„შეუქცევადი მშვიდობა გვექნება“ - სომხეთში ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე წარადგინა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება არ არის.

„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის უწყვეტობისა და განვითარებისთვის, ვხელმძღვანელობთ ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული სახელმწიფოს აშენების მისიითა და ამ სახელმწიფოს თაობიდან თაობისთვის გადაცემის ვალდებულებით და ვიღებთ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას.

კონსტიტუცია ჩვენი საერთო შეთანხმებაა სომხეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე“, – წერია პრეამბულაში.

პროექტის გამოქვეყნებისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვებსაიტი შეიქმნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს პროექტის გაცნობა და მასზე წინადადებების წარდგენა გაუადვილდეთ.

პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ეროვნული კრების როლისა და ოპოზიციის უფლებების შესახებ დებულებებში, ასევე პარტიებისა და მედიასაშუალებების მარეგულირებელ წესებში.

პროექტით მცირდება რეფერენდუმზე კონსტიტუციის ან მასში ცვლილებების პროექტის გასატანად საჭირო ხმების რაოდენობაც.

„ეროვნული კრება კონსტიტუციის ან კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის რეფერენდუმზე გატანის შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატთა საერთო რაოდენობის სულ მცირე სამი მეხუთედის მხარდაჭერით იღებს“, – წერია პროექტში.

მოქმედი კონსტიტუციით, ამ გადაწყვეტილებას დეპუტატთა საერთო რაოდენობის სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.

გვექნება მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც...

„ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოვაწერთ და ინსტიტუციური, გრძელვადიანი და შეუქცევადი მშვიდობა გვექნება. ეს უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენაა როგორც ინსტიტუციური მშვიდობის დამყარების გამო, ისე იმიტომ, რომ გვექნება მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც, მშვიდობაც და სახელმწიფოც“, – თქვა ფაშინიანმა პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში.

ახალი კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გასატანად ეროვნულ კრებაში მას მხარი სულ მცირე 70-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ოპოზიციის ექვსი ხმის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი ბაქოს მოთხოვნით იცვლება და აცხადებენ, რომ პროექტის რეფერენდუმზე გატანას მხარს არ დაუჭერენ.

ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინაპირობად მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითების ამოღებას, რადგან დეკლარაციაში ხედავს აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიას. დოკუმენტში ნახსენებია მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანება.

​
XS
SM
MD
LG