Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვის თქმით, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება აბუ-დაბიში გაიმართება

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში. შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

"პრეზიდენტმა მონიშნა მოლაპარაკების თემა - ესაა უსაფრთხოების საკითხები ორი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის, უკვე მას მერე, რაც მშვიდობიან გადაწყვეტაზე გავალთ", - თქვა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა კრემლი მოლაპარაკებებთან ევროპის შეერთების შესაძლებლობას, პესკოვმა უპასუხა: "იმთავითვე გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მაგრამ მოლაპარაკება, რომელსაც საქმე ეხება, სამმხრივი ფორმატის იქნება".

მანამდე გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მომლაპარაკებლის როლში ევროპის ლიდერები განიხილავენ ხუთ კანდიდატურას. ესენი არიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტერი.

სამმხრივი მოლაპარაკების განახლების საკითხი განიხილეს 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში პუტინის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან (კუშნერი შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა). მაშინ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა მზაობა, მოლაპარაკება "ნოემბრის 10-იან რიცხვებში" განახლდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას სამმხრივი მოლაპარაკების თაობაზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG