Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტიის საერთო სარჩელიდან გამოყოფის საკითხი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 7 მოსამართლეობის შემადგენლობით, არ დააკმაყოფილა პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის სარჩელიდან მათი საქმე გამოყოფილად განხილულიყო. გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, გამოაცხადა.

„გადაწყვეტილება კონკრეტული მოპასუხის მიმართ მიიღება იმ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც მას მიემართება და არა სხვას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკრეტული მოპასუხის მიმართ არ იქნება საკმარისი, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლო ვერ გამოიტანს ნეგატიურ გადაწყვეტილებას“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ.

გუშინ, 20 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ, საქმის ცალკე გამოყოფის მიზეზებზე ისაუბრა:

„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს“.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG