„მოუშუშებელი იარა“ - რა ვიცით ფონიჭალაში დაღუპულებზე

ფოტოკოლაჟი: ზედა ნაწილში - ჯაბა საყევარაშვილი, ნუცა ფხალაძე და ნინო ჭელიძე, ქვემოთ - ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი, არიანა რისტიჩი და ლალი შიშმანაშვილი
ფოტოკოლაჟი: ზედა ნაწილში - ჯაბა საყევარაშვილი, ნუცა ფხალაძე და ნინო ჭელიძე, ქვემოთ - ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი, არიანა რისტიჩი და ლალი შიშმანაშვილი

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან 6 წლის არიანა რისტიჩი და 7 წლის ნუცა ფხალაძე. ორივე ბავშვი დედასთან ერთად დაიღუპა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე

ნინო ჭელიძე ხუთი შვილის დედა იყო. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მისი სამი შვილი სკოლაში წავიდა. ნინო ორ შვილთან, ნუცასა და თაიასთან ერთად სახლში დარჩა.

3 წლის თაიამ ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა. მაშველებმა ის ცოცხალი ამოიყვანეს.

ნინო ჭელიძე გლდანში, მაღაზია SHOP MARINA-ში მუშაობდა.

„მშვიდობით, ნინო, მუდამ ჩვენს გულში იქნები“, - წერენ მისი თანამშრომლები.

33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი შვილი, 6 წლის არიანა რისტიჩი

ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი კაზინო Grand Bellagio-ში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობდა.

„მისი ღიმილი, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება ჩვენს გუნდში სამუდამოდ დარჩება“, - წერს კაზინო ფეისბუკზე.

არიანას თბილისის №58-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლები იხსენებენ.

„უდიდესი ტკივილი, დანაკლისი, სიცარიელე და მოუშუშებელი იარა იქნები მუდამ ჩვენთვის, ჩვენო ცქრიალა, სიცოცხლით სავსე, თბილო და ტკბილო გოგო“, - წერენ ბაღის თანამშრომლები.

„ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“, - წერს არიანაზე მისი ბიძა, დავით ვანიშვილი.

55 წლის ლალი შიშმანაშვილი

ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს მასთან სახლში მისი ტყუპი ქალიშვილები იყვნენ. დებმა შენობიდან გასვლა შეძლეს.

შიშმანაშვილი სოფელ იყალთოს მკვიდრი იყო.

„ლამარა ულამაზეს ლექსებს წერდა სიყვარულზე, მის თითოეულ სტრიქონში იგრძნობოდა ის სულიერი სილამაზე და სითბო, რომელიც თავად მასში ცხოვრობდა. უყვარდა იყალთო, თავისი სოფელი, ადამიანები… და დღეს ეს სოფელი კიდევ ერთ ძვირფას ადამიანს გლოვობს“, - წერს ფეისბუკგვერდი „იყალთოს მატიანე“.

28 წლის ჯაბა საყევარაშვილი

ჯაბა საყევარაშვილი „საქართველოს ფოსტაში“ კურიერად მუშაობდა.

„ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია“, - წერს „საქართველოს ფოსტა“.

დაშავებულთა მდგომარეობა

20 ნოემბრის მონაცემებით, აფეთქებისას დაშავებული 31 წლის ილია ისაევის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება მის ბინაში მაშინ მოხდა, როცა ისაევმა გაზის გამათბობლის ჩართვა სცადა.

ილია ისაევი
ილია ისაევი

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება.

მეზობლის თქმით, ისაევი ფონიჭალაში გაიზარდა და თბილისის №127-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით ის დედასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში აფეთქების წინა დღეს ჩამოვიდა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, კლინიკაში მყოფი ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 3 წლის თაია პედიატრიის განყოფილებაშია, 11 წლის ბიჭი კი - რეანიმაციაში.

აფეთქების მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ.

დაღუპულთა დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თბილისის მუნიციპალიტეტი დაფარავს.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG