Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უიტკოფი ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგის შეხვედრებზე: გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის

პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი. 2026 წლის 20 ოქტომბერი, ოსლო, ნორვეგია.
პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი. 2026 წლის 20 ოქტომბერი, ოსლო, ნორვეგია.

"ეს დისკუსიები იყო კონსტრუქციული და გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ტექნიკურ დონეზე", - დაწერა 21 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილმა სტივ უიტკოფმა.

ის აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავაც "მდგრადი" მშვიდობისთვის იღვწის:

"იმ ფონზე, რომ საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მოწადინებულია ომის დასრულებისთვის და ყოვლისმომცველი, მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, რომელიც მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს".

სტივ უიტკოფი 20-21 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქსა და რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში "ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის მისიის პროგრესისთვის" გამართულ შეხვედრებს დადებითად აფასებს და აგრეთვე მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის მოქალაქის - სტივ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.

"სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესის განსავითარებლად, სამშვიდობო ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გამო".

სტივ უიტკოფმა პირისპირ, ჯარედ კუშნერმა კი დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრებში. ოსლოში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG