ივანიშვილები: ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ

„ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ“, - აცხადებენ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.
„ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ“, - აცხადებენ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს უყიდიან.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს“.

განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს“, - აცხადებენ ისინი.

მათი განცხადებით, „ეს არის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“.

აფეთქება ფონიჭალაში

2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულები არიან:

  • 38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე; ოჯახის ერთი წევრი, 3 წლის თაია, რომელმაც ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს.
  • 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი შვილი, 6 წლის არიანა რისტიჩი;
  • 55 წლის ლალი შიშმანაშვილი;
  • 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აფეთქების მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ.

​
XS
SM
MD
LG