაცემებიდან - ამბობენ მკვლევრები და ხაზს უსვამენ, რომ რუსული პროპაგანდის ახალი იარაღი დასავლური ხელსაწყოებით იქმნება და დასავლურ პლატფორმებზე მარტივად ვრცელდება.

"რვა წლის განმავლობაში ბომბავდნენ დონბასს

ხოცავდნენ რუსებს!

მაგრამ დონბასი ახლა ჩვენია!

ჩვენ ერთად მივიწევთ წინ!

და რუსეთში ყველაფერი ჰარმონიულად კეთდება

ყველაფერი გულიდან მოდის

და ვის აინტერესებს სანქციები!

ისინი ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ!

უკრაინა ზელენსკის დროს

საშინლად უიღბლოა,

ფულსა და საბრძოლო მასალას ითხოვს

ყოველ საათში ევროპიდან" - ეს მხოლოდ ერთი სიმღერის ფრაგმენტია ათასობით მუსიკალური გზავნილიდან. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ამგვარი ნაწარმოებების ჟანრი მრავალფეროვანია - ბალადებიდან მძიმე მეტალამდე. მათ უმეტესობას მილიონობით ნახვა და მოსმენა აქვს.

უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია Terrecon-ის ანგარში აერთიანებს კომპოზიციებს, რომლებიც სრულად ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული ან ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი საბრძოლო და ჰეროიკული სიმღერების AI რიმეიქებია.

ამ სიმღერას, სახელად "ომის ქალღმერთი", საარტილერიო დანადგარს რომ ეძღვნება, მხოლოდ იუტუბზე ორ მილიონზე მეტი ნახვა. ის Suno-ს - ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მუსიკის ერთ-ერთი პოპულარული აგრეგატორის გამოყენებით არის შექმნილი;

youtube-ის ანგარიში კი, რომელზეც “ომის ქალღმერთი” გამოქვეყნდა, ვინმე სერგეი ვასეიკინს ეკუთვნის, ციმბირში, ტიუმენის მახლობლად დაბადებულ პოეტს. მას არაერთი ოდა აქვს მიძღვნილი ომზე.

"ეს დაახლოებით იგივეა, რაც იაფფასიანი დრონების მასობრივად გამოყენება ბრძოლის ველზე" - ამბობს უკრაინული ორგანიზაცია Terrecon-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დარია ვერბიცკა.

უკრაინელების კვლევამ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პროპაგანდისტულ სიმღერებში 15 ძირითადი ნარატივი გამოყო - მათ შორისაა რუსული სამყარო, ხალხის ერთიანობის იდეა, რუსული სამხედრო ძალების დიდება, უკრაინული ჯარის დისკრედიტაცია და დემონიზება, ბავშვებსა და ახალგაზრდებში მილიტარისტული ვნებების გაღვიძების მცდელობები, მობილიზაციისადმი ტოლერანტობის გამომუშავება, ანტიდასავლური განწყობების გამძაფრება, სხვა ქვეყნების ოკუპაციის ნორმალიზება და ომის საკრალიზაცია.

საბჭოთა ომის სიმღერების ესთეტიკის ნაწარმოებების მასობრივ გავრცელებას ხელს ერთი მხრივ ხელოვნური ინტელექტით მუსიკის სწრაფად და იაფად გენერირების შესაძლებლობები უწყობს, მეორე მხრივ კი სტრიმინგ პლატფორმები. ეს პლატფორმები სიძულვილის ენას კი ზღუდავენ, მაგრამ შეზღუდვები არ ეხება საბრძოლო თემატიკას და არც ხელოვნური ინტელექტით ნაწარმოებ პროდუქტს, რომელსაც ხშირად არ ურთავენ შესაბამის იარლიყს.

ზოგადად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის სიჭარბე მუსიკის პლატფორმების ახალი რეალობაა.

  • გლობალური სტრიმინგ-სერვისისს Deezer-ის მონაცემებით 2025 წლის იანვარში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კომპოზიცია იტვირთებოდა, რაც საერთო რაოდენობის ზუსტად ნახევარი, 50% იყო;
  • 2026 წლის აპრილში apple music-ის ვიცე პრეზიდენტიც საუბრობდა იმაზე, რომ მათ პლატფორმაზე ატვირთული ყოველი მესამე ნამუშევარი სრულად ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი.
  • პლატფორმიდან 75 მილიონზე მეტი “სპამ” კომპოზიცია წავშალეთ ერთი წლის განმავლობაში და მათი უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული - ამბობს შვედეთში შექმნილი სპოტიფაიც, მუსიკის სტრიმინგის ყველაზე პოპულარული პლატფორმა, ყოველთვიურად აქტიური 761 მილიონი მომხმარებლით, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის მხარდამჭერი მუსიკოსების ტრეკები თავისი პლატფორმიდან. თუმცა მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოებული პროპაგანდისტული კომპოზიციების გავრცელება სათანადოდ ვეღარ შეზღუდა.
  • youtube-ის პოლიტიკით, 2024 წლის მარტიდან, სავალდებულია შესაბამისი იარლიყით იყოს მონიშნული ხელოვნური ინტელექტის მიერ ნაწარმოები კონტენტი იმისათვის, რომ შეცვლილი ან სინთეზური ხმებით გაკეთებული რეალური ადამიანების კლონები და დიპფეიქები მომხმარებელმა ადვილად გაარჩიოს ავთენტიკური კონტენტისგან, მაგრამ ისეთი მუსიკა, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და არ ბაძავს რეალურ ადამიანს, სპეციფიურ აღნიშვნას შეიძლება არ შეიცავდეს. პროპაგანდისტული მუსიკალური ვიდეოები, სწორედ ამ, რეგულაციის მიღმა არსებულ სივრცეში კრეფს მილიონობით მაყურებელს.


„მოდერაციის სისტემები ძირითადად კონკრეტულ აკრძალულ სიტყვებზე რეაგირებენ და არა მინიშნებების ზოგად მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია Terrecon-ის ანგარიშში.

"ეს დიდი ბიზნესია, ხელოვნური ინტელექტის აგრეგატორებიც და მუსიკის სტრიმინგ პლატფორმებიც ამ ყველაფრით ფულს შოულობენ - ფულს შოულობენ მონეტიზაციით ისინიც, ვინც ამ ტალახს ქმნის და ასმენინებს ხალხს" - ეუბნება რადიო თავისუფლებას მუსიკოსი, ნიკა მაჩაიძე. ის თვლის, რომ ამ ბაზარზე მოქმედი წესების შეცვლა უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად ის, რომ უკრაინამ ანალოგიური კონტენტის წარმოებითა და მონეტიზაციით ნაშოვნი ფული ჯარის გაძლიერებას მოახმაროს.

შექმნილია თუ არა ხელოვნური ინტელექტით ნაწარმოები კრემლის ნარატივების გამტარი სიმღერები ოფიციალური მოსკოვის დაკვეთით, ამის თქმა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ინტერესით უყურებს და AI კონტენტის შესაქმნელად კონკურსებსაც აწყობს. რუსული ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტმა, სახელმწიფო სააგენტომ. 2026 წელს 1 ივლისიდან 9 ნოემბრამდე განსახორციელებელი 42 პროექტი 975 მილიონი რუბლით (ეს 30 მილიონ ლარზე მეტია) დააფინანსა - შერჩეულ პროექტებს შორის იყო მინისერიალები, სამოგზაურო შოუები და გასართობი და კულტურული პროექტები.

და რა ხდება საქართველოში?

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სიმღერები ქართულ ენაზეც მრავლად არის - არის რუსულენოვანი სიმღერების საქართველოზეც, პროპაგანდისტული მოტივებით. მაგალითად აქ, სიმღერაში კავკასიისა და რუსეთის ხალხების ერთიანობაზე, ისმის "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი მიწა გვაქვს."

ერთი ხალხის და ერთი მიწის იდეა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ არაერთ რუსულენოვან სიმღერაში შეგხვდებათ - ამგვარი სიმღერების მიზანი ყოფილ რესპუბლიკებში საბჭოთა კავშირის სენტიმენტებით თამაშია.

არის სხვა, უფრო სტერეოტიპული ხატებით შექმნილი სიმღერებიც - ქართველთა სტუმართმოყვარეობაზე, ხაჭაპურსა და ხინკალზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG