19-დან 20 ოქტომბრის ღამით უკრაინის დასავლეთში შეტევა იყო ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებზე. ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რუსული დრონებით ორი დარტყმა იყო ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.
ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ტიურინის ცნობით, დრონებით შეტევა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ტიურინს არ დაუსახელებია. უკრაინის ამ რეგიონის შეპეტივის რაიონში დაზიანებულია ეკლესიის ფასადი, ფანჯრები და სამრეკლო.
ტიურინის ცნობითვე, ხმელნიცკის და შეპეტივის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ხმელნიცკის ოლქი დარტყმის ქვეშ იყო 19 ოქტომბერს საღამოსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საწარმო და სახლები. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი დაშავდა.
20 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ხმელნიცკის რაიონში დრონებით დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრ „გრანდ იმპორტს", რომელიც გამოყენებული იყო სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების შესანახად. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
შუაღამის შემდეგ რუსული დრონებით შეტევა იყო უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან სახლს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.
ფორუმი