აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარმა ჯგუფურმა ჩხუბმა დვალიშვილსა და ნურმაგომედოვებს შორის დაპირისპირება ისევ ყურადღების ცენტრში მოაქცია.
გავრცელებულ კადრებში უსმან ნურმაგომედოვი ქართველ მებრძოლს ინტერვიუს დროს უახლოვდება და სახეში ურტყამს. დვალიშვილი ამბობს, რომ თავდასხმაში უსმანის ძმა, უმარიც მონაწილეობდა.
ინციდენტის მონაწილეთა დაკავების შესახებ ცნობები რამდენიმე წყარომ გაავრცელა, მათ შორის - რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
კალაძე და ივანიშვილები: „შენ გვერდით ვართ“
თბილისის მერმა კახა კალაძემ ინსტაგრამის სთორიში დვალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!“
დვალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმაც:
„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!“
დვალიშვილს მხარდაჭერა ბერა ივანიშვილმაც გამოუცხადა. მან ინსტაგრამზე დვალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ყველას აჩვენეთ, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს“.
კალაძე და ცოტნე ივანიშვილი ნურმაგომედოვების ოჯახის ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, 2024 წლის 30 ივნისს შეხვდნენ. გერმანიის ქალაქ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს მათთან ერთად ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. შეხვედრის ერთ-ერთი ფოტო კალაძემ გამოაქვეყნა, ხაბიბმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს გულშემატკივრობდა.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა. საუბრის შინაარსი საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა. მაშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვედრის პოლიტიკურ მნიშვნელობას უარყოფდნენ.
სამი ნურმაგომედოვი - ვინ ვინაა
უმარი და უსმანი ძმები არიან; უმარი უფროსია. ხაბიბი მათი ბიძაშვილია და მათ მომზადებაშიც მონაწილეობს. UFC-ს ოფიციალურ მასალაში უმარი აღწერს, როგორ ვარჯიშობს ხაბიბის ხელმძღვანელობით თავის ძმასა და ისლამ მახაჩევთან ერთად.
უმარი UFC-ში, დვალიშვილის წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სწორედ მას შეხვდა ქართველი მებრძოლი 2025 წლის იანვარში საჩემპიონო ბრძოლაში. უსმანი კი მსუბუქ წონაში გამოდის და საჩემპიონო ტიტულები Bellator-სა და PFL-ში აქვს მოპოვებული.
უსმანის UFC-ში გადასვლის შესახებ ცნობები გავრცელდა, თუმცა მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა 11 ნოემბერს სხვა ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაფორმება უარყო. მენეჯერის განცხადებით, ჯერ კიდევ მოქმედებს PFL-თან ექსკლუზიური მოლაპარაკებების პერიოდი, რის გამოც უსმანს სხვა ორგანიზაციებთან მოლაპარაკება არ შეუძლია. შესაბამისად, მისი UFC-ში გადასვლა დადასტურებული არ არის.
ხაბიბმა UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა და პროფესიული კარიერა 29 გამარჯვებით, დაუმარცხებლად დაასრულა. მისი ბოლო ბრძოლა 2020 წელს გაიმართა.
თოფურიას კრიტიკა და სხვა მებრძოლების გამოხმაურებები
ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ თავდასხმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და მონაწილეებს პასუხისმგებლობის დაკისრება მოსთხოვა. მოგვიანებით მან დაწერა, რომ უსმანი და მისი თანმხლები პირები, გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს. თოფურიამ მათი საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ პატივისცემა და ღირსება მოქმედებით უნდა დასტურდებოდეს.
მომხდარს სხვა მებრძოლებიც გამოეხმაურნენ. ბრაზილიელმა პაულო კოსტამ ჯგუფის მიერ ერთ ან ორ ადამიანზე თავდასხმა გააკრიტიკა. ჟილბერტ ბერნსმა აღნიშნა, რომ მებრძოლები საზოგადოებას მაგალითს უნდა აძლევდნენ. ალან ჟუბანმა კი ყურადღება დვალიშვილის თანმხლები ახალგაზრდა სპორტსმენის წინააღმდეგობაზე გაამახვილა და დეინა უაითს მისი UFC-ში აყვანისკენ მოუწოდა.
განსხვავებული პოზიცია გამოხატა ისლამ მახაჩევმა, რომელიც ნურმაგომედოვებთან ერთად ვარჯიშობს. მან უსმანის გამკრიტიკებლებს ჰკითხა, რატომ არ გამოხატეს პროტესტი, როდესაც დვალიშვილი საქართველოში დაღესტნელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა.
მახაჩევის ვერსიით, მაშინ სტუმარი დვალიშვილთან სასაუბროდ მივიდა, ქართველმა მებრძოლმა კი მას დაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. მახაჩევმა აბუ-დაბიში მომხდარი სწორედ თბილისის ეპიზოდს დაუკავშირა.
რა ჩანს კადრებში და რას ამბობს დვალიშვილი
ინციდენტი 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ღონისძიების წინ მოხდა. დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს აძლევდა.
გავრცელებულ ვიდეოში უსმან ნურმაგომედოვი დვალიშვილს უკნიდან უახლოვდება, ქართველი მებრძოლი მისკენ ტრიალდება, უსმანი სახეში ურტყამს და ჯგუფური ჩხუბი იწყება. თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში დვალიშვილს სახეზე სისხლი და დაზიანებები ეტყობა.
დვალიშვილთან ერთად 21 წლის ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა. დვალიშვილი ამბობს, რომ თავდასხმაში ორივე ძმა - უსმანიც და უმარიც - მონაწილეობდა, ხოლო საბამ მათ წინააღმდეგობა გაუწია. დვალიშვილი ასევე აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომლები მას აკავებდნენ, თავდამსხმელები კი წაქცეულებსაც ურტყამდნენ.
ლაზიშვილზე ყურადღება UFC-ს მებრძოლმა ბრენდონ როივალმაც გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა უკან არ დაიხია, მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილი და ლაზიშვილი მოწინააღმდეგეებს რიცხობრივად ჩამოუვარდებოდნენ.
ინციდენტის შემდეგ საბა ლაზიშვილის Instagram-ის გამომწერთა რაოდენობა ერთ დღეში მრავალჯერ გაიზარდა და ამ დროისთვის 230 ათასს აჭარბებს.
დააკავეს თუ არა თავდასხმის მონაწილეები?
ინციდენტის მონაწილეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გარდა ამისა, ТАСС-მა 11 ნოემბერს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, დაწერა, რომ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და ჩხუბის ყველა მონაწილე დააკავეს.
„ჩხუბის მონაწილეები გარემოებების გასარკვევად და გამოკითხვისთვის დააკავეს“, - განუცხადა წყარომ სააგენტოს.
სპორტულმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმაც გაავრცელა ცნობა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პოლიციაში იმყოფებოდა. მის ინფორმაციას 12 ნოემბერს აბუ-დაბიში მოქმედი ინგლისურენოვანი გამოცემა The National-იც დაეყრდნო.
საიდან დაიწყო დვალიშვილისა და უმარის დაპირისპირება
დვალიშვილსა და უმარს შორის უთანხმოება სულ მცირე 2024 წლიდან საჯარო იყო - მათ საჩემპიონო შეხვედრამდე. დვალიშვილი ამბობდა, რომ უმარი ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას ცნობილი გვარისა და ხაბიბთან ნათესაობის გამო იღებდა, მაშინ როდესაც თავად ამ შანსისთვის ხანგრძლივი გამარჯვებების სერია დასჭირდა.
დაპირისპირება ორმხრივ ბრალდებებსა და პრესკონფერენციებზე დაძაბულ ურთიერთობაში გადაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში UFC-ს ხელმძღვანელმა დეინა უაითმა განაცხადა, რომ დვალიშვილმა უმართან შეხვედრის რაც შეიძლება მალე დანიშვნა მოითხოვა, რადგან მისი მხრიდან უპატივცემულო განცხადებების მოსმენით დაიღალა.
ბრძოლა 2025 წლის 18 იანვარს UFC 311-ზე გაიმართა. დვალიშვილმა უმარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ოქტაგონში გამარჯვებას პირადი დაპირისპირება არ დაუსრულებია.
თბილისის ეპიზოდი - ჩხუბი უმარის სახელის ხსენების შემდეგ
2026 წლის ივლისში, თბილისში, RAF-ის ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილს ჰკითხეს, შეხვდებოდა თუ არა უმარ ნურმაგომედოვს ჭიდაობაში. მან ყოფილი მეტოქე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
შემდეგ დვალიშვილთან უმარის მეგობარი მივიდა. MMA Fighting-ის ცნობით, უმარი მას ახმადის სახელით მოიხსენიებდა; სხვა სპორტულმა გამოცემებმა იგი მოჭიდავე ახმედ გაჯიმაგომედოვად დაასახელეს. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
უმარის შემდგომი განმარტებით, მისი მეგობარი დვალიშვილს ეკითხებოდა, რატომ ლაპარაკობდა შეურაცხმყოფლად ადამიანზე, რომელიც იქ არ იმყოფებოდა. უმარი ამტკიცებდა, რომ მეგობარს ფიზიკური დაპირისპირება არ დაუწყია და ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა დვალიშვილს ეკისრებოდა.
ფორუმი