Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ჯერჯერობით არ ადასტურებს Starlink-ის სიჩქარის გაზრდას

Starlink-ი ფრონტის ხაზზე უკრაინაში(საილუსტრაციო ფოტო)
Starlink-ი ფრონტის ხაზზე უკრაინაში(საილუსტრაციო ფოტო)

23 ოქტომბრის შუადღემდე არსებული მონაცემებით, უკრაინაში არ გაზრდილა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტ-კავშირის, Starlink/Starshield-ის სიჩქარე.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკრაინას შეზღუდვა მოუხსნა.

დამოუკიდებელ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ Starlink/Starshield-ის მუშაობას მუდმივად აკვირდებიან და 23 ოქტომბრის დილის მონაცემების საფუძველზე ვერ დაადასტურებენ, რომ შეზღუდვა მოხსნილია.

უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველმა სერჰი(„ფლეშ“) ბესკრესტნოვმაც დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ზოგჯერ Starlink-ის სიჩქარე შედარებით იმატებს, მაგრამ შეზღუდვის მოხსნას ჯერჯერობით არ აფიქსირებენ.

  • უკრაინას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეექმნა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემა. უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.
  • კიევმა არ გაიზიარა ვერსია, რომ პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო და ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდვასთან კავშირი უარყვეს.
  • SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ტრამპის მორიგი განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ SpaceX-მა უკრაინას აღუდგინა სრულფასოვანი წვდომა თანამგზავრული კავშირის სისტემა Starlink-ზე.

მანამდე გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 21 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკს დაურეკა და უკრაინისთვის შეზღუდვის მოხსნა სთხოვა.

22 ოქტომბერს ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილა თუ არა ეს საკითხი მასკთან, ტრამპმა არ უპასუხა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს, მასკს პირადად დაურეკა თუ ვინმე სხვამ და მთავარია, რომ მან ყველაფერი აღადგინა.

ილონ მასკის ბრძანება?

ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინაში Starshield-ის სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით შეზღუდეს.

გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებდა, რომ მასკი ცალმხრივად მოქმედებდა და მისთვის პრეზიდენტ ტრამპს არანაირი მითითება არ მიუცია, თუმცა სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე მასკს კონსულტაციები ჰქონდა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ტრამპთან.

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს წერდა, რომ უკრაინაში Starshield-ის შენელება ტრამპს მასკმა შესთავაზა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც პენტაგონმა ლიმიტი შემოიღო.

უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვას წინ უძღოდა ურთიერთობის გამწვავება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. ტრამპის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა.

პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG