ისრაელის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები მოსახლეების მხრიდან თავდასხმებში, რასაც მოჰყვება პალესტინელების დაღუპვა, დაშავება და იძულებით გადაადგილება, ისრაელის უსაფრთხოების ძალები კი მოსახლეების დაცვას უზრუნველყოფენ, - ნათქვამია გაეროს მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საგამოძიებო კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ შექმნილ დაუსჯელობის ატმოსფეროში, ხელი შეუწყო ისრაელელი მოსახლეების თავდასხმებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინა როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელების წინააღმდეგ. ჰამასი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა გამოცხადებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელელი მოსახლეების თავდასხმები პალესტინის სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე 2023 წლიდან 130%-ით გაიზარდა, მათ შორისაა ნიღბიანი თავდამსხმელების ჯგუფების მონაწილეობით განხორციელებული ინციდენტები. გაეროს ანგარიშის ავტორების თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების ძალები რეგულარულად ახლდნენ მოსახლეებს და მათთვის ძალადობისგან დამცველი ფარის როლს ასრულებდნენ.
ჟენევაში ისრაელის მისიამ უარყო ანგარიშის დასკვნები და ორგანიზაცია ჰამასის მებრძოლებსა და ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას შორის „ყალბი მორალური პარალელის“ გავლებასა და, როგორც მან უწოდა, დაუსაბუთებელ ბრალდებებზე დაყრდნობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ დაგმო პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი მისიაა უსაფრთხოების შენარჩუნება და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება, რომ ის გმობს „ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას“ და რომ ისრაელელი ჯარისკაცების ნებისმიერი სავარაუდო გადაცდომა საფუძვლიანად განიხილება. ისრაელის და პალესტინელთა უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ასეთი გამოძიებები იშვიათად მთავრდება დასჯით. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა, ისევე როგორც ჰამასმა, კომენტარის გაკეთების შესახებ მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
ასობით ათასი ისრაელელი მოსახლე მილიონობით პალესტინელთან ერთად ცხოვრობს ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს დაპყრობილ მიწაზე. მსოფლიო თანამეგობრობის სახელმწიფოთა უმეტესობა ასეთ დასახლებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. ამ პოზიციას მხარს უჭერს გაეროს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის გადაწყვეტილებაც. ისრაელი ამას ედავება და ამ მიწასთან ისტორიულ და “ბიბლიურ კავშირებს” ასახელებს.
გაეროს მონაცემებით, გასულ წელს, სულ მცირე, შვიდი პალესტინელი დაიღუპა და 832 დაშავდა, ძალადობა კი 2026 წელს თითქმის ყოველდღიური თავდასხმების სახით გრძელდება.
„ისრაელის უსაფრთხოების ძალების მზარდი მონაწილეობა მოსახლეების თავდასხმებში, მოსახლეებსა და ჯარისკაცებს შორის განსხვავების ფაქტობრივად წაშლას ნიშნავს“, - ნათქვამია ანგარიშში.
იქვე წერია, რომ ასეთი ძალადობა გამოიყენება სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, მათ შორის უკანონო ოკუპაციის, პალესტინელების იძულებით გადაადგილებისა და პალესტინის ტერიტორიების ანექსიის მიზნით.
კომისიამ აღნუსხა მოსახლეების მიერ პალესტინელ ბავშვებზე თავდასხმის, გატაცებისა და ძალადობის შემთხვევები. 2025 წლის 19 აპრილს მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს 12 წლის გოგონა და მისი სამი წლის ძმა დანის მუქარით გაიტაცეს, ზეთისხილის ხეების ბაღში მიათრიეს და პლასტმასის ბორკილებით ხეზე მიაბეს, სანამ მათი ოჯახი არ ჩაერია.
კომისიამ ასევე განაცხადა, რომ მოსახლეები შიშის დათესვის მიზნით სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ ან სჩადიოდნენ ძალადობას და პალესტინელ ქალებს ავიწროებდნენ.
„ისრაელელი მოსახლეების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ყოველდღიური, დაუნდობელი თავდასხმები აუტანელია და ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ს. მურალიდარმა, ინდოელმა ყოფილმა უფროსმა მოსამართლემ. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე დასახლებებისა და საგუშაგოების დემონტაჟისა და ძალადობის შეზღუდვის მიზნით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პერიოდული დაგმობისა და ზოგიერთი უკანონო საგუშაგოს გაუქმების მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლებამ არ მიიღო მდგრადი ზომები თავდასხმების შესაჩერებლად.
ვასელ აბუ იუსეფმა, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, რომელსაც გაერო პალესტინელების წარმომადგენელ ორგანოდ აღიარებს, Reuters-ს განუცხადა, რომ ანგარიში „ასახავს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოსახლეების მიერ ჩადენილი ძალადობის მასშტაბებს“. მან საპასუხოდ ისეთი ზომების მიღება მოითხოვა, როგორიცაა სანქციები.
ანგარიშში ასევე გამოთქმულია ღრმა შეშფოთება სერიოზული დარღვევების გამო ღაზის სექტორში, რომელიც ჰამასის კონტროლის ქვეშაა.
კომისიამ დაადგინა, რომ ჰამასთან დაკავშირებული ძალები 2024-2025 წლებში სიკვდილით დასჯის და მძიმე ფიზიკური ძალადობის 249 აღნუსხული შემთხვევიდან, სულ მცირე, 60-ში იყვნენ ჩართული, მათ შორის, სასჯელის სახით ლითონის მილებით ცემასა და ძვლების დამტვრევაში ისრაელთან სავარაუდო თანამშრომლობის ან ძარცვაში დახმარებისთვის. 2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში თერთმეტი კაცი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს სავარაუდო თანამშრომლობისთვის. კომისიამ განაცხადა, რომ ეს ქმედებები უტოლდება ომის დანაშაულს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
კომისიამ დაადგინა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები, რომელთა დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა, მოხდა მძევლების აყვანა და ქონების განადგურება, ომის დანაშაულს უტოლდებოდა. თავდასხმებს მოჰყვა ისრაელის საომარი მოქმედება ღაზაში, რამაც ათიათასობით პალესტინელი იმსხვერპლა და ტერიტორიის დიდი ნაწილი გაანადგურა.
კომისიის წინა ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაციების დროს გენოციდი ჩაიდინა და რომ ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აქეზებდნენ ამ ქმედებებს.
ისრაელმა ეს ბრალდებები უარყო და მათ „სკანდალური“ უწოდა.
ფორუმი