„მე არ ვარ მისი მხარდაჭერის წინააღმდეგი. არც მისი მხარდამჭერი ვარ. მე არ ვერევი ისრაელის არჩევნებში“, - განაცხადა ვენსმა ნეთანიაჰუს შესახებ ორშაბათს ჟურნალისტ მარკ ჰალპერინთან ინტერვიუში.
„მე მხარს ვუჭერ ამერიკელ კანდიდატებს და ჩემი ყურადღება (აშშ-ის) შუალედურ არჩევნებზეა მიპყრობილი“, — დასძინა მან.
კვირას ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა თავის მემარჯვენე მოკავშირე ნეთანიაჰუს, რომელიც ისრაელის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეეცდება პრემიერმინისტრის პოსტზე ხელახლა აირჩიონ.
ვენსის თავშეკავებულობა, ჩაერიოს ისრაელის არჩევნებში, განსხვავებულია ევროპული არჩევნებისადმი მის მიდგომასთან.
აპრილში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი ბუდაპეშტში გაფრინდა, რათა მხარი დაეჭირა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის, კიდევ ერთი მემარჯვენე მოღვაწისთვის.
მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის უკიდურესად მემარჯვენე პარტია „AfD“-ის მიმართ, რომლის ლიდერს, ალის ვაიდელსაც გასულ წელს შეხვდა.
ვენსი, რომელსაც ფართოდ განიხილავენ, როგორც ტრამპის სავარაუდო შემცვლელს 2029 წელს, ცნობების თანახმად, წინააღმდეგი იყო ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყებისა, თუმცა მას შემდეგ იგი ამ კამპანიას იცავს.
ვიცეპრეზიდენტმა ასევე მკაცრი განცხადება გააკეთა ისრაელის იმ ოფიციალური პირების მისამართით, რომლებმაც ივნისში აშშ-ირანის ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააკრიტიკეს.
„ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტში ისრაელის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი“, - მოჰყავს AFP-ს ვანსის მაშინდელი განცხადება.
„ისრაელის მთავრობის კაბინეტში რომ ვიყო, თავს არ დავესხმოდი ერთადერთ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც დამრჩა მთელ მსოფლიოში“, - დასძინა ვენსმა.
27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება პირველად სამი წლის წინ ამ ქვეყნის სამხრეთზე თავდასხმის და ღაზის ომის შემდეგ. ისრაელის მოქალაქეთა ნაწილს ომის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამავე დროს აფიქრებთ უსაფრთხოების საკითხები. გამოკითხვებით, ახლა მმართველ მემარჯვენე კოალიციას და მის ოპოზიციას გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ისრაელის არჩევნებისგან თავს შორს დაიჭერს, ტრამპი ზურგს ნეთანიაჰუს უმაგრებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ის არ მიჰყვება დონალდ ტრამპის მაგალითს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის მხარდაჭერის გამოცხადებაში და სურს, რომ ამ პროცესს გვერდიდან ადევნოს თვალი.
ფორუმი