Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში

გერმანიის პოლიციამ დააკავა უკრაინელი კაცი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობა „სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციის“ მოპოვების მიზნით, - განაცხადა ფედერალურმა პროკურატურამ.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინის სიახლოვეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები კიდევ იქნება. პროკურატურის თანახმად, პირი, რომელიც „ვადიმ ი.-ს“ სახელით მოიხსენიება, სავარაუდოდ, აგროვებდა „დეტალებს ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების შესახებ, ასევე ინფორმაციას პერსონალსა და სამხედრო ობიექტებზე იმ ადგილებში, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“.

იგი ბერლინის აღმოსავლეთით, ბრანდენბურგის მხარის ოდერ-შპრეეს (Oder-Spree) რაიონში, ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურმა დააკავა, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (BfV) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - იტყობინება პროკურატურა.

„სულ მცირე, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, ვადიმ ი. შუამავლის მეშვეობით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კონტაქტში იმყოფებოდა“, — ნათქვამია პროკურორების განცხადებაში.

„რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, იგი აღნიშნული სადაზვერვო სამსახურისთვის გერმანიაში სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციას აგროვებდა“.

იგი აგროვებდა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, თუმცა, სხვა სადაზვერვო მონაცემების მოპოვების მიზნით, „ევროპული თავდაცვის მრეწველობის კონკრეტულ წარმომადგენლებსაც“ იღებდა მიზანში, - დასძენს პროკურატურა.

გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან რუსეთის შეკავების მიზნით, საკუთარი სამხედრო პოტენციალის აღდგენაში რეკორდული თანხები ჩადო.

გერმანიის კანცლერმა მონტენეგროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეჭვმიტანილის დაკავება წარმატებად შეაფასა:„გერმანია ინტენსიური სადაზვერვო საქმიანობის სამიზნეა. ამ თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ეს საქმე დღეს გამოვლინდა, წარმატებაა“.

ბერლინმა არაერთხელ დასდო ბრალი მოსკოვს ჯაშუშობის, დივერსიებისა და სხვა ძირგამომთხრელი ქმედებების "ჰიბრიდულ" კამპანიაში. მოსკოვი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა, ამ თვეში კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთის გამოუცხადებელი „ჩრდილოვანი ომი“ გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიდევ უფრო მწვავდება და „ახალ, უფრო სახიფათო ხასიათს იღებს“.

„არსებობს საფრთხე, რომ გერმანია რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩაითრიონ“, - აღნიშნა მან ბერლინში, პარლამენტის სადაზვერვო საქმიანობის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენაზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG