Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო ყიფიანი და ძმები ფეიქრიშვილები – დაპირისპირების ისტორია

მედია ყიფიანისა და ფეიქრიშვილების დაპირისპირებაზე წლების განმავლობაში საუბრობდა – რა ვიცით მათს ურთიერთობაზე?
მედია ყიფიანისა და ფეიქრიშვილების დაპირისპირებაზე წლების განმავლობაში საუბრობდა – რა ვიცით მათს ურთიერთობაზე?

დავით ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანი ჯერ საკანში შეუსახლეს, შემდეგ კი ყიფიანმა და მისმა გარემოცვამ პატიმარს სცემეს – ამბობს ფეიქრიშვილის ადვოკატი. ამას კატეგორიულად უარყოფენ პენიტენციური სამსახურიც და თავად ვატო ყიფიანიც.

ამ სტატიაში რადიო თავისუფლება მოკლედ შეაჯამებს მრავალწლიან ცნობებს სახელმწიფოს მიერ „კრიმინალურ სამყაროს“ წარმომადგენლებად მიჩნეულ ცნობილ სახელებს შორის სავარაუდო ომებსა და გადაკვეთის წერტილებზე.

რა ვიცით 40 წლის „ტყუპების“ დაპირისპირების ისტორიაზე 47 წლის ვატო ყიფიანთან?

2010: „მაზავშიკების საქმე“

მედიამ ყიფიანისა და ფეიქრიშვილების გზე­ბის გადაკვეთაზე პირველად 2010 წელს შეიტყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე – როგორც „ჟარგონზე“ უწოდებენ, „მა­ზავ­ში­კე­ბის“ საქ­მე­სთან დაკავშირებით.

თუმცა შსს-ს მშრალი ცნობა მაინცდამაინც მწვავე დაპირისპირებაზე არ მიუთითებდა. საქმის გარემოებები ასეთი იყო:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, 2010 წლის 8 ივლისს, თბილისში ერთად დააკავეს სამი ადამიანი. ესენი იყვნენ:
  • ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე, მისი მეგობარი დავით გაგნიძე და ყოფილი პოლიციელი კახა მისირელი;
  • ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს მათს მეგობარს, ვატო ყიფიანსაც – რომელიც იმხანად, სატელეფონო ჩანაწერის თანახმად, კიევში იყო;
  • მაშინ დააკავეს დავით ფეიქრიშვილიც;
  • მათ ბრალად წარუდგინეს „ქურდული სამყაროს წევრობა“, – რომელსაც სასტიკ ბრძოლას უცხადებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.
დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი

ბრალდების ვერსიით, დავით ფეიქრიშვილმა, – რომელიც ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე რეგულარულად დებდა „უკანონო ფსონებს“ – სლენგზე, „მაზებს“, – ამ გზით $140 000 მოიგო, თუმცა თანხის „ამოღებას“ ვერ ახერხებდა; ამაზე უამბო დემეტრაძეს, დემეტრაძემ – ყიფიანს, რომელიც ფეიქრიშვილს დაუკავშირდაო.

2011 წელს, განაჩენის გამოცხადებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ამბობდა:

„თანხების „ამოღებასა და გადანაწილებაში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ, ხოლო დაბრუნებული ფულის ნაწილი, „ქურდულ ობშიაკში“ იყრიდა თავს“.

„საჩუქარს ვერ გაგვიკეთებ?“ - სატელეფონო საუბარი

შსს-ს არქივი, – ასევე, „იუტუბი“ – ინახავს ამ საქმის გახმაურებისას გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერს, სავარაუდოდ, ვატო ყიფიანსა და დავით ფეიქრიშვილს შორის. ამ ჩანაწერში ფეიქრიშვილი ყიფიანს ეკითხება, რატომ ესაუბრება ვინმე კვიჟინაძეს „ფულთან დაკავშირებით“.

ფეიქრიშვილი ამბობს, რომ კვიჟინაძემ თავად უთხრა, „თანხას გადაგიხდიო“, თუმცა ყიფიანი უპასუხებს, რომ ამ ფულზე კვიჟინაძეს „არაფერი უნდა უთხრას“: „მაგ ფულზე ვერაფერს ვერ ეტყვი… ერთი მაგ ფულის გულისთვის ვინმემ რამე უთხრას, მე მოვუ**ნავ მაგას დედის მუ***ს“!

შემდეგ ყიფიანი ფეიქრიშვილს მიმართავს: „მე და გურამას რამე საჩუქარს არ გაგვიკეთებ?.. აი, მაგ ფულიდან რამე საჩუქარს ვერ გამოხვალთ“?

იქვე ყიფიანი ფეიქრიშვილს ეკითხება: „მომისმინე, დავით, შენ ნაჯდომი ხარ“? შემდეგ კი ციხეში „პროცენტის“ სტანდარტული განაკვეთის შესახებ ესაუბრება. „რომ იცოდე, ძმაკაცურად გეუბნები, „ვაბშე“, არის 20%“. ამაზე ფეიქრიშვილი უპასუხებს, რომ ეს წესები აღარ არსებობს.

  • მეორე ჩანაწერში ყიფიანი ამბობს: „აქ [კიევში] მე ვის „ბაითშიც“ ვარ, ხო იცი. ნახე, თუ გინდა“...
  • „ო, ო, ო, ო“, - უპასუხებს ფეიქრიშვილი.
  • ყიფიანის მაშინდელი ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი ამბობდა: „დე­მეტ­რა­ძე იმი­ტომ და­სა­ჯეს, რომ კი­ევ­ში მის ბი­ნა­ში ვატო ყი­ფი­ა­ნი ცხოვ­რობს“.

როგორ დასრულდა პროცესი?

ვატო ყიფიანი (ოფიციალურად - ვახტანგ ჟვანია)
ვატო ყიფიანი (ოფიციალურად - ვახტანგ ჟვანია)

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 23 მარტს დემეტრაძეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დავით ფეიქრიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 2 წელი მოუწია ციხეში ყოფნამ.

განსხვავებულად განვითარდა პროცესი ყიფიანის წინააღმდეგ. როგორც 2026 წლის 20 ოქტომბერს ადვოკატმა მარინა ფხალაძემ, - რომელიც ვატო ყიფიანის ინტერესებს მრავალი წელია, იცავს, - რადიო თავისუფლებას უთხრა:

  • „ვატო ყიფიანის, როგორც ძებნილის წინააღმდეგ, საქმე გამოიყო;
  • მის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მივიდა დავით ფეიქრიშვილი და სასამართლო პროცესზე თქვა, რომ „რაღაცა საქმის გარჩევა, ფულების „შეგროვება“ და „თანხების ამოღება“ არ ყოფილა;
  • ამ საქმეზე საბოლოო ჯამში ვატო ყიფიანი გაამართლეს“. დაუზუსტებელია, კონკრეტულად როდის, თუმცა ეს მოხდა 2011 წლის შემდეგ.

რაც შეეხება დემეტრაძეს, – რომელიც ახლად დაფუძნებული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძის მეგობარი იყო, – მან საპატიმრო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვადაზე ადრე დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით.

2020: ფეიქრიშვილის „მკვლელობის შეკვეთის“ ბრალი

2020 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ორი ადამიანის „აფეთქებით მკვლელობის გეგმა“ აღკვეთეს.

თბილისსა და ბათუმში დააკავეს საქართველოს ექვსი, ხოლო ხარკოვში – უკრაინის ერთი მოქალაქე. სუსმა მაშინდელ ცნობაში სამიზნეთა მხოლოდ ინიციალები დაასახელა: დ.ფ და გ.ფ.

იმავე დღეს გაირკვა, რომ სამიზნეები ტყუპი ძმები ფეიქრიშვილები იყვნენ.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილები. ფოტომონტაჟი
დავით და გიორგი ფეიქრიშვილები. ფოტომონტაჟი

პროკურორმა გიორგი კავსაძემ იმ დღესვე განაცხადა: „ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული“.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ყიფიანი, – რომელიც „კანონიერ ქურდად“ მოიხსენია, – მომდევნო წელს, 2021 წლის 25 ივნისს გააძევა სამშობლოში.

ძალით დაბრუნებული ყიფიანი თბილისის აეროპორტში დააკავეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით - სწორედ ფეიქრიშვილების ამბავზე. სავარაუდო მოტივი გამოკვეთილი არ ყოფილა.

ვატო ყიფიანი ამბობდა, რომ ამ ამბავთან არაფერი ჰქონია საერთო. დეპორტაციის მომდევნო დღეს, 26 ივნისს სასამართლოს უთხრა: „[აეროპორტში პოლიციელებმა] მითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა საქართველოში არ იყო სასურველი, მაგრამ არსად არ წავედი, საქართველოში დავრჩი“.

ყიფიანი ისევ გაამართლეს

ახლა ყიფიანის ადვოკატი მარინა ფხალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყიფიანი ამ საქმეშიც გაამართლეს:

  • 2021 წლის 26 ივნისიდან ვატო ყიფიანი 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, - რაც აღკვეთის ღონისძიების სახით ჰქონდა შეფარდებული;
  • „ამ ცხრა თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა“;
  • „შესაბამისად, ცხრა თვიანი ვადის გასვლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს“;
ვატო ყიფიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკრაინიდან გამოძევების შემდეგ, 2021 წლის ფოტო
ვატო ყიფიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკრაინიდან გამოძევების შემდეგ, 2021 წლის ფოტო
  • „გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიმდინარეობდა ამ საქმის განხილვა, შემდგომ განახლდა სასამართლო პროცესები;
  • საბოლოოდ, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა“.
  • „მაგ საქმეზე დაჰკითხეს ფეიქრიშვილები და თქვეს, რომ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ მათ წინააღმდეგ ეს ყველაფერი ვატო ყიფიანმა დაგეგმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

ძმები ფეიქრიშვილების აწ უკვე ყოფილ ადვოკატს, გიორგი ანთიძეს რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 22 სექტემბერს, – ძმების დაკავების შემდეგ, – ჰკითხა, თუ რას ფიქრობენ ძმები მათი მკვლელობის გეგმაზე.

ადვოკატმა გვიპასუხა, ამ საკითხზე [სუსის გამოძიებაზე] ძმებს პოზიცია ვერ ექნებოდათ – პოზიცია „პროკურატურას უნდა ჩამოეყალიბებინა“.

„მონსტრად გამოიყვანა“ - ყიფიანის ადვოკატი ფეიქრიშვილების დედაზე

ეს საქმე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს ახსენა ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა. 20 ოქტომბერს „ფორმულის“ ეთერში მან თქვა, რომ დაუშვებელი იყო ყიფიანისა და მისი შვილების ერთ საკანში შესახლება, რადგან მან წლების წინ მისი „ოჯახის ამოწყვეტა სცადა“.

„მაგას ჩემი ოჯახის ამოწყვეტის მცდელობა ჰქონდა… რუსი „კილერი“ [ვატო ყიფიანს] ეკითხებოდა, კი მაგრამ, მანქანაში სულ პატარა ბავშვი დაჰყვებაო და პასუხი როგორი იყო, იცით? რუსულად უპასუხა: ბავშვი პრობლემა არააო“, - განაცხადა მან.

ნინო აბრამაშვილი შვილებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან
ნინო აბრამაშვილი შვილებთან, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან

20 ოქტომბერსვე ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ ფრაზით ფეიქრიშვილის დედამ ყიფიანისგან „მონსტრი გამოიყვანა“ და ყიფიანი „ძალიან აღშფოთებულია“:

  • „მესმის, რომ გამწარებული დედა საუბრობს, რომელსაც ორი შვილი ციხეში ჰყავს, მაგრამ არსებობს რაღაც წითელი ზღვარი, რაც არ უნდა გადაიკვეთოს… სამართლის მიღმა არსებობს ადამიანური მომენტები… წარმოუდგენელია უბრალოდ“.
  • „მაგ სისხლის სამართლის საქმეზე ვერანაირი შეხება ვერ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა, რადგან არანაირი კავშირი არ ჰქონია“, - თქვა ადვოკატმა, შემდეგ კი დასძინა:
  • „ამდენი ხანია, უკვე ერთ ქალაქში მოძრაობენ. ელემენტარულია, ხომ? თუ ვინმეს ვინმესთვის რაიმე საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ამისთვის დროც ჰქონდათ, საშუალებაც და შესაძლებლობაც“.

ვატო ყიფიანი უარყოფს არა მხოლოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, არამედ საერთოდ ფეიქრიშვილის საკანში გადაყვანას.

2016: სოსო ჯოხაძის მკვლელობა – არსებობს კავშირი?

უკრაინაში დაგეგმილი თავდასხმის აღკვეთის შემდეგ, 2020 წლის 30 იანვარს ძმებმა ფეიქრიშვილებმა თქვეს, დაკავებულთაგან არავის ვიცნობთ და ამას ვერც ვერაფერს ვუკავშირებთო.

თუმცა ჟურნალისტებმა (მათ შორის „ტვ პირველმა“) ეს ამბავი დაუკავშირეს 2016 წელს თბილისის ცენტრში, ვაკეში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას – ბადრი ნათობაძის მიერ სოსო ჯოხაძის მკვლელობას და სავარაუდო შურისძიებას.

ეს ვერსია სასამართლოს განაჩენით დადასტურებული არ არის, თუმცა საინტერესოა ყიფიანისა და ფეიქრიშვილებისა და მათ გარემოცვად მიჩნეული ადამიანების ურთიერთობის ისტორიისთვის.

2016 წელს მოკლული სოსო ჯოხაძე
2016 წელს მოკლული სოსო ჯოხაძე

ვინ ვინ არის?

  • სოსო ჯოხაძე – 2016 წლის 2 სექტემბერს ვაკეში, ფალიაშვილის და რიგის ქუჩების კუთხეში ავტომობილში ჩაცხრილა ბადრი (ბადუკა) ნათობაძემ;
მისი მკვლელობისთვის მსჯდავრდებული ბადრი (ბადუკა) ნათობაძე
მისი მკვლელობისთვის მსჯდავრდებული ბადრი (ბადუკა) ნათობაძე
  • ბადუკა ნათობაძე, – ადრეულ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, – დანაშაულს აღიარებს;
  • ის ამისთვის 19-წლიან სასჯელს იხდის რუსთავის ციხეში.

საქმე ისაა, რომ ძმებ სოსო და გიორგი ჯოხაძეებსა და ბადრი ნათობაძეს დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდათ.

მედიაში გავრცელებული ცნობებითვე, სამი წლით ადრე მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთ კაფეში „ჯოხაძეებმა ნათობაძეს ყური მოაჭრეს“ ცოლის თანდასწრებით [ნათობაძის ადვოკატი „ყურზე დაზიანების კვალს“ ადასტურებდა].

მედიის თანახმად, ვატო ყიფიანი ჯოხაძეების გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ხოლო ბადუკა ნათობაძე – ფეიქრიშვილების გარემოცვად.


ეს ვერსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც სოსო ჯოხაძის მკვლელობიდან ორ დღეში შსს-მ გამოაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დავაკავეთო.

სამივენი კი ნათობაძის მეგობრები აღმოჩნდნენ: გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი. ამ დროს ფეიქრიშვილი, - ერთ-ერთ ტყუპისცალი, - იარაღის ტარების ბრალდებით 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სულ რაღაც 4 თვის გამოსული იყო ციხიდან.

გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ იარაღი „ამოიღო“, ფეიქრიშვილი ამბობდა - „ჩამიდესო“. იგი ამტკიცებდა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ სახლთან პოლიციის მანქანებიდან უთვალთვალებდნენ, ხოლო მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფდა.

საბოლოოდ, 2017 წლის 19 მაისს გიორგი ფეიქრიშვილს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყო.

ირაკლი მალანია და სოსო ჯოხაძე. ორივე მათგანი მოკლულია
ირაკლი მალანია და სოსო ჯოხაძე. ორივე მათგანი მოკლულია

მალანიას მკვლელობა კიევში

მედიის თანახმადვე, სოსო ჯოხაძის მკვლელობას სავარაუდო გაგრძელებაც ჰქონდა:

  • 2021 წლის 16 ნოემბერს, კიევში რამდენჯერმე ესროლეს ძმები ჯოხაძეების გარემოცვის წევრს, ირაკლი მალანიას, – „კრიმინალურ ავტორიტეტს“.
  • მძიმედ დაჭრილი მალანია 10 დღეში კლინიკაში გარდაიცვალა.
  • ამ საქმეზე უკრაინაში დააკავეს გიორგი არუთინოვი, - რომელსაც მედიაში „ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრად“ მოიხსენიებდნენ;
  • ძებნა გამოაცხადეს ნოდარ ნიშნიანიძესა და ლაშა სიხარულიძეზე.

ნიშნიანიძე საზღვარგარეთ ახლაც მიმალვაშია.

იგი საქართველოშიც იძებნება – 2024 წელს მას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა ეროვნული ნაკრების წევრების მუქარისა და დაშინების ბრალდებით. იგი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმაა.

ამბის მიღმა: დამატებითი ცნობები ამ სახელებზე

მოკლული სოსო ჯოხაძის ძმას, გიორგი ჯოხაძეს 2026 წლის 6 მაისიდან უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. ჯანგველაძე ვაკეში 2025 წლის 14 მარტს მოკლეს.

გიორგი ჯოხაძე
გიორგი ჯოხაძე

გიორგი ჯოხაძე, – რომლის ნათესავის სასტუმროშიც, ბრალდების თანახმად, დაიგეგმა ჯანგველაძის მკვლელობა, – „კილერად“ ცნობილი და უვადო პატიმრობა მისჯილი გელა უძილაურის ყოფილი დამსაქმებელია.

ჯოხაძე ბრალდებას/მსჯავრს უარყოფს და საზღვარგარეთ მიმალვაშია.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი ჯოხაძე დავით და გიორგი მიქაძეების გარემოცვის წევრია, – რომლებიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მეგობრები არიან.

  • ამ ორი დაპირისპირებული „ბანაკის“ წარმომადგენლები, გიორგი მიქაძე და ბადუკა ნათობაძე სასჯელს რუსთავის ციხეში იხდიან.
  • მიქაძის იქ გადაყვანიდან, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნათობაძე მას ხმამაღლა შეურაცხყოფას აყენებდა [საუბარი იყო „შუმოკზეც“], თუმცა მიქაძე ამბობდა, რომ არაფერი გაუგია.

რა ხდება ახლა?

გლდანის მე-8 ციხეში პატიმრობაში მყოფ დავით ფეიქრიშვილს მის საკანში შესახლებულმა ვატო ყიფიანმა, ავთო ბილანიშვილმა (მეტსახელად „კაწრომ“) და სხვებმა სცემეს, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, მოგვიანებით ორივე ძმამ მძიმე თვითდაზიანება მიიყენა – ყიფიანი ზეწოლას ცდილობდა გარკვეული ინფორმაციის მისაღებად და ამის პრევენციისთვისო.

„ვივამედი“ ადასტურებს ფეიქრიშვილის გადაყვანას მრავლობითი დაზიანებით, პენიტენციური სამსახური კი უკვე 4 დღეა ფეიქრიშვილის ცემას უარყოფს.

როგორც ცემას, ისე ფეიქრიშვილის საკანში შესახლებას უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვატო ყიფიანის ადვოკატიც.

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. ვრცლად რადიო თავისუფლებაზე:

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG