მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია - „დიპლომატთა საზოგადოება“ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე

ფოტოკოლაჟი: გიორგი ზურაბაშვილი (მარცხნივ) და მიხაილ გალუზინი
ფოტოკოლაჟი: გიორგი ზურაბაშვილი (მარცხნივ) და მიხაილ გალუზინი

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ განცხადებით ეხმაურება მინსკში დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის დაგეგმილ შეხვედრას.

ორგანიზაციაში, რომელიც კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ „რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“.

ამასთან, მათი განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა.

„ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს" და რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება, ნაცვლად რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ დიალოგისა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხით გაფართოებას და ამ პოზიციაზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნას ორგანიზაცია განიხილავს „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“, რაც, მათი თქმით, „საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს“.

არსებული ინფორმაციით, ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება.

მინსკი პრაღის ნაცვლად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგადი ცნობის თანახმად, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე.

უწყებაში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

  • რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს.
  • მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ.
  • მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.
  • რაც შეეხება მინსკს, - ბელარუსის დედაქალაქს, - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას:
  • „ჟენევის ფორმატი“ - ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ - წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
  • ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.
  • რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას;
  • ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.
  • გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.


კონტაქტები აღდგება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა.

ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი.

  • სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა;
  • ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

კრიტიკა მანდატის გაფართოების გამო

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ 21 ოქტომბერსაც გააკრიტიკა.

ამ ჯგუფის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა.

„დიპლომატთა საზოგადოების“ შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, - რასაც ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ.

  • ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უშლის ხელს.
  • „აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.
​
XS
SM
MD
LG