მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი."
"თუ ვინმეს შეუძლია, რომ დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე "ქართული ოცნების" ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ", - ამბობს ის და აქვე აკრიტიკებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას "გახარია საქართველოსთვის". ამ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ითხოვდნენ მათი საქმე ცალკე განხილულიყო - მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. სასამართლო განხილვის პარალელურად ამ პარტიის წევრები სოციალურ ქსელებში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ცინიკურ მოსაზრებებს წერდნენ.
"იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა, არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს, აქ რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება.
მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
5-წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.
ფორუმი