„ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია სუროგაცია, პირველ რიგში, ქალების ექსპლუატაციის კუთხით... როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს სუროგაციის პრობლემას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ეთიკური თვალსაზრისით“:
„მთავარი პრობლემაა ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან“.
ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, სუროგაციის აკრძალვა საპატრიარქოს მოთხოვნა იყო თუ არა.
„მათი პოზიცია იყო, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო აკრძალულიყო...
ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია საპატრიარქოს, ეკლესიის მოსმენა, მათი აზრის გათვალისწინება, ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“.
სუროგაციის აკრძალვა
ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვის იდეა კვირა დღეს, 22 ნოემბერს, გააჟღერა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალიამ დაასახელა ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები. მან თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.
„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კირცხალიამ.
სუროგაცია საქართველოში - რისკი ქალებისთვის
რადიო თავისუფლებამ სუროგაციის თემაზე არაერთი მასალა მოამზადა. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული სუროგატი ქალები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, კუთვნილი ანაზღაურება ვერ მიიღეს და მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
- 2025 წელს გამოძიებამ ათეულობით სუროგატი ქალი ცნო დაზარალებულად.
- მკვლევრების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით დაიბადა 4674 ბავშვი.
- რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება აუცილებელია, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ემხრობოდნენ.
საპატრიარქო კმაყოფილია
23 ნოემბერს, ბოდბის წინდა ნინოს მონასტერში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავი ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „დიდი კმაყოფილებით გამოეხმაურა“ სუროგაციის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივას.
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან, იმისთვის რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - თქვა შიო III-მ.
ქალები, რომლებიც უშვილობას ებრძვიან
„ქართული ოცნების“ ინიციატივა მყისიერად იქცა განხილვის მთავარ თემად სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებით კი იმ ჯგუფებში, სადაც ათასობით ისეთი ქალია გაერთიანებული, რომლებიც წლებია, უნაყოფობას ებრძვიან და სუროგატი ქალების დახმარებით შვილის გაჩენა, ამ ეტაპზე, შესაძლოა მათი ერთადერთი გამოსავალი იყოს.
ამ მომსახურების მისაღებად მათ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის გადახდა უწევთ - წლების განმავლობაში აგროვებენ ფულს, მიდიან ემიგრაციაში, ბანკიდან იღებენ ვალს, მაგრამ ამბობენ, რომ მზად არიან, შვილის გაჩენის ამ ერთადერთი შანსისთვის ყველაფერი გააკეთონ.
ფორუმი