დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს

ფოტოკოლაჟი: მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი (მარცხნივ), უსმან ნურმაგომედოვი (მარჯვნივ)
ფოტოკოლაჟი: მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი (მარცხნივ), უსმან ნურმაგომედოვი (მარჯვნივ)

აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე რვა მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა - თითოეულ მათგანს პატიმრობის ნაცვლად 150 ათასი დირჰამის (დაახლოებით 106 ათასი ლარის) ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

17 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხარეთა შერიგება, ურთიერთპრეტენზიებზე უარის თქმა და დაზარალებულის მიმართვა აბუ-დაბის მთავრობისადმი დაკავებულთა გათავისუფლების თხოვნით.

აბუ-დაბიში გამართული ჭიდაობის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა თავად ითხოვა თავდამსხმელების გათავისუფლება.

თავდაპირველი განაჩენი

სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევაში, პანიკის გავრცელებასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაპირველად თითოეულ მათგანს ექვსთვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის (დაახლოებით 212 ათასი ლარის) ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა.

კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნეს ჩხუბის ამსახველი კადრების გადაღებასა და ინტერნეტში გავრცელებაში. თითოეულ მათგანს 50 ათასი დირჰამის (დაახლოებით 35 300 ლარის) ჯარიმა დაეკისრა.

ამავე საქმეზე დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 13 ნოემბერს გაათავისუფლეს. თითოეულ მათგანს 50 ათასი დირჰამის (დაახლოებით 13,6 ათასი აშშ დოლარის) ჯარიმა დაეკისრა.

გათავისუფლების შემდეგ ორივე ქართველმა სპორტსმენმა 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე გაიმარჯვა: დვალიშვილმა მარლონ მორაესი დაამარცხა, ლაზიშვილმა კი ურაია ფეიბერს მოუგო.

ლაზიშვილის მონაწილეობა ბოლო მომენტში გადაწყდა - მან ტურნირზე ამავე საქმეზე დაპატიმრებული უმარ ნურმაგომედოვი ჩაანაცვლა.

რა მოხდა სასტუმროში

აბუ-დაბიში დაპირისპირება 11 ნოემბერს მოხდა. დვალიშვილი RAF-ის ღონისძიების წინ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნურმაგომედოვი დვალიშვილს სახეში ურტყამს ხელს, რასაც ჯგუფური ჩხუბი მოჰყვება. დვალიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ ამუშავებდნენ მის სახეზე ჭრილობას.

აბუ-დაბის პოლიციამ 12 ნოემბერს ათი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა - რვა ჩხუბში მონაწილეობის, ორი კი ინციდენტის გადაღების გამო.

კობახიძემ საამიროებს მადლობა გადაუხადა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკზე დვალიშვილისა და ლაზიშვილის საქმეზე მადლობა გადაუხადა:

  • საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც, კობახიზის სიტყვებით, „მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“;
  • „მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა“;
  • „არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას - გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის“.

„მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ.

საიდან დაიწყო დვალიშვილისა და ნურმაგომედოვების დაპირისპირება - წაიკითხეთ ვრცლად.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG