გასულ კვირას გადაღებულ ვიდეოზე ჩანან ნიღბიანი ისრაელელი მოსახლეები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ფოტორეპორტიორს, ჰეიდი ლევინს, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა მიერ ზეთისხილის მოსავლის აღების პროცესს აშუქებდა Washington Post-ისთვის და ემოსა პრესის აღმნიშვნელი ქურთუკი.
შაბათს, დასავლეთ ნაპირის სხვა ნაწილში ნიღბიანი მოსახლეები თავს დაესხნენ ფრანგ, ბელგიელ და პოლონელ დიპლომატებსა და საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერს.
10 ეჭვმიტანილი მას შემდეგ დააკავეს, რაც შეერთებულმა შტატებმა — ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ — ლევინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მოსახლეთა ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეების დაკავებისკენ მოუწოდა ისრაელს. საფრანგეთმა, ბელგიამ და პოლონეთმა ასევე მოუწოდეს ისრაელს, სადაც მომავალ კვირას საპარლამენტო არჩევნები იმართება ქმედითი ზომების მიღებისკენ.
მემარჯვენე იურიდიულმა ორგანიზაცია Honenu-მ ოთხშაბათს გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იერუსალიმის სასამართლომ 10-დან ცხრა ეჭვმიტანილის შინაპატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დარჩა პატიმრობაში. მათი თქმით, ძალადობრივი ინციდენტების გამოძიება გრძელდება.
ასეთი დაპატიმრებები იშვიათია. ისრაელის რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მებრძოლი მოსახლეების თავდასხმების უმეტესობა დაუსჯელი რჩება.
„პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების დიდი უმრავლესობის შემთხვევაში, დაპატიმრებები საერთოდ არ ხდება. იმ შემთხვევებში, რომლებიც მედიაში გაშუქდება... პოლიცია აპატიმრებს რამდენიმე მოსახლეს და მათ უმეტესობას მალევე ათავისუფლებს“, - თქვა იონათან კანონიჩმა, ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის Yesh Din-ის კვლევის ხელმძღვანელმა.
ეს ბოლო თავდასხმები პალესტინელთა მიერ ზეთისხილის მოსავლის აღების პერიოდში, რადიკალურად განწყობილი ისრაელელი მოსახლეების მხრიდან ძალადობის მზარდი ტალღის ფონზე განხორციელდა.
Yesh Din-ის მონაცემებით, სეზონის დაწყებიდან გასული 24 დღის განმავლობაში, პალესტინელებზე, რომლებიც ზეთისხილის მოსავალს იღებდნენ, 125 ფიზიკური თავდასხმა აღინუსხა.
თავდასხმები ხშირად გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც მოსახლეები პალესტინელებს ქვებს ესვრიან, ფიზიკურად უსწორდებიან, ზოგჯერ კი ცეცხლსაც ხსნიან. თავდასხმის შემდეგ ლევინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თითზე ოპერაცია ჩაუტარდა.
პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციის ცნობით, წლის დასაწყისიდან ისრაელელმა მოსახლეებმა, სულ ცოტა, 30 პალესტინელი მოკლეს.
პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის პერიოდში დასახლებების სწრაფი გაფართოება მოხდა. გაეროს სტრუქტურები და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ომის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებები უკანონოა - სამხედრო ოკუპაციის შესახებ არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად.
ისრაელი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნულ ტერიტორიას არა ოკუპირებულ, არამედ სადავო ტერიტორიად მიიჩნევს.
ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთი იერუსალიმის გარდა, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობს სამი მილიონი პალესტინელი, ასევე 490 ათასამდე ისრაელელი, რომლებიც, გაეროს თანახმად, საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაფუძნებულ დასახლებებში ბინადრობენ.
ფორუმი