25 ოქტომბერს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ამომრჩევლები არჩევანს აკეთებენ მოქმედ პრეზიდენტს, 80 წლის ლუის ინასიუ ლულა და სილვასა და მემარჯვენე ორიენტაციის სენატორ ფლავიუ ბოლსონარუს შორის.
ლულა და სილვა, რომელიც მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ დამფუძნებელია, ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-დან 2011 წლამდე, შემდეგ კი საპრეზიდენტო სავარძელი დილმა რუსეფს დაუთმო და 2022 წლის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა. 2022 წელს მისი მთავარი კონკურენტი იყო ბრაზილიის მაშინდელი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. ახლა ლულას უპირისპირდება ჟაირის შვილი ფლავიუ, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს შტატის პარლამენტის დეპუტატი და მემარჯვენე ლიბერალური პარტიის კანდიდატია.
ჟაირ ბოლსონარუმ 2022 წლის არჩევნებში მარცხი არ აღიარა და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ისინი პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. 2025 წელს ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ბოლსონარუ-უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელს შინაპატიმრობაში იხდის და შვილს უჭერს მხარს. თავად ფლავიუ აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში მამას შეიწყალებს.
ლულა და სილვა არჩევნებზე საუბრობს როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლაზე და აფრთხილებს საზოგადოებას, რომ მემარჯვენე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას დიქტატურის გზაზე დადგომის საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ის ეწინააღმდეგება ბრაზილიისა და აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებასა და ამერიკული „მონროს დოქტრინის“ აღიარებას, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა მთლიანად აშშ-ის ინტერესების ზონას წარმოადგენს. თავის მხრივ, ფლავიუ ბოლსონარუ მიუთითებს იმ კორუფციულ სკანდალებზე, რომლებიც ლულა და სილვას მმართველობას უკავშირდება, და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების პირობას დებს.
ბრაზილიაში 4 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის შედეგადაც 12 კანდიდატიდან მხოლოდ ორი დარჩა. გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა სიმპათიები ლულა და სილვასა და ბოლსონარუ-უმცროსს შორის თითქმის თანაბრად ნაწილდება მცირე უპირატესობით ბოლსონარუს სასარგებლოდ.
ფორუმი