Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტია მოითხოვს, საკონსტიტუციომ მათი აკრძალვის საკითხი ცალკე განიხილოს

„ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. ბოიკოტისტებს, რაც, თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა“, - ბერდია სიჭინავა.
„ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. ბოიკოტისტებს, რაც, თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა“, - ბერდია სიჭინავა.

საქართველოს ექსპრემიერის, უცხოეთში მყოფი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი აკრძალვის საკითხი ცალკე, დანარჩენი ოთხი პოლიტიკური გაერთიანებისგან გამოყოფილად განიხილოს.

20 ოქტომბერს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ ის არის „ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია“:

„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს“, - თქვა მან.

გახარიას პარტიის არგუმენტები

ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს „მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში“.

„ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. ბოიკოტისტებს, რაც, თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა“, - თქვა მან.

სიჭინავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნა „აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“.

გიორგი გახარია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, 2025 წლიდან საზღვარგარეთ იმყოფება
გიორგი გახარია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, 2025 წლიდან საზღვარგარეთ იმყოფება

„[ეს] არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება“, - თქვა მან.

ბერდია სიჭინავამ იქვე დააზუსტა, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში მონაწილეობას მიიღებს - „რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას“.

საკონსტიტუციოში სხდომები 21 ოქტომბერს იწყება

საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა - რასაც ოპოზიცია დიქტატურის დაკანონების მცდელობად მიიჩნევს - 21 ოქტომბერს დაიწყება.

სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.

„ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.

ოპოზიციური პარტიები სასამართლო განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციებს აანონსებენ როგორც ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ისე თბილისში.

  • ოთხი დეპუტატი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ, არიან: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძემ დატოვა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG