Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა 50%-იანი ტარიფი დაუწესა კანადიდან იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი საფრანგეთის ქალაქ ევიანში „დიდი შვიდეულის"(G7) ლიდერთა სამიტზე. 2026 წლის 16 ივნისი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი საფრანგეთის ქალაქ ევიანში „დიდი შვიდეულის"(G7) ლიდერთა სამიტზე. 2026 წლის 16 ივნისი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა კანადიდან იმპორტირებული სავაჭრო პროდუქციის ფართო სპექტრს - დაწყებული ჰოკიჯოხებითა და ღვინით და დასრულებული ცემენტით.

ტრამპის მიერ 20 ივლისს ხელმოწერილი სამი ბრძანების მიხედვით, დამატებითი გადასახადის დაწესების მიზეზია ამერიკული პროდუქციისადმი კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულება“, ხოლო მიზანი - ამერიკული ბიზნესის დაცვა და თანაბარი პირობების შექმნა ვაჭრობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო საქონლით, როგორიცაა ავტომობილები, ალკოჰოლური სასმელები და რძის პროდუქტები.

კანადისთვის დაწესებული ახალი ტარიფები უნდა ამოქმედდეს ტრამპის მიერ ბრძანების ხელმოწერიდან 30 დღეში. ეს ნიშნავს აშშ-სა და კანადას შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას.

აშშ-ს უკვე ამოქმედებული აქვს 15-50%-იანი ტარიფები სხვადასხვა კანადურ საქონელზე, მათ შორის ფოლადზე, ალუმინზე, სპილენძსა და ხის მასალაზე.

საბაჟო გადასახადი არ ვრცელდება ზოგიერთ პროდუქციაზე, მათ შორის ენერგომატარებლებზე.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 20 ივლისს განაცხადა, რომ აშშ ვაჭრობის სფეროში განაგრძობს გარკვეული ხნის წინ დაწყებულ ცალმხრივ მოქმედებებს, რასაც კანადამ ანალოგიური ზომებით უპასუხა. კარნის თანახმად, კანადის მთავრობა მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გასააქტიურებლად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG