Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუბიოს ესაუბრა, ტრამპის წარმომადგენლებთან კი მოლაპარაკებას ოსლოში გამართავს

ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 2026 წლის 6 სექტემბერს იმყოფებოდნენ კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ
ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 2026 წლის 6 სექტემბერს იმყოფებოდნენ კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 ოქტომბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ვიზიტისას მოლაპარაკებას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. ეს ნორვეგიის მთავრობამ დაადასტურა.

მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნორვეგიაში დაგეგმილია ზელენსკის, უიტკოფის და კუშნერის მოლაპარაკება, რომელსაც ავადმყოფობის გამო კუშნერი ონლაინ შეუერთდება.

  • ოსლოში მოლაპარაკებამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტთან უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრას უკრაინის თხოვნით შეუერთდებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები - სტივენ უიტკოფი უშუალოდ ოსლოში, ხოლო ჯარედ კუშნერი დისტანციურად.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, შეხვედრის მიზანია დიპლომატიური ძალისხმევის უფრო კონსტრუქციულ ჩარჩოში დაბრუნება.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების ურთიერთობა ბოლო ხანს ისევ გამწვავდა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.

შედეგი არ მოჰყოლია ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინას შორის გამოცხადებულ ენერგოზავს, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა. თავის მხრივ, უკრაინამ განაახლა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე.

ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება.

ბოლო ხანს უკრაინას შეექმნა რუსული ბალისტიკური რაკეტებით მოსალოდნელი შეტევების შესახებ აშშ-ისგან წინასწარი შეტყობინების მიღებისა და ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემაც.

20 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საგნობრივად ისაუბრეს მნიშვნელოვან საკითხებზე - ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად საჭირო საშუალებებზე, რუსული ბალისტიკით შეტევის შესახებ წინასწარ გაფრთხილებასა და Starlink/Starshield-ის აღდგენაზე. ზელენსკიმ რუბიოს მადლობა გადაუხადა კონსტრუქციულობისთვის.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG