Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ გიორგის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური და სახალხო დამცველი ამ ცნობას უარყოფს

ნინო აბრამიშვილი შვილებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან ერთად
ნინო აბრამიშვილი შვილებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან ერთად

მასალა განახლებულია სახალხო დამცველის პოზიციით - სახალხო დამცველი წერს, რომ მისმა რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული და ამჯერად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მისი წყაროს ცნობით, მის ერთ-ერთ შვილთან, გიორგისთან, საკანში კრიმინალურ ავტორიტეტად მიჩნეული ვატო ყიფიანი შევიდა და შესაძლოა, მის ვაჟს საფრთხე ემუქრებოდეს.

პენიტენციური ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი მარტო იმყოფება საკანში, რომელიც 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშაა და თუკი ოჯახს ეჭვები და შიშები აქვს, ადვოკატს შეუძლია მისი მონახულება.

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ ადვოკატი მისი შვილის მოსანახულებლად შევა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, რათა მასზეც არ მოხდეს ზეწოლა გლდანის ციხეში. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ პატიმარ ფეიქრიშვილის მონახულების შემდეგ ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა ცნობა, რომ დავით ფეიქრიშვილი, მისი განმარტებით, საკანში მარტო იმყოფება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

"ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“ - ნინო აბრამიშვილის ამ განცხადების ფონია წინა კვირაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხეში სასტიკად გაუსწროდნენ ვატო ყიფიანი, დავით ბილანიშვილი და მათთან ერთად რამდენიმე პირი, რომლებიც ციხის ადმინისტაციის ნებართვით შევიდნენ იმ საკანში, სადაც დავითი ახალი გადაყვანილი იყო და რომელშიც არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა.

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას უარყოფს, გლდანის ციხიდან კლინიკა "ვივამედში" სხეულის მძიმე დაზიანებებით (სახის ძვლებისა და ნეკნების მოტეხილობით, ხერხემლის მალების დაზიანებითა და არაერთი ჰემატომით) გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე აწარმოებს იუსტიციის სამსახურის გენერალური ინსპექცია, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, რომ მომხდარი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG