„დიგერი“ (2026, აშშ, რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ)
ქართული კინოგაქირავება კომერციულ შეცდომებს უშვებს. „ა“ კლასის ფესტივალებზე გამარჯვებულების იგნორირების ფონზე ისეთი ფილმების მსოფლიო პრემიერებს აწყობს, რომლებმაც დიდი სტუდიები დააზარალეს.
საქართველოს კინოთეატრებში ახლა უჩვენებენ წლის ერთ-ერთ მთავარ კომერციულ ჩავარდნას, ალექხანდრო გონსალეს ინიარიტუს „დიგერს“, რომელსაც თითქმის ერთხმად შეუტია კრიტიკამ და მაყურებელმა - პოპულარული ამერიკელი რეჟისორის ეს ნამუშევარი ჯერ კანის ფესტივალმა არ ჩართო პროგრამაში, შემდეგ ვენეციის ბიენალემ დაიწუნა... ბოლოს კი, პუბლიკამ.
Warner Bros. Pictures-ში, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყვნენ, რომ ინიარიტუსა და ტომ კრუზის ერთობლივი მუშაობა და ფილმის აქტუალური თემატიკა უზარმაზარ ფინანსურ და „საოსკარე“ წარმატებას მოუტანდათ, თუმცა შედეგად სტუდიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო თავისი არსებობის ისტორიაში - სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 245 მილიონი დოლარის ზარალი.
დიახ, „აქტუალური“ ყოველთვის არ ნიშნავს „მომგებიანს“ და აქტუალურობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფილმმა კინოდარბაზები გაავსოს. მაგრამ ინიარიტუ - ბოდიში მის თაყვანისმცემლებთან - მე პირადად ვერც წარმომიდგენია საკუთარ უცდომელობაში ურყევი დარწმუნებულობის გარეშე. წინა წარმატებებმა, ორჯერ მოპოვებულმა „ოსკარმა“, თვითკმაყოფილებით დაამძიმა, რაც უკვე გამოჩნდა მის ფილმში „ბარდო“ - ფედერიკო ფელინის სრულიად უსუსურ ეპიგონობაში, მაგრამ „დიგერი“ იმითაა საინტერესო, რომ ავტორის ეს ამბიციურობა და თვითკმაყოფილება თავად ფილმის შინაარსსა და ფორმაში გამოიხატა.
ინიარიტუს ფილმში ტომ კრუზის გმირი თეატრის მსახიობია. იგი ემზადება პრემიერისთვის პიესისა, რომელშიც განასახიერებს ნავთობის მაგნატს, დიგერ როკველს, ასევე (!) საკუთარ უცდომელობაში დარწმუნებულ შეშლილს სრულიად ამბიციური პროექტით - დიგერი დედამიწის ბირთვამდე ჩაბურღვას აპირებს, რათა იქ არსებული უსასრულო ენერგიის რესურსები მოიპოვოს.
ასე რომ, კრუზი ორ როლს ასრულებს: ნავთობმაგნატია, რომელმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღო და მსახიობი, რომელმაც თეატრალურ დადგმაში სწორედ ამ მაგნატის როლი უნდა განასახიეროს. ნავთობის მოპოვება კლიმატის ცვლილებებს იწვევს, თუმცა ისინი, ვინც გარემოს გამანადგურებელ მილიარდერებს უპირისპირდებიან, ამის აღიარებას ვერ ბედავენ, რადგან მათზე არიან დამოკიდებული, მის მილიარდებზე. ეს ერთგვარი დრამატურგიული ხერხია „ორი კინოს“ გასაერთიანებლად - ხელოვნება, რომელიც დასცინის მილიარდერს, თავადაა ფინანსურად დამოკიდებული მილიარდერზე. ნამდვილად სევდიანი დასკვნაა, გამოუვალობის შეგრძნებით. გარკვეული თვალსაზრისით, ტრაგიკულიც.
მაგრამ ინიარიტუ არა დრამის, არამედ ფსიქოდელიური იგავის ჟანრს ირჩევს, მისთვის დამახასიათებელი „ანტიკოლონიური ირონიით“... ვფიქრობ, სწორედ ეს ჟანრი აძლევს საშუალებას, მეტისმეტად არ ჩაუღრმავდეს პოლიტიკურ თემას და დრამატურგიული პრობლემების გადაწყვეტა ტომ კრუზს გადაულოცოს, რომელიც წარმატების შემთხვევაში სანუკვარ „ოსკარსაც“ მიიღებდა.
რა დარჩა ჩანაფიქრიდან?
ტომ კრუზი გადასარევია, როდესაც სახურავიდან სახურავზე ხტება, მაგრამ სერიოზულ კინოს უბრალოდ გადაჩვეულია. ორი როლი ერთდროულად ითამაშა, „ტექნიკურ ეშმაკობებსაც“ ფლობს გარდასახვისთვის, მაგრამ ტომ კრუზი და აქტუალური სოციალური სატირა, ვფიქრობ, ცა და დედამიწაა.
კრუზი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს იმ ეპიზოდებში, სადაც ინიარიტუ პრიმიტიული იუმორით (პერსონაჟის ასაკის, გარეგნობის დაცინვით) ცდილობს, გამოაცოცხლოს პუბლიკა, მაგრამ არც ისეთი დონის მსახიობია, რომ შეკრას და გადაარჩინოს ინიარიტუს ფილმის ხელოვნურად გართულებული სტრუქტურა. ხელს უშლის გრიმი, რომელმაც კრუზი ნავთობის გაზულუქებულ მაგნატს უნდა დაამსგავსოს და „ხელს უშლიან“ პარტნიორები - რიზ ახმედის, ჯონ გუდმანის, სანდრა ჰილერის გვერდით, მსახიობებისა, რომლებიც დრამატულ ტონს ბოლომდე ინარჩუნებენ, ტომ კრუზის „კინოვარსკვლავური პერფორმანსი“ სრულიად ამოვარდნილია და უბრალო კარიკატურად გადაიქცევა.
„დიგერი“ ფაქტობრივად ორ ნაწილად იყოფა. პირველი უფრო „შავი კომედიაა“, რომელიც ასახავს შეშლილ ბიუროკრატიას, ცირკად გადაქცეულ მედიას, კორუმპირებულ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს. მეორე ნაწილში სიუჟეტი, სტილი, გამოხატვის ფორმები, თხრობის რიტმი რადიკალურად იცვლება, ზედაპირულ „ღადაობას“ ცვლის დრამა, ხოლო მაშინ, როდესაც კატასტროფა პიკს აღწევს, კინოგამოსახულება „გაფუჭებას“ იწყებს (ამისათვის სპეციალური ობიექტივებია გამოყენებული)... კამერა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სახეები იწელება... და, თუ არ ვცდები, მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ „ეს უკვე იყო“, ეს უკვე ნანახი აქვს - „ფილმი ფილმში“. ოღონდ ბევრად უფრო მსუბუქი, უკეთესი იუმორით (აქ ჩემი აბსოლუტური ლიდერი ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანია“).
ინიარიტუ თითქოს თავადაც გრძნობს, რომ „დიგერს“ ზედმეტად ჩახლართული ფორმა აქვს, რამაც შეიძლება დაღალოს მაყურებელი. ამიტომ, ფაქტობრივად, „გვიღეჭავს“ სათქმელს. უფრო მეტიც, ფილმის ერთ ნაწილში ავტორი (გმირი) იწყებს ახსნას, თუ როგორ უნდა გავიგოთ სანახაობა, რომელსაც ვუყურებთ ეკრანზე. როგორც კი მაყურებელი (რომელსაც ახსნის გარეშეც მშვენივრად ესმის ყველაფერი) ამას დაინახავს, ის ხვდება, რომ ინიარიტუ უბრალოდ არ ენდობა მას. მე თუ მკითხავთ, ეს უნდობლობა ყოველთვის ახასიათებდა ამ ავტორს. ინიარიტუსთან ყველაფერი „ზედმეტად ბევრია“ - გროტესკი, კამერა, მსახიობების მიმიკები, ხმაური. თუმცა „დიგერში“ ეს „მეტი“ კიდევ უფრო მეტია. ამ ყველაფერს აქ უსასრულო თეატრალური მონოლოგები ემატება.
„დიგერი“ ზუსტად ის შემთხვევაა, როცა აქტუალური თემატიკა ბანალურ გზავნილად იქცევა მაშინაც კი, როდესაც გამოხატვის ფორმა სათქმელის ადეკვატურია. ერთი შეხედვით, აბა, როგორაა ბანალური ამბავი ექსცენტრულ, ნარცის ლიდერზე, რომელიც ხალხს ეკონომიკურ ბუმს და უსასრულო სიმდიდრეს ჰპირდება, ხოლო მეცნიერულ გაფრთხილებებს „ელიტების შეთქმულებად“ და „ფეიკებად“ ნათლავს? როგორაა ბანალური სამყარო, რომელსაც გვიხატავს რეჟისორი - პოპულისტური შოუს სამყარო, რომელმაც უნდა გადაფაროს კლიმატის ცვლილების, პანდემიების, სიღარიბისა და შიმშილის პრობლემები?
და ეს „ქაოტურობა“, ეს კაკაფონია, რომელიც უამრავ მაყურებელს აიძულებს დატოვოს კინოდარბაზი, იქნებ მხატვრული ხარვეზი კი არ არის, არამედ ინიარიტუს შეგნებული არჩევანია, რათა ზუსტად გამოხატოს ის აბსურდული რეალობა, რომელშიც ბოლო წლებში ცხოვრობს დასავლური სამყარო?
კი, შეიძლება. მაგრამ კინოს, ისევე როგორც ნებისმიერ ხელოვნებას, ერთი დაუწერელი წესი აქვს - როდესაც ყველაფერი გადაჭარბებულია, ზედოზირება პრობლემას „ბუტაფორიად“ აქცევს, აღარ არის საინტერესო და აღარ გაფიქრებს. მაყურებელი კი კითხულობს, თუკი რეჟისორი საკუთარ მხატვრულ თავისუფლებას იცავს, მაგრამ მე ინტერპრეტაციის თავისუფლებას მართმევს, რატომ გადავიხადე ფული, რატომ ვიყიდე კინოს ბილეთი, როდესაც იმავეს რეალურ სინამდვილეშიც ვხედავ - ყოველგვარი გადაჭარბებისა და „ახსნა-განმარტების“ გარეშე?
ამ ამბავს ადგილობრივი განზომილებაც აქვს. რატომ ეწყობა საქართველოში „დიგერის“ მსოფლიო პრემიერა და არა, მაგალითად, ზვიაგინცევის „მინოტავრის“ ანდა პავლიკოვსკის „სამშობლოსი“? განა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ის ფილმი უნდა შევთავაზოთ, რომლის კომერციულ წარმატებაში დისტრიბუტორი წინასწარ დარწმუნებულია? ახლა ხომ ვხედავთ, რომ ასეთი გათვლა ყოველთვის არ ამართლებს? „დიგერი“ სწორედ ის შემთხვევაა, როცა ძვირადღირებული სანახაობა და ცნობილი სახელი წარმატების გარანტიად ვერ იქცა.
ფორუმი