"არ ვაპირებთ ამ თემაზე თავდაცვით პოზიციაში ვიყოთ, რადგან, აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, მათ შორის - ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ახლა უკრაინა არ იქნებოდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა", - განაცხადა ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელსაც ჟურნალისტებმა კვლავ დაუსვეს შეკითხვები უკრაინისთვის "სტარლინკის" სავარაუდო გათიშვაზე. რუბიომ აგრეთვე განმარტა:
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღინიშნოს, რადგან ისინი ძალიან მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და არაჩვეულებრივ რაღაცება აკეთებენ მათთვის გაწეული დახმარებით, წინააღმდეგობას უწევენ დიდ - მათზე ბევრად დიდ ქვეყანას".
თავდაპირველად რუბიოს შეკითხვა დაუსვეს "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ "ილონ მასკმა მიიღო გადაწყვეტილება Starshield-ის ჩახშობაზე" - "იცოდით ამის შესახებ?". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ ილაპარაკა Starlink-სა და Starshield-ს შორის განსხვავებაზე:
„კვლავაც გაუგებრობაა. ეს ორი სხვადასხვა პროგრამაა. Starlink-ი არის კომერციული - როცა შენი სახლის სახურავზე აყენებ მიმღებს და ის გამოიყენება კომერციული მიზნებით. ეს არ არის სამხედრო სისტემა, თუმცა ის შესაძლებელია გამოყენებული იყოს დრონების მართვისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის. Starshield-ი სხვაა. ეს არის უნიკალური თავდაცვითი პროდუქტი, რომელსაც ყიდის და რომლის ოპერატორიც არის ომის დეპარტამენტი. ეს ორი სხვადასხვა რამ არის და მნიშვნელოვანია ისინი განვასხვავოთ ერთმანეთისგან.
არ მინახას „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაცია, არ წამიკითხავს... მაგრამ, Starlink-ი არის კერძო კომპანია. მათ აქვთ საკონტრაქტო პირობები იმის თაობაზე, როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია კერძო კომპანიას მივუთითოთ რა გადაწყვეტილება მიიღოს ან არ მიიღოს. დარწმუნებით რაც შემიძლია გითხრათ - არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც არავის ჩვენი სისტემიდან არასდროს მოუთხოვია რამე ცვლილება ამ სისტემაში და ეს არაერთხელ გავიმეორეთ".
რაც შეეხება სისტემის გათიშვაზე წინასწარ ცოდნას, მარკო რუბიომ საჭიროდ არ ჩათვალა ამაზე პასუხის გაცემა:
"საკმარისია იმის თქმა, რომ ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა მათ უარს ეუბნებოდა იმაზე, რაც თავიანთი ქვეყნის თავდაცვისთვის სჭირდებოდა, არ არის სიმართლე. ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. და არც უკრაინის ლიდერების მიერ ამაზე ლაპარაკის გაგრძელებაა ზუსტი.
არ ვიცი, უკრაინის მთავრობის რომელი მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა იმის შედეგად, რაზეც ამერიკა მათ უარს ეუბნებოდა.
არა მხოლოდ უარს არ ვეუბნებით… რამდენი მილიონი ადამიანი გადარჩა იმის გამო, რაც ამერიკამ უკვე მიაწოდა [უკრაინას]? ბოლო ოთხნახევარზე მეტი წლის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად არავის გაუკეთებია აშშ-ზე მეტი, ტრამპის ადმინისტრაციის ჩათვლით და ეს ასეც გრძელდება. თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტს სურს ამ ომის დასრულება. ამაზეა ის კონცენტრირებული".
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "არაფერი აკავშირებს Starlink-ისა და Starshield-ის ან მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ეს კერძო კომპანიაა. პრეზიდენტი არ მართავს ამ კომპანიას და არ შეუძლია რაიმეს გაკეთებაზე მიუთითოს კომპანიას.
როცა მათ აქვთ კონტრაქტი აშშ-ის სამხედრო ძალებთან, Starshield-ის შემთხვევაში, ეს სხვა საქმეა, რადგან ამას ჩვენ მათგან ვყიდულობთ და ჩვენთვის ვიყენებთ. Starlink-ის შემთხვევაში, ჩვენ ვკამათობთ იმაზე, რაც უაზრობაა - ადამიანები კვლავაც განაგრძობენ ისე გამოიყვნონ, რომ წინასწარ ვიცოდით ან [გათიშვის - რ.თ.] მითითება გავეცით. ის, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით ან რამე გზით მითითება მივეცით, არ არის ზუსტი ინფორმაცია.
მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაწეული მილიარდობით აშშ დოლარის დახმარება, დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციიდან გაგრძელებული ახლანდელი ადმინისტრაციის მიერაც".
მარკო რუბიომ ილაპარაკა G20-ის ოქტომბრის ბოლოს ატლანტაში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალსა და დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ სამიტში რუსეთის მონაწილეობაზე. სახელმწიფო მდივნის პასუხი:
"რუსები მოწვეულები არიან G20-ში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, ცხადია ისინი წარმოდგენილები იქნებიან ყოველ ასეთ სამიტზე. არ ვიცი, ის [ლავროვი - რ.თ.] თავად ჩამოდის თუ არა. მოველი, რომ ალბათ ჩამოვა. ისინი არიან G20-ის წევრები და შესაბამისად, იქნებიან შეხვედრაზე. ვიცი, რომ აშკარად არსებობს პოტენციალი, რომ პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს მაიამიში [G20-ის სამიტზე - რ.თ.], თუმცა დასტური არ გვაქვს".
სახელმწიფო მდივანმა ვრცელი პასუხი გასცა შეკითხვას უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების შესახებ:
"არ ვცდილობ გადაჭარბებულად იოლად წარმოვაჩინო ეს მოლაპარაკებები, რადგან ეს ძალიან კომპლექსური ომია ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ამ ყველაფრის ცენტრში ახლა არის დონბასის ნაწილი, რომელსაც რუსეთი მოითხოვს, მაგრამ ვერ ახერხებს ბრძოლით მის დაკავებას და ახლა ის უკრაინას უკავია და ამას ძალიან მამაცურად აკეთევს ყველა ეჭვისა და ბევრი პროგნოზის მიუხედავად. გაიხსენეთ, ხალხი წინასწარმეტყველებდა, რომ ეს ომი ხუთ დღეში დასრულდებოდა და მეხუთე წელია გრძელდება, რაშიც დიდი წვლილი უკრაინელ მებრძოლებს, მათ სიმამაცესა და მძიმე ბრძოლას მიუძღვის.
ახლა ბრძოლა მართლაც კონცენტრირებულია იმაზე რა მოუვა დონბასის დარჩენილ ნაწილს და ვფიქრობ - წარმოდგენილია რაღაც კრეატიული იდეები განსხვავებების მოგვარების გზებზე, თუმცა ცხადია, უნდა იყოს ისეთი იდეა, რომელსაც ორივე მხარე უნდა დათანხმდეს - რომ რაღაც დათმოს, რაზე საუბარიც ყოველთვის ძალიან რთულია. უკრაინისთვის უპირატესი სურვილია გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომ იქ აღარასდროს შეიჭრნენ და მომავალში თავს აღარავინ დაესხას".
რუბიოს სიტყვებით, მხარეთა პოზიციების შეჯერებას ცდილობს სტივ უიტკოფი, რაც ძალინ რთულია:
"ეს ომი ადვილად მოსაგვარებელი რომ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა".
21 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ერთი დღით ადრე ნორვეგიის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მის შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. დონალდ ტრამპის მეორე მომლაპარაკებელი ჯარედ კუშნერი როგორც ნორვეგიაში, ისე რუსეთში გამართულ შეხვედრებში დისტანციურად ჩაერთო, ავადმყოფობის გამო.
ფორუმი