უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყაროებმა განაცხადეს, რომ Starshield-ის მუშაობა (მოძრავი საშუალებებისთვის) აღდგა, რასაც, მათი თქმით, სამხედრო ქვედანაყოფების ანგარიშებიც ადასტურებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ცდილობს, დაადგინოს 14 ოქტომბერს დაწესებული შეზღუდვების მიზეზები და გარემოებები.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეზღუდვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა Axios-მა. თუმცა არც აშშ-ის მთავრობას და არც კომპანია SpaceX-ს ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ.
14 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა უკრაინელი სამხედროების ათობით ცნობა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები იმის შესახებ, რომ SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი გაეთიშათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფ დამრტყმელ (მოიერიშე) დრონებსა და სატრანსპორტო საშუალებებს. გავრცელებული ცნობებით, ამ შეზღუდვებმა გაართულა რუსული დრონების გადაჭერა (განადგურება), უკრაინის ზოგიერთი ქვედანაყოფი კი იძულებული გახდა, გაეუქმებინა საბრძოლო დავალებები.
14 ოქტომბერს, გვიან ღამით SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა X-ზე უპასუხა უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილო ფედოროვის პოსტს. მასკის განცხადებით, Starlink-ის სამხედრო პაკეტის (Starshield-ი) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ის კი არა, აშშ-ის პრეზიდენტი იღებს. თუმცა შეერთებულ შტატებში დღემდე არ უპასუხიათ კითხვაზე, რატომ შეიზღუდა უკრაინისთვის Starlink-ის სამხედრო პაკეტის ფუნქციონალი ანუ Starshield-ი.
ამავე დროს, საღამოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კავშირის ხარისხი გაუმჯობესდა და ინტერნეტი ამუშავდა 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას. უკრაინის სამთავრობო წრეებში ინფორმირებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია Starlink-ის მუშაობის აღდგენა საათში არანაკლებ 450 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, მთლიანობაში კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, როგორც ეს ადრე იყო.
რადიო თავისუფლება განმარტავს, რა მოხდა და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება.
ექსპერტთა თანახმად, არსებობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სხვადასხვა სატარიფო პაკეტი: სახლისთვის, ავტომობილისთვის და სპეციალური სამთავრობო-სამხედრო პაკეტი. მხოლოდ ამ უკანასკნელს აქვს ტერმინალების გამოყენების შესაძლებლობა 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას. 14 ოქტომბერს სწორედ ამ პაკეტის - Starshield-ის დაბლოკვაზე იყო საუბარი და შეზღუდვა სწორედ მოძრაობის დროს ინტერნეტით სარგებლობის ფუნქციას შეეხო.
ვაზუსტებთ, რამ შეწყვიტა მუშაობა
უკრაინაში მოძრაობის დროს ინტერნეტით სარგებლობის ფუნქციის შეზღუდვის შესახებ პირველებმა ვოლონტიორმა (მოხალისე) სერჰი სტერნენკომ და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებში, სერჰი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში წყაროებმა რადიო თავისუფლების რედაქციას დაუზუსტეს, რომ 14 ოქტომბერს Starshield-ის ტერმინალები მუშაობას წყვეტდნენ 72-დან 161 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას. შეზღუდვა ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვადასხვა ქვედანაყოფში.
ერთ-ერთი ბრიგადის არტილერისტებმა რადიო თავისუფლების პროექტის, „დონბას რეალიის“ ჟურნალისტს, რომელიც 14 ოქტომბერს საბრძოლო პოზიციებზე მუშაობდა, განუცხადეს, რომ უძრავად განთავსებული ტერმინალები შეფერხების გარეშე მუშაობდნენ, ინტერნეტი კი სწორედ ავტომობილებში ქრებოდა.
კომპანია SpaceX-ს ილონ მასკი აკონტროლებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეა. 2022 წელს მისმა კომპანიამ უკვე გათიშა Starlink-ი ხერსონში უკრაინის ჯარების იერიშის დროს, რამაც, სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხელი შეუშალა არტილერიისა და დრონების მუშაობას და ჩაშალა ბერისლავის მახლობლად რუსეთის ჯარების ალყაში მოქცევის ოპერაცია. მაშინ SpaceX-მა Reuters-ს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ გამოძიებაში მოყვანილი მასალები „არაზუსტია“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იყო არასწორი. სააგენტოს ცნობით, კომპანიას ასევე არ უპასუხია უკრაინაში Starlink-თან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ დასმული კითხვების ჩამონათვალისთვის. იმავე წელს SpaceX-მა უკრაინას უარი უთხრა შავ ზღვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, სამხედრო ოპერაციების დროს ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფაზე. მაშინ მასკმა განაცხადა, რომ კიევის მოთხოვნა უარყო, რადგან „SpaceX-ი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისა და კონფლიქტის ესკალაციის უშუალო თანამონაწილე გახდებოდა“.
გავლენა ფრონტზე
ინტერნეტი სწრაფი გადაადგილებისას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ საშუალო სიშორის დამრტყმელ (მოიერიშე) დრონებს, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და რომელთა რადიოკავშირით უზრუნველყოფა (სიშორის გამო) რთულია.
„ჩვენი თავდაცვის ძალები ასეთი შეზღუდვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, რის გამოც რამდენიმე მისია ჩაიშალა. აშკარაა, რომ ეს ქმედება შემთხვევითობას ვერ მიეწერება და რომ ის მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება“, - დაწერა სერჰი ბესკრესტნოვმა.
რადიო თავისუფლების წყაროებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან დასძინეს, რომ შეზღუდვამ ასევე შეამცირა ფრონტისპირა ლოჯისტიკის, დაზვერვისა და სიგნალის რეტრანსლაციის შესაძლებლობები.
„ამერიკამ ჩვენთვის ცა დახურა. იმ ძალებისა და საშუალებების გათვალისწინებით, რომლებიც გვაქვს, ამერიკამ, ფაქტობრივად, დაგვიხურა მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეში ლოგისტიკაზე თავდასხმის შესაძლებლობა. ეს ძალიან ცუდი ამბავია“, - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში მიკოლა მელნიკმა, ომის ვეტერანმა და ანალიტიკური ჯგუფის, „ლევიათანის“ ექსპერტმა.
მელნიკს არ მიაჩნია, რომ გათიშვა ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.
„ეს სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა აშშ-ის თვითნებური გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც უკრაინის დამარცხების იძულებაა“, - მიიჩნევს მიკოლა მელნიკი.
გამოცემა Axios-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლები ესაუბრნენ თეთრი სახლის, CIA-სა და პენტაგონის წარმომადგენლებს იმის გასარკვევად, ვაშინგტონმა მიიღო თუ არა გადაწყვეტილება Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის შესახებ. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა კიევს განუცხადეს, რომ ისინი კომპანია SpaceX-ს არ აკონტროლებდნენ და რომ აპირებდნენ მომხდარის გასარკვევად კომპანიისათვის მიმართვას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს Starlink-თან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ერთი დღით ადრე მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკამ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეზღუდა. ამის შესაძლებლობის შესახებ დასავლური გამოცემები, მათ შორის Axios-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა: თუ უკრაინის ჯარები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააგრძელებდნენ, შესაძლოა, სადაზვერვო მონაცემების გაცვლა შეწყვეტილიყო. ამის შესახებ ზელენსკიმ NPR-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რატომ შეექმნათ პრობლემები დრონების გადამჭერებსაც?
თუმცა საქმე მხოლოდ შორ მანძილზე იერიშებს არ ეხება.
„Starlink-ი გამოიყენება ამჟამად ყველაზე ეფექტიან საშუალებაში - გადამჭერ (გამანადგურებელ) დრონში, რომელიც ჩვენს ცას რეაქტიული „შაჰედებისგან“ იცავს. ფაქტობრივად, პარტნიორები თავიანთი ქმედებებით გვართმევენ ქვეყნის რეაქტიული „შაჰედებისგან“ დაცვის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან შესაძლებლობას, რომელიც გვაქვს“, - დაწერა სერჰი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა.
Starlink-ზე დამოკიდებულია რეაქტიული გადამჭერების მხოლოდ ერთი მოდელი - დრონ-რაკეტა „ბარსი“, - განმარტავს უკრაინის შეიარაღებული ძალების 59-ე მოიერიშე ბრიგადის უპილოტო სისტემების ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ოლექსანდრ კარპიუკი („სერჟ მარკო“). მისი თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ „ბარსი“ მოიერიშე საშუალებაა და გადამჭერების არარსებობის პირობებში სწორედ ის გამოიყენეს პირველად ამ ამოცანის შესასრულებლად.
„ეს ჩვენი „გერან-5-ია", - განმარტავს ოლექსანდრ კარპიუკი, - რადგან დრონის წარმოება უკვე მასშტაბური იყო, მისი გადამჭერად გამოყენება იძულებითი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, სხვა გამოცდილი ნიმუშები კი Starlink-ზე დამოკიდებული საფრენი აპარატები არ არიან“.
რა გამოსავალი არსებობს, თუ Starshield-ი სრულფასოვნად ვერ ამუშავდება?
„ახლა აშშ-ში იარაღის გამოფენაზე ვიმყოფები და აქ დაახლოებით ხუთი ანალოგია წარმოდგენილი. მაგრამ ჩვენს დამრტყმელ საშუალებებზე, რომლებიც საშუალო და შორ მანძილზე მოქმედებენ, კავშირის სისტემების გადასაწყობად გარკვეული დრო დაგვჭირდება“, - ამბობს მიკოლა მელნიკი.
ის სხვა მწარმოებლებს მოუწოდებს, აითვისონ ალტერნატიული ვარიანტები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის საჭირო დრო რუსეთს საშუალებას მისცემს, ნაწილობრივ აღადგინოს თავისი ლოგისტიკა და მორიგი შეტევისთვის მოემზადოს.
მელნიკისგან განსხვავებით, მეორე ექსპერტი Starlink-ის ტექნოლოგიის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
„ეს (Starlink-ი) მართლაც უნიკალური კომერციული პროდუქტია: მასობრივი, იაფი და მარტივი. ყველა ანალოგი გაცილებით ძვირია და ასეთი ფუნქციონალი არ გააჩნია“, - აღნიშნავს ოლექსანდრ კარპიუკი რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში.
მისი თქმით, გამოსავალი რადიოკავშირზე დაბრუნება იქნება. ცხადია, ეს გაცილებით ძვირი დაჯდება, შეზღუდავს მცირე სიმაღლეზე ფრენის შესაძლებლობას და შეამცირებს იაფი, მასობრივი დრონების წარმოების მასშტაბს, „რადგან ფულის ნაწილის დახარჯვა საკმაოდ ძვირადღირებულ რადიომოდულებზე მოგვიწევს“.
„მადლობა Starlink-ს - მან შესაძლებლობების კარგი ფანჯარა გაგვიხსნა და ჩვენ ეს გამოვიყენეთ, - ამბობს ის, - მაგრამ, პირველ რიგში, რუსებმა უკვე დაიწყეს Starlink-ების წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ფართოდ გამოყენება. ანუ იმის გააზრება, რომ ალტერნატივა გვჭირდებოდა, გუშინ არ დაწყებულა. ეს საჭიროება კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც Starlink-ის წინააღმდეგ გამოყენებულმა რადიოელექტრონულმა ბრძოლამ ეფექტიანობა აჩვენა. ანუ რაღაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. და საერთოდ, არ შეიძლება დაეყრდნო საშუალებას, რომლის მუშაობაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეზღუდონ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“, - ამბობს ოლექსანდრ კარპიუკი.
რუსეთს კი Starlink-ის არქონის პრობლემა გადაუჭრა Mesh-ქსელმა, რომელმაც უკრაინის სიღრმეში „FPV-რეჟიმში მოქმედი შაჰედების“ პრობლემა შექმნა. „შექმენით საკუთარი Mesh-ქსელები“, - ასე უპასუხა უკრაინის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურემ რადიო თავისუფლების პროექტის, „დონბას რეალიის“ შეკითხვას.
რას კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად?
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლების წყაროებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს კონტაქტები აშშ-სთან, კომპანია SpaceX-თან და ნატოში პარტნიორებთან.
უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რათა მიეღო Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა - ეს შესაძლებლობას იძლეოდა, კავშირი შეენარჩუნებინათ არა მხოლოდ საშუალო, არამედ შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონებთანაც. ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კვლავ მოითხოვა ტერმინალების მოქმედების არეალის გაფართოება. უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა კი, რომელიც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას აწარმოებდა, 14 ოქტომბერს, საღამოს, დაწერა:
„Starlink-ის მუშაობა 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას აღდგენის პროცესშია. დამრტყმელი და გადამჭერი დრონები კვლავ უნდა აფრინდნენ. ახლა საჭიროა მუშაობა, რათა Starshield-ს სიჩქარის შეზღუდვა საერთოდ მოეხსნას“.
ფედოროვის პასუხად ილონ მასკმა დაწერა, რომ Starshield-ის სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მასზე კი არა, აშშ-ის მთავრობაზეა დამოკიდებული:
„Starshield-ი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება. სიჩქარის შეზღუდვის ან გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს აშშ-ის სამხედროები იღებენ, საბოლოოდ კი - შეერთებული შტატების პრეზიდენტი. Starlink-ი კომერციული მომსახურებაა, რომელიც კომპანია SpaceX-ს ეკუთვნის და მისივე კონტროლს ექვემდებარება. Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი მიზნებით; სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეტევითი სამხედრო მოქმედებებისთვის, რადგან ეს კომერციული კომპანიისთვის მიუღებელი იქნებოდა“, - დაწერა ილონ მასკმა.
მსგავსი განცხადება მასკმა ადრეც გააკეთა, როცა უკრაინამ მოითხოვა ტერმინალების მოქმედების არეალის გაფართოება: ბიზნესმენმა მაშინაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს უნდა მიეღო. ტრამპი კი, თავის მხრივ, ამ საკითხზე პასუხის გასაცემად კიევს მასკთან ამისამართებდა.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში
აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის ორპარტიულმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონგრესს არაერთხელ აღუნიშნავს, რამდენად აუცილებელია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო მხარდაჭერა უკრაინელთა სიცოცხლის დასაცავად. ჯგუფის წევრებმა ასევე შეახსენეს საზოგადოებას, რომ უკრაინისთვის Starlink-ის სისტემაზე წვდომას ვაშინგტონის მოკავშირეები აფინანსებენ.
აშშ-ის ცხრა სენატორისგან შემდგარმა უკრაინის მხარდაჭერის ორპარტიულმა ჯგუფმა მოითხოვა გამოძიების დაწყება სატელიტური სისტემების მუშაობაში შეფერხებების გამო. კიევის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ ევროპელი ოფიციალური პირებიც.
სენატორებმა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის წარმომადგენელმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი), თომ ტილისმა (რესპუბლიკელი), დიკ დერბინმა (დემოკრატი), სიუზან კოლინზმა (რესპუბლიკელი), ჯეკ რიდმა (დემოკრატი), ჯონ კორნინმა (რესპუბლიკელი), კრის კუნსმა (დემოკრატი), ლიზა მურკოვსკიმ (რესპუბლიკელი) და რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატი) - წერილი გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორს და მოითხოვეს გამოძიება კომპანია SpaceX-ის სატელიტური სისტემის, Starshield-ის, მუშაობაში შეფერხებების გამო. ეს სისტემა აშშ-ის მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
„დიდი შეშფოთებით გწერთ უკრაინაში აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების შეფერხებების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. ამ შეფერხებებმა საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის სიცოცხლეს და შესაძლოა, შეასუსტა უკრაინის უნარი, თავი დაიცვას რუსეთის სარაკეტო და დრონებით შეტევებისგან. <…> შეზღუდვები, რომლებიც სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, მიუღებელია; კონგრესი ასეთ ქმედებებს არ შეეგუება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორებმა დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვეს იმის დასადგენად, ხომ არ მიუცია აშშ-ის რომელიმე ოფიციალურ პირს მითითება, ხომ არ დაუმტკიცებია ან ნებადართული გაუხდია მას, ან წინასწარ ხომ არ სცოდნია სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პირობების, გაფრთხილების შესაძლებლობების ან Starlink-ისა და Starshield-ის სერვისების ისეთი ცვლილებების შესახებ, რომლებიც უკრაინას შეეხებოდა.
Starshield-ის შესაძლებლობების შეზღუდვა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში Financial Times-ს განუცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი „საშიშია“. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ დაემორჩილებოდა ტრამპის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ზავს“, რომლის შესახებაც არც რუსეთს და არც უკრაინას ოფიციალური დადასტურება არ გაუვრცელებიათ. ზელენსკის თქმით, უკრაინა განაახლებს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევებს, რადგან მოსკოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ შეუწყვეტია.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის დიზელის ექსპორტზე სანქციები შეამსუბუქა საწვავის ფასების შემცირების მიზნით, 15 ოქტომბერს Newsmax-ს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზელენსკი თანამდებობას დატოვებს.
„ზელენსკი ჩვენთვის კარგი პარტნიორი არ არის, - თქვა ტრამპმა ინტერვიუში, - მას შეთანხმების მიღწევა არ სურს. ამბობს, რომ სურს, მაგრამ სინამდვილეში არ უნდა. არა, ზელენსკის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ“. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ, მისი აზრით, ორივე ლიდერს მშვიდობა სურდა, თუმცა ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთული იყო, ვიდრე მის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან.
ორგანიზაცია American Global Strategies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრ გრეიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი გზავნილები პრეზიდენტ ტრამპისთვის პირადად უნდა გადაეცა.
16 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გრეიმ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება (რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების შესახებ) საფრთხეს უქმნის კიევსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის განხეთქილების გაღრმავებას.
ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის სამთავრობო წრეებიდან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს განუცხადა, რომ უკრაინისთვის აუცილებელია Starlink-ის მუშაობის აღდგენა არანაკლებ 450 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, ზოგადად კი, სისტემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა მუშაობდეს, როგორც ეს ადრე იყო. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი კონტრაქტის საფასურს 2027 წლის აპრილამდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იხდის.
16 ოქტომბერს ბრიუსელში, ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა. მისი თქმით, ახლა დახმარების შეწყვეტის ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო არ არის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კი დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ტრამპის მიერ შეთავაზებულ "ენერგეტიკულ ზავს", თუმცა რუსეთს ის „ერთი წუთითაც არ დაუცავს“. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს.
Starlink-ისა და SBIRS-ის მნიშვნელობა უკრაინისთვის
როგორ აზარალებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის მუშაობის შეზღუდვა და რით შეიძლება ფრონტზე ამ კავშირის რეალურად ჩანაცვლება? როგორ აფიქსირებს რუსული რაკეტების გაშვებას კოსმოსური სისტემა SBIRS-ი, რა მონაცემებს იღებს მისგან აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და რას გადასცემს კიევს? ამ კითხვებით რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულმა ტელეკომპანია The CurrentTime-მა მიმართა სამხედრო ავიაციის უკრაინელ ექსპერტს, კონსტანტინ კრივოლაპს:
„თავისთავად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ით სარგებლობის შესაძლებლობის დაკარგვა კატასტროფას არ წარმოადგენს. მაგრამ ტრამპს ბევრი ისეთი ბერკეტი არ აქვს, რომლებითაც უკრაინას რუსეთის პირობებით ზავის დადებას, ანუ კაპიტულაციას აიძულებდა. მისი აზრით, არსებობს ორი ასეთი ბერკეტი: Starlink-ი და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა, რომელთა გამოყენებაც მას სრულად შეუძლია.
შარშან, თეთრ სახლში ორი პრეზიდენტის შეხვედრის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, ამერიკელებმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა მთლიანად შეუზღუდეს ორი კვირით. იმ დროს ჩვენ სწორედ კურსკის ოპერაციას ვატარებდით და კავშირის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი მხრივ, რუსეთის კავშირს ვახშობდით, მეორე მხრივ კი საჭირო იყო უკრაინული ქვედანაყოფების საიმედო კავშირით უზრუნველყოფა. ამ ყველაფრისთვის Starlink-ს ვიყენებდით. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდნენ, კურსკის ოპერაცია შეეწყვიტათ და მარტში დაესრულებინათ, ნაცვლად აპრილისა, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
ამჟამინდელი მდგომარეობა კი სულ სხვაა, ვიდრე ადრე იყო. ადრე Starlink-ის მუშაობა უკვე 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას წყდებოდა. ამის გამო საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოძრავი უკრაინული მანქანები, რომლებზეც Starlink-ის ტერმინალები იყო დამონტაჟებული, მოულოდნელად კარგავდნენ კავშირს.
ახლა ვითარება ასეთია: რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ფრენა დაიწყეს ასევე Starlink-ების გამოყენებით. ისინი უკრაინულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის დაახლოებით 30 ათას ტერმინალს იყენებდნენ.
ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება: თუ ტერმინალი მაღალი სიჩქარით იმოძრავებდა (იმ დროს ეს ძირითადად დგუშიანი ძრავით აღჭურვილი „შაჰედები“ იყო, რომლებიც საათში 150–180 კილომეტრს ავითარებდნენ) განსაზღვრულ სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ყველა ტერმინალის მუშაობა შეწყდებოდა. ამგვარი გზით, უკრაინას სურდა, რუსეთისთვის დგუშიანი „გერან-2-ების" მართვისას Starlink-ის გამოყენება აღეკვეთა.
ახლა ვითარება შეცვლილია:
I - რუსებმა რეაქტიული „შაჰედებით“ გაცილებით მაღალი სიჩქარით ფრენა დაიწყეს. ამ სამიზნეების გადასაჭერად უკრაინასაც სჭირდება Starlink-ი, რომელიც უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობისას მუშაობს.
II - Starlink-ი საჭიროა იმისთვისაც, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ის უშუალოდ საბრძოლო შეხების ხაზზე, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას გამოიყენონ იმ თვითმფრინავის ტიპის დრონების სამართავად, რომლებსაც უკრაინა აწარმოებს. ამ დრონების სიჩქარე 450 კმ/სთ-მდეა და ისინი რუსეთის ობიექტებს ოპერატიულ სიღრმეში აზიანებენ.
ამ დრონებზე Starlink-ის გამოსაყენებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერმინალები 300 კმ/სთ სიჩქარის პირობებში მაინც უნდა მუშაობდნენ. 14 ოქტომბერს, როდესაც უკრაინის არმიის მეშვიდე კორპუსის მებრძოლები ასეთი დრონებით ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ, მათ კავშირი და, შესაბამისად, დრონებზე მართვა დაკარგეს. შესაძლებელია კავშირის სხვა საშუალებების გამოყენებაც: შეიძლება Mesh-მოდემების გამოყენება, რეტრანსლატორების დამონტაჟება, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო რთული და მოცულობითი კონსტრუქციებია. ამ მხრივ Starlink-ი ძალიან მოსახერხებელია.
- გამოდის, რუსული რეაქტიული დრონების გადასაჭერად 160 კმ/სთ სიჩქარე ამჟამად საკმარისი არ არის და უფრო მაღალი სიჩქარეა საჭირო?
- თუ უშუალოდ გადამჭერზეა დამონტაჟებული Starlink-ი, რათა შესაძლებელი იყოს კამერის გამოყენება, კამერიდან გამოსახულების ფრენის პროცესშივე გადაცემა და ტელემეტრიის გაგზავნა, მაშინ საათში 160 კილომეტრი საკმარისია. საქმე ისაა, რომ Starlink-ი ამ შემთხვევაში ერთიან საინფორმაციო სტრუქტურაში აერთიანებს გადამჭერებსა და მართვის პუნქტის სისტემებს. ამისთვის ასეთი სიჩქარეც საკმარისია. მაგრამ თუ გადამჭერი Starlink-ს ინფორმაციის გადასაცემად იყენებს, მაშინ მას უფრო მაღალი სიჩქარე სჭირდება.
- შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება არ შეუწყვეტია. თუ იყო (ან არის) რაიმე შეზღუდვა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე? საუბარია თანამგზავრებიდან მიღებულ მონაცემებზე? როგორ მუშაობს რუსული რაკეტების გაშვების ადრეული გაფრთხილების სისტემა და როგორ აისახება ეს საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე?
- ვითარება ასეთია: დედამიწა მრგვალია. ამიტომ არსებობს რადიოჰორიზონტი - წარმოსახვითი ხაზი, რომელიც ფაქტობრივად ზღუდავს რადიოლოკაციური სადგურის შესაძლებლობას, აღმოაჩინოს ობიექტები. ჩვენი რადარები, რომლებიც რუსეთის მიმართულებით საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ, მხოლოდ იმ ობიექტებს ხედავენ, რომლებიც რადიოჰორიზონტის ზემოთ იმყოფებიან, ხოლო რაც რადიოჰორიზონტის ქვემოთაა (მათ შორის, С-300-ისა და С-400-ის კომპლექსების გამშვები დანადგარები, რომლებითაც უკრაინას რაკეტებს ესვრიან) უკრაინის არმიისთვის უხილავია. ამიტომ რაკეტის გაშვების მომენტს ვერ ხედავს.
არსებობს კოსმოსური ინფრაწითელი სისტემა - Space-Based Infrared System (SBIRS) - აშშ-ის კოსმოსური ძალების სატელიტური სისტემა, რომელიც ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის მუშაობს და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ადრეული გაფრთხილების მიზნით ინფრაწითელ სენსორებს იყენებს.
ეს თანამგზავრების სისტემაა, რომელიც ფაქტობრივად მთელი პლანეტის ტერიტორიას აკვირდება და ბალისტიკური რაკეტების გაშვების მომენტებს აფიქსირებს: თანამგზავრებზე დამონტაჟებულია მაღალი მგრძნობელობის ინფრაწითელი სენსორები, რომლებიც ინფორმაციას კოსმოსური კავშირის სისტემის საშუალებით პირდაპირ მომხმარებლებს გადასცემენ. როდესაც სენსორები თერმულ ლაქას აღმოაჩენენ, მისი მეშვეობით ადგენენ, რომ ამ ადგილიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ეს თავდაცვას აძლევს დამატებით წამებს, რომლებიც რაკეტის ჩამოსაგდებად აუცილებელია. ამასთანავე, შესაძლებელი ხდება იმის განსაზღვრა, საიდან გაუშვეს რაკეტა, როგორია მისი ტრაექტორია და რა საშუალებით შეიძლება მისი განადგურება.
უკრაინისთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც ამ ინფორმაციის მიღება შეუწყდა. თუმცა შეგვიძლია დანაკლისი სხვა მეთოდებით ავანაზღაუროთ. ეს ისეთი კომფორტული და მოსახერხებელი არ იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტიდან ვისწავლეთ ამ ინფორმაციის სხვა გზებით მიღება, მათ შორის, ევროპელი პარტნიორების დახმარებით.
ფორუმი