მოვლენები სწრაფად განვითარდა:
- 21 ოქტომბერს - ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და თქვა, რომ, ზურაბაშვილის თხოვნით, ის პოსტს საგარეო უწყებაშიც შეინარჩუნებდა;
- 21-28 ოქტომბერს, პოსტფაქტუმ, დაჩქარებული წესით შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა - გიორგი ზურაბაშვილის მიერ ორი სამსახურის შეთავსების კანონიერი საფუძვლისთვის;
- 16 ნოემბერს გაირკვა, რომ ზურაბაშვილს, რუსეთის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დაელაპარაკებოდა;
- 16-17 ნოემბერს - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა "ძალიან მალე" გაიმართება, რაც დაადასტურეს მოსკოვშიც;
- 18 ნოემბერს გაირკვა, რომ შეხვედრა მეორე დღეს მინსკში გაიმართებოდა.
მოლაპარაკებების მასპინძლად რუსეთის მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქის შერჩევას უსაფრთხოების ექსპერტები საქართველოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ გიორგი ზურაბაშვილი სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციის შესრულებას არა პრემიერ-მინისტრის ბრძანების, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე შეუდგა.
ღია წყაროებში არ იძებნება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს აღწერდა - განსახილველი მიმართულებების ჩამონათვალით.
„ცოტაც დაიცადეთ“, „მალე ყველაფერს გაიგებთ“, - უთხრა 18 ნოემბერს რადიო თავისუფლებას პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" საერთაშორისო მდივანმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ. ფიფიასთვის გალუზინისა და ზურაბაშვილის "მაღალი რანგის" დიალოგის დაწყება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან მიახლოებასაც ნიშნავს.
ორ ქვეყანას შორის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 29 აგვისტოს შეწყდა, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) — „დამოუკიდებლობის“ აღიარების საპასუხოდ. თბილისში კვლავ აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება საქართველოს დეოკუპაციამდე. მომხრეა მიხაილ გალუზინიც, რომელიც მოსკოვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც წარმოადგენს. აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლი სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში ცდილობს თბილისის დაყოლიებას, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, რაც მათი აღიარების ტოლფასია. თბილისში კვლავ აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება - საქართველოს დეოკუპაციამდე.
დიალოგი მინსკში
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევასრულო ის ამოცანები, რაც საქართველოს სჭირდება“, - თქვა გიორგი ზურაბაშვილმა 21 ოქტომბერს ბრიფინგზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ის რუსეთთან ურთიერთობებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა.
კონკრეტულად რა ამოცანების შესრულება სჭირდება დღეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში? - ეს ზურაბაშვილს ბრიფინგზე აღარ დაუზუსტებია. ირაკლი კობახიძემ კი „უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებად“ დაასახელა:
- რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება - „რითაც არის დაკავებული, მათ შორის - ჟენევის ფორმატი“;
- არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება.
მოსკოვში შენიშნეს, რომ მოლაპარაკებების მიზნებს შორის პირველ ადგილზე თბილისმა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დაასახელა, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ - ეკონომიკა და ჰუმანიტარული კავშირები.
"ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ბუნებრივია. მათ შორისაა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები”, - განაცხადა კობახიძემ ამავე თემაზე 2 ნოემბერს. „ყველა თემაზე იქნება საუბარი... ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული“, - კობახიძემ უთხრა ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.
ამოცანებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არასოდეს დაუსახელებია პირველ სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, რომელიც 2012 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, დანიშნა.
„პრაღის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატში", წლების განმავლობაში, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ელაპარაკებოდა - რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილესა [2012–2019 წლები] და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს/ სენატორს [2019 წლიდან].
"იზვესტიასთან" კარასინი ამბობს, რომ ტერიტორიული უთანხმოება არასოდეს ყოფილა ზურაბ აბაშიძესთან მისი მოლაპარაკებების საგანი.
ძირითად სასაუბრო თემებად აბაშიძე ასახელებდა: სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებს.
“რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას როგორც უსაფრთხოების, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის, აშშ-ის მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ 2020 წლის 28 ნოემბერს.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე, უნდა აღდგეს კულტურული და ეკონომიკური კავშირები რუსეთთან.
“ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ევროპაზე უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს”, - დააკონკრეტა ივანიშვილმა მაშინ, აბაშიძის წარდგენისას.
14 წლის შემდეგ, 2026 წელს, თბილისის დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ მკვეთრად გაუარესებულია. თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად გაყინულია.
დიპლომატიური ურთიერთობები? - საით მიდის პროცესი
“ეს არის ირიბად დიპლომატიური კონტაქტების აღდგენა, იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალი რანგის პირი, რომელსაც გააჩნია აქტიური დიპლომატის სტატუსი - კი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რანგში - მაგრამ [ის] აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან”, - განმარტავს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) უფროსი მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი, რადიო თავისუფლების გადაცემაში „პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე“ .
ზოგადად, ბილანიშვილი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან კომუნიკაციის მომხრეა, მაგრამ აუცილებელი პირობით - თუკი ქვეყანას ექნება ბალანსის ბერკეტები და მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.
დღეს კი, ბილანიშვილის შეფასებით, საქართველოს პოზიციები, იზოლაციის ფონზე, დასუსტებული, დაუცველია და ამიტომ რუსეთთან დიალოგში ის კარგს არაფერს მოელის.
გალუზინი-ზურაბაშვილის საკონტაქტო არხი ახალი გარემოებების ფონზე გაიხსნა:
- "ქართული ოცნება" ხშირად იმეორებს, რომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო, რაც ექსპერტებისთვის ომის დაწყების საქართველოსთვის დაბრალების ტოლფასია;
- მმართველმა პარტიამ ბრძოლა გამოუცხადა რუსოფობიას;
- ცდილობს პროევროპული ოპოზიციური პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით; ამ სარჩელშია აგვისტოს ომის საკითხიც;
- მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ძალებმა ღიად დაიწყეს ლაპარაკი საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე, რაც მოსკოვისთვის სასურველი მოცემულობაა.
“ბოლო წლებში საქართველო გაიზარდა, უკეთ დაიწყო საკუთარი ეროვნული ინტერესების, რეგიონული პოლიტიკისა და ამ კოორდინატთა სისტემაში დასავლეთის ადგილის გაგება, ამიტომ არსებობს საფუძველი, რომ ფორმატის აღდგენას ოპტიმიზმით შევხედოთ“, - გრიგორი კარასინის ციტატას "იზვესტია" აქვეყნებს. მოსკოვში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს ევროპა ეწინააღმდეგება, მაგრამ “ქართული ოცნება” ეფექტიანად რეაგირებს.
16 ნოემბერს ასევე "იზვესტიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბაშვილს რუსეთის სახელით გალუზინი დაელაპარაკებოდა.
“იზვესტიის” სტატიაში მოყვანილია პრორუსული პარტიის - "სოლიდარობა მშვიდობისთვის" - საერთაშორისო მდივნის, ბიზნესმენ მამუკა ფიფიას კომენტარი, რომ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა მეტყველებს თბილისის რეალურ განზრახვაზე, გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვთან; ხოლო თავად ზურაბაშვილს "მაღალი რანგი საშუალებას აძლევს, პირდაპირ შეხვდეს რუსული დიპლომატიის ოფიციალურ პირებს, მათ შორის მიხაილ გალუზინს და სერგეი ლავროვსაც კი".
ამ შინაარსის განცხადება ფიფიამ ჯერ კიდევ 3 ნოემბერს “სალავიოვ ლაივის” ეთერში გააკეთა; სადაც ასევე თქვა:
“ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით“.
გადაცემის წამყვანმა კი გიორგი ზურაბაშვილს „არა უბრალო ადამიანი“ უწოდა.
“ეს იქნება შეხვედრა თანაბარ დონეზე და ყველა სიგნალს, რაც არის რუსეთიდან გადასაცემი, ყველაფერს გადასცემს”, - უთხრა მამუკა ფიფიამ რადიო თავისუფლებას 18 ნოემბერს; დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და არც შეხვედრის ადგილი არ გაგვიმხილა - რაც გვიან საღამოს გახდა ცნობილი.
მინსკში გადატანა
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები პირისპირ სწორედ მინსკში რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ფიფიას დიდი ხნის სურვილი იყო, რასაც ღიად გამოხატავდა.
ფიფიას წინასწარი განცხადებებიდან ახლო წარსულში ბევრი რამ გამართლდა. თვეებით ადრე, პირველად სწორედ მან გაახმოვანა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
ფიფია და მისი თანაგუნდელები რუსეთსა და საქართველოს შორის “გეორგიევსკის ტრაქტატი 2-ის" ხელმოწერას ითხოვენ. სურთ, რომ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდეს. დასავლელ პარტნიორებს ფიფია მტრებს უწოდებს და თვლის, რომ საქართველომ “სამუდამოდ უნდა დაივიწყოს” ნატოც და ევროკავშირიც.
პრაღის ფორმატის" მინსკში გადატანას სარისკოდ მიიჩნევს თეონა აქუბარდია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი; ის ხედავს საფრთხეს, რომ "ჟენევის ფორმატი თანდათან დაკარგავს პოლიტიკურ დატვირთვას, ხოლო საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები რუსეთისთვის სასურველ, ასიმეტრიულ ორმხრივ მოლაპარაკებებში აღმოჩნდება".
"ამ პროცესს კიდევ ერთი, გაცილებით სახიფათო კონტექსტი აქვს. კრემლთან დაახლოებული პირები საჯაროდ საუბრობენ რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოებაზე და ამ სივრცეში თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ცალ-ცალკე ინტეგრირების შესაძლებლობაზე. ეს ნიშნავს არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ საქართველოს სამი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით დაშლისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის პერსპექტივას. ამიტომ მინსკში მოლაპარაკებების გადატანა მხოლოდ დიპლომატიური ფორმატის ცვლილება არ არის. ის შეიძლება გახდეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოღება და რუსეთის ორმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა", - აღნიშნავს აქუბარდია.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება მუდმივად მოითხოვდა, რომ შეიცვალოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მასპინძელი - რადგან შვეიცარია მისთვის ნეიტრალურ მხარეს აღარ წარმოადგენს „ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან მიერთების გამო". იყო ლაპარაკი მინსკის შესახებაც.
„ჟენევის ფორმატი არ იცვლება. ის დარჩება“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ზურაბაშვილმა. მანამდე იგივე განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმაც.
"ქართული ოცნება" უარყოფს დიპლომატიური ურთიერთობების ამ ეტაპზე აღდგენის შესაძლებლობებსაც. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება”, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ 16 ნოემბერს.
„ფორმალურად დიპლომატიური ურთიერთობა უკვე აღდგენილია ზურაბაშვილის დანიშვნით, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე უარესი მთელი საქართველოს კონტროლია, რაც რუსეთს აქვს ჩაფიქრებული და ეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შემობრუნების გეგმაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.
„მე ვფიქრობ, რომ ამ [გალუზინი-ზურაბაშვილის] ფორმატში მთავარი ამოცანა იქნება გზის გახსნა აფხაზეთის გავლით - ჯერ სახმელეთო და მერე სარკინიგზო; რომ რუსეთი შემობრუნდეს სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო დერეფნების კონტროლით, - ევროკავშირის მხარდაჭერილი შუა დერეფნის ალტერნატივის შესაქმნელად... ამით რუსეთს შეეძლება მთელი საქართველოს კონტროლი და პლუს უფრო ახლოს მისვლა სომხეთთან, რაც არის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შემობრუნების გეგმა“, - აქუბარდია იხსენებს საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საბაჟო ზედამხედველობა სამ ”სავაჭრო დერეფანზე” უნდა გავრცელებულიყო; ხოლო მონიტორინგი უშუალოდ დერეფნების საწყის და ბოლო პუნქტებზე უნდა დაწესებულიყო - ტვირთების კონტროლის GPRS-ის სისტემით, ელექტრონული სტიკერების დახმარებით. პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის დროს ამ შეთანხმების ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.
სპეცწარმომადგენელი თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე?
ირაკლი კობახიძე გიორგი ზურაბაშვილს ხაზგასმით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბაშვილი აგრძელებს მუშაობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე. როგორც ოფიციალურად განიმარტა, პოზიციების შეთავსება თავად ზურაბაშვილის სურვილით მოხდა.
„მეორე მხარე [რუსეთი] გამიჯნავს ამას ასე?! მას ექნება ისეთივე მიდგომა, ისეთივე დამოკიდებულება, რომ ჩვენ, აი, სპეცწარმომადგენელს ველაპარაკებით და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც [მინისტრის] პირველი მოადგილეა?!“ - რიტორიკულ შეკითხვებს სვამს გიორგი ბილანიშვილი რადიო თავისუფლებასთან და თავადვე პასუხობს, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთში ზურაბაშვილის ორ თანამდებობას ერთმანეთისგან არ გამიჯნავენ, რადგან „ეს მათთვის მომგებიანია“.
რუსეთის მედია წერს, რომ მოლაპარაკებები „საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე“ იწყება, რაც ხელს შეუწყობს ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობებს.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ზურაბაშვილის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება არ გამოცემულა. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სპეცწარმომადგენლის პოზიციაზე ის ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა.
პრემიერის სპეცწარმომადგენლისთვის ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მითითებულია მთავრობის №332-ე დადგენილებაში, რომელიც 2026 წლის 17 ივლისით არის დათარიღებული.
- მთავრობის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ ზურაბაშვილი პოსტზე 21 ოქტომბერს დაინიშნა და იგივეა მითითებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე, მინისტრის პირველი მოადგილის ბიოგრაფიულ ცნობებში.
- 21 ოქტომბერს მინისტრის მოადგილეებს, კანონით, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ უფლება, შეეთავსებინათ სპეცწარმომადგენლის პოზიცია. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში, მესამე მოსმენით, 28 ოქტომბერს დაამტკიცეს. განხილვა კი „დაჩქარებული წესით“ სწორედ 21 ოქტომბერს დაიწყო.
“ეს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა… შეიძლება თანდათან გაფართოვდეს სპეცწარმომადგენელთა რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით”, - ვარაუდობს თეონა აქუბარდია, საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.
რა სურს მოსკოვს - გალუზინის განცხადებები
2008 წლის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, მოსკოვი დაჟინებით ითხოვს - საქართველომ მოახდინოს საოკუპაციო ხაზების ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაცია და ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას ოკუპირებულ რეგიონებთან, რაც მათი აღიარების ტოლფასია.
ჟენევაში რუსეთს ამჟამად სწორედ მიხაილ გალუზინი წარმოადგენს და ამ საკითხებზე, 68-ე რაუნდის წინ, პირადად ელაპარაკა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს.
68-ე რაუნდის [11-12 ნოემბერი] შემდეგ კი, საგარეო უწყებამ ზომების მიღების აუცილებლობა ახსნა რისკებით, რომლებიც "მომდინარეობს როგორც თავად საქართველოში არსებული რადიკალური ძალებისგან, ისე მისი მთელი რიგი უახლოესი უცხოელი პარტნიორებისგან, უპირველეს ყოვლისა - ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან, რომლებიც უარს ამბობენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბებული რეალიების აღიარებაზე და აგრძელებენ თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჟენევაში ბოლო, 68-ე რაუნდის [11-12 ნოემბერი] შემდეგ გამოქვეყნდა.
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს "მეზობლებად" არიან მოხსენიებული.
2026 წლის თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.
„ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს, თუ რამდენად დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით. თუმცა ეს მათი საქმეა“, - თქვა გალუზინმა.
2026 წლის 5 ივნისს, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის „საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის გარეშეც „3+3-ის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულყოფილი იყოს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობას 3+3 ფორმატის „პირველ საექსპერტო შეხვედრაში“, რომელიც პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამ შეხვედრაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მონაწილეობდა. მოგვიანებით, მეტრეველმა ახსნა, რომ ფორუმს საკუთარი ინიციატივით დაესწრო.
ფორუმი