Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეგსეთი უარყოფს პენტაგონის კავშირს უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვასთან

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთი ირწმუნება, რომ პენტაგონს უკრაინისთვის არ შეუზღუდავს თანამგზავრული ინტერნეტით, Starshield-ით(Starlink-ის სამხედრო ვარიანტი) სარგებლობა. გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, ბრძანება ილონ მასკმა გასცა.

პიტ ჰეგსეთმა 20 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს გამოყენების პირობები, რომლებიც დაცული უნდა იყოს, ამიტომ Starlink-ს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, მათი აზრით, არაფერი შეცვლილა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თანახმად, არანაირი მითითება არ გაუციათ და უკრაინელებს წარმატებას უსურვებენ.

  • ოქტომბრის შუა რიცხვებში უკრაინას შეექმნა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემა. უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.
  • კიევმა არ გაიზიარა ვერსია, რომ პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო და ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდვასთან კავშირი უარყვეს.
  • SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ილონ მასკის ბრძანება?

ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინაში Starshield-ის სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით შეზღუდეს.

გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მასკი ცალმხრივად მოქმედებდა და მისთვის პრეზიდენტ ტრამპს არანაირი მითითება არ მიუცია, თუმცა სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე მასკს კონსულტაციები ჰქონდა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ტრამპთან.

ამ ინფორმაციის გამო კომპანია SpaceX-ს და თეთრ სახლს 20 ოქტომბერს კომენტარისთვის მიმართა სააგენტო Reuters-მა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

  • ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს წერდა, რომ უკრაინაში Starshield-ის შენელება ტრამპს მასკმა შესთავაზა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც პენტაგონმა ლიმიტი შემოიღო.

უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვას წინ უძღოდა ურთიერთობის გამწვავება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.

ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. ტრამპის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG