ამის შესახებ პოლოენთის მედია იუწყება პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე დაყრდნობით.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, უახლოეს ხანში პოლონეთი ნატოელი მოკავშირეებისგან „ძლიერ მხარდაჭერას“ მიიღებს თავისი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვაში. კოსინიაკ-კამიშის თქმით, სხდომაზე პოლონეთი „კონკრეტულ წინადადებებს წარადგენს“, რის შემდეგაც განისაზღვრება „მოქმედების ახალი შესაძლებლობები“. სხდომას მან საგანგებო უწოდა, თუმცა საუბარი არ არის კონსულტაციების მექანიზმის ფორმალურ ამოქმედებაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან შაბათს დეტალები განიხილა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ალექსუს გრინკევიჩთან ერთად. შაბათსვე ვარშავას ეწვია ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. „ევროპაში ნატოს ძალების სარდალი ყველაფერს გააკეთებს, რათა ზუსტად გაარკვიოს, სად არსებობს საფრთხეები ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის სისტემისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები გაკეთდეს“, - თქვა რიუტემ ვიზიტისას და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ადასტურებენ მზადყოფნას, დაიცვან ნატოს წევრი თითოეული ქვეყნის ტერიტორია.
20 ნოემბერს რუსეთის დარტყმების დროს უკრაინისა და პოლონეთის საჰაერო საზღვარი სამმა ობიექტმა გადაკვეთა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ლუბლინისა და ქვემო კარპატეთის სავოევოდოების ტერიტორიებზე ჩამოვარდა ზიანის მიუყენებლად. დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი ობიექტი ფრთოსანი რაკეტა იყო, დანარჩენ ორთან დაკავშირებით კი სიცხადე ჯერჯერობით არ არის. რიგი ცნობებით, ჯამში საუბარი იყო რუსეთის ორ ფრთოსან რაკეტასა და ერთ უპილოტო საფრენ აპარატზე. ქვემო კარპატეთის სავოევოდოს ვოევოდის, ტერეზა კუბას-ხულის მონაცემებით, ეს იყო ერთი ფრთოსანი რაკეტა და ორი რეაქტიული დრონი.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსეთის შეტევა, რომლის შედეგადაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა, შემთხვევითი არ ყოფილა“. მან აღნიშნა, რომ რაკეტა ე.წ. მსურველთა კოალიციის სამხედრო წვრთნების ადგილის სიახლოვეს ჩამოვარდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა რუსეთის მხრიდან განზრახ პროვოკაციაზე და ინციდენტის სერიოზულობას გაუსვა ხაზი. ამასთან, მან თქვა, რომ არაერთი პარტნიორი, კერძოდ აშშ, არწმუნებს პოლონეთს, რომ ზედმეტად მკაცრი რეაქცია საჭირო არ არის - რათა შემდგომი ესკალაცია არ დაუშვან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისი აზრით, შემთხვევით გაუშვა პოლონეთის მიმართულებით „რამდენიმე პატარა რაკეტა“.
რუსეთის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის უკრაინაში ომის მიმდინარეობისას. პოლონეთში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებიც შეჭრილან. 2022 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა უკრაინის საზენიტო რაკეტა, რომელიც რუსეთის დარტყმის მოგერიებისას გადავიდა კურსიდან. მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი