Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

საქართველო "ფრიდომ ჰაუსის" (Freedom House) ინტერნეტის თავისუფლების კვლევაში (Freedom on the Net) პირველად 2009 წელს მოხვდა. „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.
საქართველო "ფრიდომ ჰაუსის" (Freedom House) ინტერნეტის თავისუფლების კვლევაში (Freedom on the Net) პირველად 2009 წელს მოხვდა. „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.

Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

ონლაინაქტივიზმისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვა - ამერიკულმა ორგანიზაციამ, ამ ორი მიზეზით შეცვალა საქართველოს კატეგორია.

რატომ დაკარგა საქართველომ „თავისუფლების“ სტატუსი?

"ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით (ეს არაკომერციული ორგანიზაცია მსოფლიოში დემოკრატიის, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას იკვლევს), საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.

ამ ქულებით ქვეყანა „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. წინა შეფასებით საქართველო „თავისუფალ“ ქვეყნებს ეკუთვნოდა.

„საქართველოს სტატუსი „თავისუფლიდან“ „ნაწილობრივ თავისუფალზე“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება განაგრძობდა ონლაინაქტივიზმისა და იმ გამოხატვის შეზღუდვას, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ კრიტიკულად აღიქმებოდა,“ - ეს შეფასება ანგარიშის შესავალში მოხვდა, იქ, სადაც ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მიმოიხილავს.

Freedom House-ის ანგარიში: „თავისუფლება ინტერნეტში 2026: ტექტონიკური ცვლილებები გლობალურ ინტერნეტში“ (Freedom on the Net 2026: Seismic Shifts on the Global Internet), მოიცავს პერიოდს 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 31 მაისამდე.

საქართველო Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების კვლევაში (Freedom on the Net) პირველად 2009 წელს მოხვდა. „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა.

როგორ იცვლებოდა საქართველოს სტატუსი?

  • 2009–2011 წლებში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

Freedom House-ის 2009 წლის ანგარიშში საქართველო უკვე იყო შეფასებული. 2011 წლის ანგარიშშიც ქვეყანა „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაში რჩებოდა.

  • 2012–2025 - საქართველო თავისუფალი ქვეყნების სტატუსს ინარჩუნებს

2012 წელს საქართველო პირველად გადავიდა „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში და ეს სტატუსი 2025 წლის ანგარიშის ჩათვლით შეინარჩუნა, ანუ 14 წელიწადის განმავლობაში.

  • 2026 წელს საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში ბრუნდება

2026 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ წინა წელთან შედარებით 2 ქულა დაკარგა და ჩამოქვეითდა.

2022 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება: ქულები 78-დან 2026 წლისთვის 68 ქულამდე ჩამოვიდა.

Freedom House-ის მეთოდოლოგიით, „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსისთვის საჭიროა 70-დან 100 ქულამდე შეფასება, ხოლო 40-დან 69 ქულამდე მაჩვენებელი „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიას შეესაბამება.

საქართველო რეგიონულ რეიტინგში

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო ევრაზიის რეგიონის ქვეყნებთან ერთად არის შეფასებული.

ქვეყანაქულასტატუსი
საქართველო68ნაწილობრივ თავისუფალი
უკრაინა64ნაწილობრივ თავისუფალი
ყირგიზეთი45ნაწილობრივ თავისუფალი
ბელარუსი21არათავისუფალი
რუსეთი16არათავისუფალი

საქართველო ამ რეგიონულ ჯგუფში ყველაზე მაღალ შეფასებას ინარჩუნებს, თუმცა მისი სტატუსი გაუარესებულია.

რას აფასებს Freedom House?

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი მხოლოდ ინტერნეტთან ტექნიკურ წვდომას არ ზომავს. ორგანიზაცია ქვეყნებს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

1. ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებები

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ბარიერები; ინტერნეტის გათიშვა; კონკრეტული აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების დაბლოკვა; ინტერნეტპროვაიდერებზე სახელმწიფოს კონტროლი და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა.

2. ონლაინკონტენტის შეზღუდვა

ვებგვერდების დაბლოკვა, ცენზურა და თვითცენზურა, ონლაინსივრცის მრავალფეროვნება, კონტენტის სამართლებრივი რეგულირება და ციფრული საშუალებებით მოქალაქეთა მობილიზების შესაძლებლობა.

3. ინტერნეტმომხმარებელთა უფლებების დარღვევა

გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი შეზღუდვები, თვალთვალი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ონლაინაქტივობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა, შევიწროება, ფიზიკური თავდასხმები და კიბერშეტევები.

ინტერნეტის თავისუფლების შეფასება მოიცავს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი, არამედ იმასაც, რამდენად უსაფრთხოდ და თავისუფლად შეუძლიათ მოქალაქეებს ონლაინ მოსაზრებების გამოხატვა.

ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლება გლობალურად ზედიზედ მე -16 წელია უარესდება.

2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისამდე ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა შეფასებული 38 ქვეყნიდან 16-ში, ხოლო გაუმჯობესდა - რვა ქვეყანაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაუარესება ირანში მოხდა. ირანი ჩინეთსა და მიანმართან ერთად ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე არათავისუფალი ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა.

ყველაზე თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყანა ესტონეთია.

„ინტერნეტის ფორმა იცვლება იმის შედეგად, რომ სხვადასხვა იდეოლოგიური შეხედულების მთავრობები ხალხს ახალ ბარიერებს უქმნიან ინფორმაციაზე წვდომასა და ონლაინ აზრის გამოხატვაზე“ - წერია Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშში.

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ ავტორიტარული ხელისუფლებები სულ უფრო ქმედითად ცდილობენ მოსახლეობის გლობალური ინტერნეტისგან იზოლირებას და რიგ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც.

კონკრეტული საქმეები საქართველოდან

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს სტატუსის გაუარესების მიზეზად ონლაინაქტივიზმისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვა სახელდება, თუმცა ანგარიშში არ არის დასახელებული კონკრეტული შემთხვევები.

ორგანიზაციის საანგარიშო პერიოდში Facebook-პოსტების გამო ათასობით ლარით დააჯარიმეს პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი, აქტივისტი ანა სუბელიანი, ჟურნალისტები - მიშა მშვილდაძე, ვახო სანაია, დეა მამისეიშვილი.

2025 წლის თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდა, რომელიც სჯის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სიტყვიერი შეურაცხყოფას. ამ ნორმის საფუძველზე დაიწყო 2025 წლის ივნისში არაერთი საქმის განხილვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო.

2026 წლის 18 მაისს კი ხელისუფლებამ ონლაინ საჯარო კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის ახალი სამმართველოს შექმნა დააანონსა. იმ დროს ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მექანიზმი სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ ისახავდა მიზნად. უფლებადამცველებმა კი ინიციატივა ცენზურის რისკის შემცველად შეაფასეს. ეს განცხადებაც Freedom House-ის საანგარიშო პერიოდში გაკეთდა.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG