30 ოქტომბრიდან აშშ მთელ რიგ კანადურ საქონელზე დაწესებულ 50%-იან საბაჟო ტარიფებს აუქმებს. შესაბამის განკარგულებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 ოქტომბერს მოაწერა ხელი. კერძოდ, მაღალი ტარიფები გაუქმდება ფირფიცარზე (ფანერი), ქაღალდის ნაწარმის ზოგიერთ სახეობაზე, ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობისთვის განკუთვნილ ჩარხებზე, შესაფუთ ყუთებსა და მუყაოს კოლოფებზე, აგრეთვე ახალ და გამხმარ ზღვის წყალმცენარეებზე.
თეთრმა სახლმა ეს განცხადება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გააკეთა. ექსპერტთა თქმით, მოახლოებული არჩევნები განსაზღვრავს, ვინ გააკონტროლებს კონგრესს - რესპუბლიკური პარტია თუ დემოკრატები - და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ ორ წელზე.
ამასთან, საკუთარი ნაბიჯის დასაბალანსებლად, თეთრმა სახლმა საბაჟო ტარიფებით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალს დაუმატა კანადიდან იმპორტირებული ისეთი პროდუქცია, როგორიცაა: ხალიჩები, საღებავები, შამპუნები, კაკაოს ფხვნილი, ხის კუბოები, ნაყინის ჩხირები, კონდიციონერები, საყინულეები, აგრეთვე მშვილდოსნობისა და კანოესთან დაკავშირებული საქონელი.
კანადის მთავრობის სახელით მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილება შეაფასა ვაჭრობის მინისტრმა და აშშ-სთან ვაჭრობაზე პასუხისმგებელმა, დომინიკ ლებლანმა, რომლის განმარტებით, ოტავა „მზად არის, კონსტრუქციულად და კეთილსინდისიერად იმუშაოს ისეთი ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც კანადის ინტერესებს გაითვალისწინებს“.
აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი 2026 წლის აგვისტოში დააწესა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ეკონომიკური ნაკადია.
აშშ-ის საქონლით ვაჭრობა (ექსპორტი და იმპორტი ერთად) კანადასთან წლიურად დაახლოებით 715 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (ხოლო საქონლისა და მომსახურების ერთად გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 880 მილიარდ დოლარს აღწევს). კანადა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
კანადისთვის აშშ აბსოლუტური ლიდერი საექსპორტო ბაზარია - კანადური ექსპორტის თითქმის 68% სწორედ შეერთებულ შტატებში მიდის.
ორმხრივ ვაჭრობაში დიდ როლს თამაშობს ავტომობილები და ავტონაწილები, ენერგომატარებლები (ნავთობი და გაზი), სამრეწველო ლითონები (ფოლადი, ალუმინი, სპილენძი), ხის მასალა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები
ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კანადური იმპორტის ფართო სპექტრზე (მათ შორის ცემენტზე, ღვინებსა და სხვადასხვა პროდუქციაზე) დამატებითი მაღალი — 50%-იანი ტარიფები დაწესდა. თავის მხრივ, კანადის მთავრობამ (პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ხელმძღვანელობით) მსგავს ცალმხრივ ნაბიჯებს საპასუხო ზომებით უპასუხა.
ფორუმი