Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის „ბნელი კლარკი“: როგორ ეხმარება AI რუსეთს დასავლეთ ნახევარსფეროზე ზემოქმედებაში

OpenAI-ის შეფასებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აჩვენეს ჰიბრიდული ოპერაციების ახალი დონე - ოპერაციების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნეიროქსელების დახმარებით.
OpenAI-ის შეფასებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აჩვენეს ჰიბრიდული ოპერაციების ახალი დონე - ოპერაციების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნეიროქსელების დახმარებით.

რუსეთი ხელოვნურ ინტელექტს ლათინურ ამერიკაში ფარული გავლენის გასაძლიერებლად იყენებს. OpenAI-ის გამოძიების თანახმად, ოპერაცია „ბნელი კლარკი“ ყალბ ამბებს ავრცელებდა, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებდა და უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობდა.

ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში მუშაობს, ცოტა ხნის წინ გამოავლინა რუსეთის ფარული გავლენის მასშტაბური ქსელი, კოდური სახელწოდებით „ბნელი კლარკი“ (Dark Clark).

OpenAI-ის შეფასებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აჩვენეს ჰიბრიდული ოპერაციების ახალი დონე - ოპერაციების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნეიროქსელების დახმარებით. ამჯერად რუსეთის საინფორმაციო შეტევის სამიზნე გახდა ლათინური ამერიკა - რეგიონი, რომელიც ტრადიციულად მგრძნობიარეა ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის მიმართ.

თანამედროვე საინფორმაციო ომები დიდი ხანია გასცდა სოციალურ ქსელებში მოქმედი „ტროლების ქარხნებისა“ და კოორდინირებული კომენტარების ჩვეულ ჩარჩოებს.

წინა პლანზე გამოდის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რომლებსაც ენობრივი ბარიერების წაშლა, ადგილობრივი საზოგადოებრივი დისკუსიების იმიტირება და ისეთი სტრუქტურების შექმნა შეუძლიათ, რომლებიც წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება პროფესიონალი ანალიტიკოსებისთვისაც კი.

OpenAI-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ შეძლო რუსეთისა და ირანის სპეცსამსახურების მიერ წარმოებული ორი მასშტაბური და გავლენის რთული ოპერაციის დაბლოკვა.

ამ ოპერაციებში, ტრადიციულ მეთოდებთან და ტექნოლოგიებთან ერთად, ასევე იყენებდნენ კომპანიის პროდუქტებსაც, რათა სათანადოდ გაემყარებინათ შენიღბვის საგულდაგულოდ აწყობილი სტრუქტურები, რომელთა მეშვეობით ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამიზნე აუდიტორიებს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ გზავნილებს აწვდიდნენ, ცხადია, რეალური წყაროების დაფარვით.

საინფორმაციო კამპანიებს ლათინურ ამერიკაში, ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) გამოყენებით, რუსეთიდან მართავდა ოპერატორთა ჯგუფი, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუ-ს (ГРУ) ოფიცრებიც შედიოდნენ.

ჯგუფი იყენებდა ChatGPT-ის ნეიროქსელურ მოდელებს - OpenAI-ის გენერირებულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტს. თუმცა, მისი მთავარი დანიშნულება ბანალური სპამის გენერირება კი არ იყო, არამედ ფართო აგენტურული ქსელის დახვეწილი მართვა და დამაზიანებელი ყალბი ინფორმაციის (ფეიკების) შექმნა.

რუსი აგენტების ძალისხმევის მთავარი მიმართულება დასავლეთ ნახევარსფეროში უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა იყო. ამასთანავე, ისინი უშუალოდ ერეოდნენ ისეთი ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, როგორებიცაა არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პერუ, ეკვადორი და პანამა.

„ბნელი კლარკის“ ანატომია

OpenAI-ის გამოძიების თანახმად, ოპერაცია „ბნელი კლარკის“ ფესვები რუსეთის გავლენის კარგად ცნობილ სტრუქტურებში უნდა ვეძებოთ. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა კავშირები აღმოაჩინეს გამოგონილი ანგარიშების ქსელსა და რუსულ ორგანიზაცია „პოლიტოლოგიას“ (რომელიც ვიწრო წრეებში „კომპანიის“ (La Compania) სახელითაც არის ცნობილი) შორის.

ეს სტრუქტურა, ფაქტობრივად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (ე.წ. ტროლების ქარხნის) და სხვა მედია-პოლიტიკური აქტივების ერთ-ერთ მემკვიდრედ იქცა. ყველა ეს აქტივები, თავის დროზე, 2023 წელს დაღუპულმა რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა შექმნა.

ის გარემოება, რომ ოპერატორები ენობრივ მოდელებს რეგულარულად სთხოვდნენ, ესპანურად და პორტუგალიურად ეთარგმნათ, გაეანალიზებინათ და უცხოელი აუდიტორიისთვის აეხსნათ „პოლიტოლოგიისა“ და „ვაგნერის“ შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი პუბლიკაციები, მათი საქმიანობის მიმართულებას ადასტურებს


თუმცა „კომპანიის“ მეთოდებმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადეს. ამ ქსელის ოპერატორების უმეტესობა ფიზიკურად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ხელოვნურ ინტელექტს რუსულ ენაზე ესაუბრებოდა. მხოლოდ ერთი მონაწილე აყალიბებდა მოთხოვნებს რეგულარულად ესპანურად. თუმცა ციფრული კვალი და საქმიანობის დეტალები ცალსახად მიუთითებდნენ, რომ ისიც რუსეთში იმყოფებოდა.

შეზღუდვების გამო, ჰაკერებს მოწინავე დასავლურ ნეიროქსელებზე ლეგალური წვდომა არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი საკუთარი რეალური IP-მისამართების დასამალად კომერციულ VPN-სერვისებს იყენებდნენ.

OpenAI წერს, რომ გავრცელებული სტერეოტიპის საპირისპიროდ, რუსები ხელოვნურ ინტელექტს მილიონობით ყალბი პოსტის ავტომატურად დასაგენერირებლად არ იყენებდნენ. ნეიროქსელი მათთვის სრულფასოვან ციფრულ მდივნად, ანალიტიკოსად და მთარგმნელად იქცა. „კომპანიის“ ოპერატორები ChatGPT-ს სამი ძირითადი ამოცანის შესასრულებლად იყენებდნენ:

  • დეტალური შიდა ანგარიშების შედგენა და რეგულარული განახლება თავისი უცნობი ზემდგომი ხელმძღვანელ-კურატორისთვის;
  • პროპაგანდისტული მასალების ენობრივი დახვეწა და რედაქტირება, მათთვის ადგილობრივი, ავთენტიკური ელფერის (კოლორიტის) მისაცემად;
  • ოპერაციის მთავარი და ყველაზე სახიფათო შირმა-სტრუქტურის, ლათინური ამერიკის „სოციოლოგიური კვლევების ცენტრის“ (Social Research Center) საქმიანობის მართვა და კოორდინაცია.


OpenAI-ის სპეციალისტების შეფასებით, „ბნელი კლარკის“ მთელი კამპანია ისტორიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გავლენის ოპერაციის პირველი შემთხვევაა, რომელიც დეტალურად არის დოკუმენტირებული და ე.წ. „გარღვევის სკალაზე“ შესაძლო ექვსი დონიდან მეხუთე დონეს მიაღწია.

ეს ნიშნავს, რომ შექმნილი ყალბი ინფორმაცია მნიშვნელოვნად გასცდა მარგინალური ინტერნეტ-საზოგადოებების საზღვრებს და მოახდინა ოფიციალური გამოძიებებისა და მინისტრების განცხადებების პროვოცირება; ცალკეულ შემთხვევებში მსოფლიოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საჯარო განცხადებებიც კი გაავრცელეს.

„გარღვევის სკალა“ (IO Breakout Scale) - 2020 წელს ამერიკელი მკვლევრის ბენ ნიმოს შემუშავებული ამ სკალის მთავარი თავისებურება ისაა, რომ გავლენის ოპერაციის ეფექტს აფასებს არა აუდიტორიის განწყობების ძნელად გასაზომი ცვლილებით, არამედ კონტენტის გავრცელების („გარღვევის“ ) ობიექტურად დაკვირვებადი, გადამოწმებადი და აღრიცხვადი მასშტაბით - იმით, თუ როგორ „აღწევს“ ის სხვადასხვა ონლაინპლატფორმამდე, საზოგადოებრივ ჯგუფებამდე და ონლაინსივრცის მიღმა.

„გარღვევის სკალის“ მოდელს აქტიურად იყენებენ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევრები, ანალიტიკური ცენტრები (მათ შორის, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტი) და ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის OpenAI. სკალის მიზანია, განისაზღვროს, რომელ საფრთხეებზეა საჭირო რეაგირების უპირატესად მიმართვა და როგორ უნდა მოხდეს საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებების კოორდინაცია რეალურ დროში.

გარღვევის სკალა, მესიჯის გავრცელება, მოიცავს ექვს თანმიმდევრულ დონეს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

ქვედა ნახევარი (სოციალურ ქსელებში ლოკალური გავრცელება)

კატეგორია 1: ერთი პლატფორმა, გარღვევის გარეშე. ოპერაცია ერთი ონლაინპლატფორმის ფარგლებში რჩება და არ სცდება ერთი კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის ან კამპანიის მიერ შექმნილი ანგარიშების ქსელის საზღვრებს.

კატეგორია 2: ერთი სეგმენტის ფარგლებს მიღმა გასვლა. ნარატივი ვრცელდება ან ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ფარგლებში, თუმცა რამდენიმე პლატფორმაზე, ან რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფს მოიცავს, მაგრამ მკაცრად მხოლოდ ერთი პლატფორმის ფარგლებში.

კატეგორია 3: მრავალი პლატფორმა და საზოგადოებრივი ჯგუფი. კამპანია წარმატებით ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში - მაგალითად, Facebook-ზე, X-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე - და იჭრება ჩვეულებრივი მომხმარებლების საერთო დისკუსიებშიც, რის შედეგადაც იძენს ვირუსულად გავრცელების პოტენციალს.

ზედა ნახევარი (ოფლაინსივრცესა და მეინსტრიმში გასვლა)

კატეგორია 4: გავლენიან მედიაში შეღწევა. საინფორმაციო ოპერაცია სოციალური ქსელების ბარიერს გადალახავს და ტრადიციული, ავტორიტეტული მასმედიის - მეინსტრიმული მედიის დღის წესრიგში ხვდება.

კატეგორია 5: გავლენის მქონე პირების (აზრის ლიდერების) ჩართვა. ნარატივს აიტაცებენ და შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ავრცელებენ ცნობილი საჯარო ფიგურები - გავლენიანი პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები ან მსხვილი აუდიტორიის მქონე ინფლუენსერები. შედეგად, ინფორმაციის გავრცელების მასშტაბი თვისებრივად ახალ დონეს აღწევს.

კატეგორია 6: პოლიტიკური რეაგირება ან ძალადობა. საფრთხის უმაღლესი დონე. ოპერაციას კონკრეტული, რეალური შედეგები მოჰყვება: ოფიციალური რეაგირება საკანონმდებლო ან სამთავრობო დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება ან ქუჩებში ფიზიკური ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებების გაჩენა და ძალადობრივი აქტების განხორციელება.

საფარველი: „სოციოლოგიური კვლევების ცენტრი“ და ნამდვილი ექსპერტები

ოპერაცია „ბნელი კლარკის“ ყველაზე დახვეწილი ელემენტი გამოგონილი ინსტიტუტის შექმნა და მისი გრძელვადიანი დაფინანსებაა. ინსტიტუტი თავს „სოციოლოგიური კვლევების ცენტრს“ (ЦСИ) უწოდებდა. ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ის საკუთარ თავს დამოუკიდებელ „კვლევით პლატფორმად“ წარმოაჩენდა.

ამ სტრუქტურის სამართავად რუსეთის სპეცსამსახურებმა დეტალურად დამუშავებული ციფრული პიროვნება შექმნეს - გამოგონილი ქალი ხელმძღვანელი, სახელად მია კლარკი. სწორედ ამ სახელის მიხედვით უწოდა OpenAI-მ ოპერაციას „ბნელი კლარკი“. „მია კლარკის“ სახელით იმართებოდა სოციალური ქსელების ოფიციალური ანგარიშები, ის ჩართული იყო საქმიანი მიმოწერაში და ურთიერთობდა ადგილზე მომუშავე რეალურ თანამშრომლებთან.

გამოგონილი პიროვნების ბიოგრაფია და როლი იმდენად საფუძვლიანად იყო დამუშავებული, რომ OpenAI-ის ექსპერტები „სოციოლოგიური კვლევების ცენტრს“ გამოგონილი იდენტობის გამოყენებით განხორციელებულ ყველაზე რთულ და ღრმა შენიღბვის მცდელობად მიიჩნევენ იმ ოპერაციებს შორის, რომლებიც საერთაშორისო IT-გიგანტებმა ბოლო 2,5 წლის განმავლობაში აღკვეთეს.

ტაქტიკის უნიკალურობა ის იყო, რომ „ბნელმა კლარკმა“ რეალურ ანალიტიკურ საქმიანობაში ჩართო ლათინური ამერიკის მცხოვრებლები, რომლებსაც ეჭვიც კი არ გასჩენიათ - მათ შორის, პროფესიონალი მკვლევრები, სოციოლოგები და ჟურნალისტები.

რუსი ოპერატორები „სოციოლოგიური კვლევების ცენტრის“ საქმიანობას სრულად აკონტროლებდნენ შიგნიდან. ChatGPT-ისთვის გაგზავნილ მოთხოვნებში მუდმივად ფიგურირებდა კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები - ახალი თანამშრომლების დაქირავება და არაეფექტიანი სპეციალისტების გათავისუფლება, ხელფასების ზუსტი ბადეები, პრემიების ფონდები, მიმდინარე და სამომავლო კვლევითი პროექტების დამტკიცება, ინტერვიუებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების გეგმები.

ცენტრის „საქმიანობაში“ ჩართული ლათინამერიკელი სპეციალისტები გულწრფელად იყვნენ დარწმუნებული, რომ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფონდში მუშაობდნენ. ისინი კეთილსინდისიერად იღებდნენ ინტერვიუებს რეგიონის წამყვანი ექსპერტებისგან, პოლიტოლოგებისა და კომენტატორებისგან, აგროვებდნენ პირველად მონაცემებს და ამზადებდნენ ვრცელ, ხარისხიან მასალებს.

კვლევების თემატიკა ხაზგასმით ნეიტრალური და აკადემიური იყო: BRICS-ის გაფართოების პერსპექტივების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გლობალური ანალიზიდან დაწყებული, დამთავრებული ჟაირ ბოლსონარუსა და ლუის ინასიუ ლულა და სილვას პრეზიდენტობის პერიოდებში ბრაზილიის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დეტალური შედარებითი ანალიზით. მთლიანობაში „სოციოლოგიური კვლევების ცენტრის“ ვებსაიტზე 60-ზე მეტი ორიგინალური და სიღრმისეული სტატია გამოქვეყნდა.

ეს იყო რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ნდობის მოპოვებას ისახავდა მიზნად. განსხვავებით გავლენის სხვა ქსელებისგან, რომლებიც ხშირად სხვის ტექსტებს იპარავენ მოუხერხებლად ან იაფფასიან ყალბ ამბებს ავრცელებენ, ოპერაცია „ბნელი კლარკი“ ავტორიტეტული ანალიტიკური საფარვლის შექმნას ემსახურებოდა.

ლეგიტიმური სტატუსისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით დამყარებული კავშირების წყალობით, საჭირო მომენტში ამ ცენტრს შეეძლო დამანგრეველი დეზინფორმაციის გავრცელების არხად ქცეულიყო - ისეთი დეზინფორმაციისა, რომელსაც რეგიონის წამყვანი მედიასაშუალებები დაიჯერებდნენ.

ეს მეთოდოლოგია ძალიან ჰგავს რუსეთის კიდევ ერთი ოპერაციის, „PeaceData“-ს მუშაობის სქემას, რომელიც ასევე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან. საერთაშორისო პლატფორმებმა, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის Meta-მ, ეს ოპერაცია ჯერ კიდევ 2020 წელს გამოავლინეს და გააუქმეს.

პერუს ექსპერიმენტი: უკრაინისა და პოლონეთის ერთმანეთზე მიქსევა

OpenAI-ის გამომძიებლების შეფასებით, ლათინურ ამერიკაში „ბნელი კლარკის“ ყველაზე წარმატებული და დახვეწილი კამპანია 2026 წლის მაისში პერუში ჩატარებული ოპერაცია იყო.

რუსმა ოპერატორებმა თავდაპირველად დაარეგისტრირეს ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც ვიზუალურადაც და ტექსტობრივადაც არაფრით განსხვავდებოდა პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე განათლების რეგიონული სამმართველოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტისგან. ამ მისამართიდან მასობრივად დაიგზავნა წერილები დედაქალაქის ოლქის სახელმწიფო და კერძო სკოლებში. წერილში მოცემული იყო მკაცრი ადმინისტრაციული მითითება: „კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების ეროვნული დღის აღსანიშნავად, რომელიც 21 მაისს აღინიშნება, სავალდებულოა ყველა კლასში ჩატარდეს სპეციალური თემატური ღონისძიებები და გაკვეთილები უკრაინისადმი სოლიდარობის შესახებ“.

თუმცა მეთოდური მითითებების ტექსტში ჩადებული იყო ფარული მახე. ყალბი ბრძანება მასწავლებლებს პირდაპირ ავალებდა, გაკვეთილების მსვლელობისას არაერთხელ ეხსენებინათ სტეპან ბანდერა - XX საუკუნის უკრაინელი ნაციონალისტი. პერუელი პედაგოგებისთვის ეს სახელი არაფერს ნიშნავდა და მათ ის ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილად აღიქვეს. სინამდვილეში ბანდერა საკამათო ფიგურად მიიჩნევა: თანამედროვე უკრაინაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირად მიიჩნევს, პოლონეთსა და რუსეთში კი მისი სახელი ბევრისთვის კვლავ ასოცირდება რადიკალურ ნაციონალიზმთან, კოლაბორაციონიზმთან და მეორე მსოფლიო ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან.

პერუს სკოლებმა „ხელმძღვანელობის“ ბრძანება შეასრულეს, რის დასადასტურებლადაც ზოგიერთი სკოლის დირექტორმა ყალბ ელექტრონულ მისამართზე მასობრივად გაგზავნა ოფიციალური ანგარიშები, რომლებიც ადასტურებდნენ გაკვეთილების ჩატარებას. ანგარიშებს თან ერთვოდა რეალური ფოტოები, რომლებზეც ბავშვები სტეპან ბანდერას პორტრეტების ფონზე იყვნენ გადაღებული.

ამ მასალების მოპოვების შემდეგ „ბნელი კლარკის“ ოპერატორები გეგმის მეორე ეტაპზე გადავიდნენ. მათ მიაღწიეს იმას, რომ სპეციალურად მომზადებული სტატიები გამოქვეყნებულიყო პერუსა და პოლონეთის მედიასაშუალებებში, ასევე უნგრეთში გამომავალ ინგლისურენოვან გამოცემაში. სტატიების „ავტორები“ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა ლათინური ამერიკის სკოლებში „ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ იდეოლოგიებს ავრცელებს“ და, რომ თითქოს ბავშვებს საკამათო ისტორიული ლიდერების წინაშე „ლოცვას აიძულებს“.

სტეპან ბანდერის ძეგლი უკრაინის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის შენობის ფონზე
სტეპან ბანდერის ძეგლი უკრაინის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის შენობის ფონზე

OpenAI-ის ცნობით, დეზინფორმაციულმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მისმა შედეგებმა ევროპული ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდეც კი მიაღწია. არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა მკაცრი რეაქცია დეზინფორმაციის ხაფანგში გაბმული პოლონელი ევროპარლამენტარისა, რომელიც ოფიციალურად გამოვიდა ინიციატივით, ყველა პირი, ვინც ასეთ „ანტიპოლონურ განწყობებს“ ავლენდა პოლონეთის რესპუბლიკაში გამოცხადებულიყო პერსონა ნონ გრატად.

ასე გამოიყენა რუსეთის კიბერჯგუფმა უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული წინააღმდეგობები თავის სასარგებლოდ და ხელოვნურად გააღრმავა დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე ორ უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს შორის.

„გატაცებული ბრაზილიელი ქალისა“ და ტყვედ ჩავარდნილი ბრაზილიელი კაცის ისტორიები

2026 წლის იანვარში „კომპანიის“ რუსმა ოპერატორებმა შიდა ანგარიშებში დააფიქსირეს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავრცელებენ სრულად გენერირებულ „ტრაგიკულ ისტორიას“, რომლის გმირი გამოგონილი (არ არსებული) ბრაზილიელი ბლოგერი და ტოპმოდელია.

OpenAI-ის ცნობით, დეზინფორმაციული სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ბრაზილიელი ქალი თითქოს ადამიანებით მოვაჭრეთა საერთაშორისო ქსელის მსხვერპლი გახდა. ხელოვნურად შექმნილ მასალებში გამოგონილი გატაცების ორგანიზატორებად პირდაპირ სახელდებოდნენ ბრაზილიაში უკრაინის საელჩოს მოქმედი თანამშრომლები, რომლებმაც, თითქოს მოტყუებით, ქალი კიევში წაიყვანეს. გაყალბებული ისტორია სრულდებოდა ქალის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცნობით.

ამ ყალბი ამბის მიზანი იყო უკრაინის წარმოჩენა, როგორც საშიში, კრიმინალური სახელმწიფოსი, სადაც უკანონობა ყვავის. ამასთანავე, მას ლათინურ ამერიკაში უკრაინის დიპლომატიური მისიების მაქსიმალური დისკრედიტაცია უნდა მოეხდინა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ბრაზილიის რეალურ მოქალაქეზე, რომელიც უკრაინაში გაემგზავრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გასაწევრიანებლად, თუმცა მალევე ტყვედ აიყვანეს რუსეთის ჯარებმა, მოგვიანებით კი გამოიყვანეს რუსეთის ტელევიზიით, სადაც მან განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მოტყუებით ჩაითრიეს.

ოპერატორები, რომლებიც ChatGPT-ის იყენებდნენ, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეს პუბლიკაცია მათი საკუთარი ოპერაციის გზავნილებს იმეორებდა. სინამდვილეში კი მასალაში თავად ტყვედ ჩავარდნილი ბრაზილიელის ვიდეო იყო ციტირებული. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს მიუთითებს „კომპანიის“ ოპერატორების მცდელობაზე, გავლენის ოპერაცია ჩაეტარებინათ საკუთარი თავისთვის - ანუ ზემოქმედება მოეხდინათ საკუთარ დამსაქმებლებზე და არა გარე აუდიტორიაზე.

მიზანმიმართული ქაოსი არგენტინასა და ბოლივიაში

„ბნელი კლარკის“ ოპერატორები ასევე აწარმოებდნენ აგრესიულ, მიზანმიმართულ კამპანიებს ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქმედი იმ ლიდერების წინააღმდეგ, რომელთა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაც მათი კურატორებისთვის მიუღებელი იყო.

მათ სამიზნეში მოხვდა არგენტინის პრეზიდენტი, რადიკალური რეფორმატორი ხავიერ მილეი. OpenAI-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტების მიერ გაანალიზებული შიდა ანგარიშები შეიცავს რუსების დეტალურ აღიარებებს იმის შესახებ, რომ 2024 წელს არგენტინის ლიდერის წინააღმდეგ სულ მცირე ორი მსხვილი, კოორდინირებული კამპანია ჩაატარეს.

პირველი შემთხვევა კლასიკური საინფორმაციო პროვოკაცია იყო, რომელიც მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში პრეზიდენტის რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. რუსებმა შეიმუშავეს და გაავრცელეს ყალბი ამბავი, თითქოს ხავიერ მილეიმ, რომელიც არგენტინელებს მკაცრი ეკონომიისკენ მოუწოდებდა, თავისი საყვარელი ძაღლებისთვის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, Cartier-ს ასტრონომიულად ძვირადღირებული საყელურები შეიძინა. ამ ფეიკის (ყალბი ინფორმაციის) გავრცელების მიზანი სოციალური აფეთქების გამოწვევა და პრეზიდენტის ფარისევლობაში დადანაშაულება იყო.

მეორე ეპიზოდი ციფრულ სივრცეს გასცდა და ბუენოს-აირესის ქუჩებში გადაინაცვლა. ხელმძღვანელობისთვის მომზადებულ ანგარიშებში ოპერატორები ამტკიცებდნენ, რომ ფარულად გადაუხადეს ადგილობრივ ქუჩის მხატვრებს, რათა ბუენოს-აირესის ცენტრალურ უბნებში შენობების კედლებზე მილეის საწინააღმდეგო აგრესიული შინაარსის წარწერები გაეკეთებინათ. მოგვიანებით, „კომპანიის“ შიდა დოკუმენტების გაჟონვის შედეგად, დამოუკიდებელმა მკვლევრებმა ორივე ინციდენტი - ძაღლების საყელურების ისტორია და ქუჩის ვანდალიზმის დაფინანსება - რუსეთის ამ სტრუქტურის საქმიანობას დაუკავშირეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი (მარჯვნივ), ბუენოს-აირესი. 2023 წ. 10 დეკემბერი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი (მარჯვნივ), ბუენოს-აირესი. 2023 წ. 10 დეკემბერი

არანაკლებ სახიფათო თავდასხმები განხორციელდა ბოლივიის სტაბილურობის წინააღმდეგაც. 2026 წლის ივნისში რუსმა ოპერატორებმა ანგარიშებში მიუთითეს, რომ შექმნეს გაყალბებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ადამიანი, რომლის ხმაც სრულად ემთხვეოდა ბოლივიის ცენტრალური ბანკის მაღალი თანამდებობის პირის ხმას, პანიკური ტონით აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ თითქოს გარდაუვალი იყო ბანკომატებიდან და სალაროებიდან ნაღდი ფულის გამოტანაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება და, რომ ეს შეზღუდვა მალე ამოქმედდებოდა.

ამავდროულად, დაამზადეს და გაავრცელეს ყალბი ოფიციალური წერილიც, რომელიც, თითქოს, ბოლივიის ნახშირწყალბადების სახელმწიფო სააგენტოსგან იყო გამოგზავნილი. დოკუმენტი შეიცავდა ცრუ გაფრთხილებას კერძო ავტომობილებისთვის საწვავის გაყიდვაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ.

„კომპანიის“ კიდევ ერთ შიდა ანგარიშში აღწერილი იყო ბოლივიაში მაისის ბოლოს, მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გამწვავებისას გავრცელებული ყალბი ამბავი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანიის, EPSAS-ის, თანამშრომლის ყალბი აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის თითქოს იტყობინებოდა, რომ მთავრობა აპირებდა წყლის მიწოდების შეწყვეტასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ადმინისტრაციულ დედაქალაქ ლა-პასში.

ამ კოორდინირებული შეტევის მიზანი მასობრივი პანიკის გამოწვევა, ბანკების ფილიალებზე თავდასხმების პროვოცირება, ბენზინის ხელოვნური დეფიციტის შექმნა და, საბოლოოდ, ბოლივიაში მასშტაბური სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა იყო. OpenAI ხაზს უსვამს, რომ საბედნიეროდ, ღია წყაროების ანალიზმა აჩვენა: ეს დეზინფორმაციული მასალები ან ოპერატიულად წაიშალა, ან ამ ფეიკ-მასალებმა ვერ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ნახვები იმისთვის, რომ ვითარების დესტაბილიზაცია გამოეწვია.

მანიპულაციები ეკვადორში

„ბნელი კლარკის“ ექსპერიმენტების კიდევ ერთი არეალი ეკვადორია. ივნისში რუსმა ოპერატორებმა ამ ქვეყანაში პერუში გამოყენებული ტაქტიკის მსგავსი მეთოდი გამოიყენეს, თუმცა ამჯერად შინაარსი კიდევ უფრო აბსურდული იყო.

მორიგი ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით, მათ ეკვადორის სკოლებში ადგილობრივი განათლების სამინისტროს სახელით გაგზავნეს ბრძანება, რომლის თანახმად, სკოლებს უნდა მოეწყოთ საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთგულების ფიცს პირადად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დანიელ ნობოას, და ამერიკელი ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის დამფუძნებლის, ერიკ პრინსის წინაშე დადებდნენ. ამ კომპანიას, რომელსაც დღეს Academi ეწოდება, არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს.

ამჟამად Academi-ს მებრძოლები აქტიურად არიან ჩართული ეკვადორში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციებში. მაგალითად, გაზეთი The New York Times დეტალურად აშუქებს ერიკ პრინსის საქმიანობას ამ ქვეყანაში და აღნიშნავს, რომ მისი იქ ყოფნა უკვე იწვევს სკანდალებსა და დაპირისპირებული მხარეების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. გამოცემა წერს პრინსის კონტაქტებზე პრეზიდენტ ნობოასთან, იძიებს წყნარ ოკეანეში მეთევზეებზე განხორციელებულ იდუმალ თავდასხმებს და მიუთითებს, რომ პრინსი საკუთარი მომსახურების გასავრცელებლად მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კერძო სტრუქტურას იყენებს.

შესაბამისად, განათლების სამინისტროს სახელით გავრცელებულმა ამ ყალბმა ბრძანებამ ეკვადორში მშობელთა კომიტეტებისა და მასწავლებლების გულწრფელი აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჩარეულიყო. ყალბმა ამბავმა უზარმაზარი აუდიტორია მოიცვა და ეკვადორის განათლების მინისტრი აიძულა, საჯაროდ გაეკეთებინა ვრცელი, ოფიციალური უარყოფა. ირონიულია, რომ სწორედ მინისტრის ამ იძულებითმა განცხადებამ გაავრცელა ეს შეთხზული ისტორია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ზუსტად ისე, როგორც რუს ორგანიზატორებს სურდათ.

სკოლებისთვის გაგზავნილი წერილების გარდა, ეკვადორზე თავდასხმა ასევე განხორციელდა მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენებითაც. მარტში „კომპანიის“ ოპერატორებმა კიდევ ორი სრულიად განსხვავებული ყალბი ამბის შექმნა აღნიშნეს. პირველ შემთხვევაში, მათ დააგენერირეს თუ დაამონტაჟეს აუდიოფაილი, რომელიც ეკვადორში უკრაინის საპატიო კონსულს მიეწერებოდა. ამ ჩანაწერში დიპლომატი თითქოს უკიდურესად დამცინავი და ამპარტავნული ფორმით საუბრობდა ეკვადორის მოქალაქეებსა და მათ კულტურაზე. ჩანაწერი TikTok-ზე აიტვირთა, თუმცა მას საზოგადოებაში ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია.

მეორე შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში (X, TikTok) გაუშვეს პროფესიონალურად დამონტაჟებული ვიდეორგოლი, რომელზეც ეკვადორის ნამდვილი და ავტორიტეტული საინფორმაციო ტელეარხის ლოგო იყო დატანილი. სიუჟეტში ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტ დანიელ ნობოას ადმინისტრაციამ საიდუმლო შეთანხმება გააფორმა უკრაინულ ფიქციურ კომპანიასთან და, რომ იწყებოდა ახალგაზრდა ეკვადორელი მამაკაცების იძულებით გადაბირება უკრაინის საბრძოლო მოქმედებების ზონაში გასაგზავნად. აპრილის დასაწყისში ამ რგოლით დაინტერესდნენ ადგილობრივი დამოუკიდებელი ფაქტჩეკერები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი აბსოლუტური სიცრუე იყო.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთში მყოფმა „კომპანიის“ ესპანურენოვანმა თანამშრომელმა ChatGPT-ის გადასცა რუსულენოვანი ტექსტი, რომელიც შეიცავდა პრეზიდენტ ნობოას გამოგონილ ციტატას, რომელშიც ის თითქოს უხეშად ლანძღავდა ქვეყნის უღარიბეს ფენებს. ოპერატორმა ხელოვნურ ინტელექტს დაავალა, რომ ეს ტექსტი ესპანური ენის ეკვადორულ დიალექტზე გადაეთარგმნა, ადგილობრივი სლენგისა და მეტყველების თავისებურებების გამოყენებით, რათა ადგილობრივ მცხოვრებლებს ციტატის ავთენტურობაში ეჭვი არ შეჰპაროდათ.

ჰიბრიდული საფრთხეების ახალი ეპოქა

კომპანია OpenAI თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ოპერაცია „ბნელი კლარკის“ წარმატება და მასშტაბი ექსპერტებს მთელ მსოფლიოში, საინფორმაციო სივრცის დაცვის სისტემის სრული გადააზრებისკენ უბიძგებთ. სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი მოქალაქეების „ბრმა იარაღად“ გამოყენება, საფარვლად ორიგინალური კონტენტის მქონე მაღალი ხარისხის ანალიტიკური ცენტრების შექმნა და რეგიონული დიალექტების გათვალისწინებით ხელოვნური ინტელექტის თარგმანის იუველირული სიზუსტე მსგავს კამპანიებს განსაკუთრებულად საშიშს ხდის.

ისინი აღარ გამოიყურებიან კომენტარების სულელურ სპამებად. ახლა ეს ინტელექტუალური ოპერაციებია, რომლებსაც შეუძლიათ მეგობრული სახელმწიფოების ერთმანეთზე წაკიდება, საბანკო სექტორებში პანიკის გამოწვევა და სუვერენული ქვეყნების მინისტრების თავის მართლების პოზიციაში ჩაყენება.

როგორც OpenAI ასკვნის, „ბნელი კლარკის“ მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ გამოცდილი მანიპულატორების ხელში ხელოვნური ინტელექტი ავტომატიზაციის ინსტრუმენტიდან იქცა ადამიანური ვერაგობის ძლიერ გამაძლიერებლად და, რომ ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების სრული გამჭვირვალობითა და მკაცრი საერთაშორისო კონტროლით არის შესაძლებელი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG