„ბოლო იმედსაც გვართმევენ“ - სუროგაციის რეგულირების ნაცვლად სრული აკრძალვა

„ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გადაწყვიტა.
„ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გადაწყვიტა.

მოკლედ

  • „ქართული ოცნება“ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
  • გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ საპატრიარქოს პოზიციაც გაითვალისწინა.
  • აკრძალვა მძიმე დარტყმა იქნება უშვილო წყვილებისთვის, რომელთა ნაწილისთვისაც ეს მშობლობის ერთადერთი შესაძლებლობაა.
  • ჩვენი გამოძიებები აჩვენებს, რომ ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია: ქალთა ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი, თაღლითობა და ბავშვების მიტოვების შემთხვევები.
  • ექიმები და დარგის სპეციალისტები სრული აკრძალვის ნაცვლად მკაცრი რეგულაციებისა და კონტროლის დაწესებას ითხოვენ.

„ქართული ოცნება“ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მათ 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომაზე, საპატრიარქოსა და მთავრობასთან „აქტიური კონსულტაციის“ შემდეგ მიიღეს.

„გავერთიანდეთ და აქცია დავაანონსოთ“ - ქალები, რომლებიც უშვილობას ებრძვიან

რას ამბობენ სუროგატი ქალები?

სად წავიდა წინა კანონპროექტი?

ეს კანონპროექტი შეიცვლება თუ ახალი შეიქმნება?

სუროგატი ქალები, სუროგაციით გაჩენილი ბავშვები - რა პრობლემები დაგროვდა წლების განმავლობაში?

სუროგაციით დაბადებული ბავშვები და მათთან დაკავშირებული კითხვები

როგორია კანონმდებლობა დღეს

არა აკრძალვა, არამედ რეგულაციების გამკაცრება - რას ამბობენ ექიმები

სუროგაცია და საერთაშორისო პრაქტიკა

უშვილობის მკურნალობის დაფინანსება - გაყინული პროცესი

საპატრიარქოს მრავალწლიანი წინააღმდეგობა სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართ

ტრიბუნასთან მდგარმა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. ამ რისკებს შორის მან დაასახელა ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები.

დაამატა ისიც, რომ სუროგაციის აკრძალვის შესაძლო ეკონომიკური ზარალი ვერ გადაწონის რისკებს.

„ტრეფიკინგზე და ამის რისკზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ“, - თქვა უმრავლესობის ლიდერმა და კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი აღარ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვები საზღვარგარეთ მიჰყავთ, სახელმწიფო კი მათ ბედს ვეღარ აკონტროლებს.

ირაკლი კირცხალიას მონაცემებით, დღეს საქართველოში სუროგაციის პროგრამით მოსარგებლეთა 98% უცხოელი წყვილია და შესაბამისად მხოლოდ 2% საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება ამბობს, რომ სუროგაციის სრული აკრძალვა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება, თუმცა სახელმწიფო შეეცდება, თავის მოქალაქეებს დედობისა და მშობლობის უფლების ხორცშესხმაში დაეხმაროს და ისინიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.

თითქმის იგივე თქვა სუროგაციის სრულად აკრძალვის მიზეზებზე "იმედის" ეთერში 23 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, პრობლემებია როგორც "ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობის, ისე პროცესის კონტროლის თვალსაზრისით", არსებობს ფიქტიური ქორწინებების, მონაცემების გაყალბებისა და სხვადასხვა მანიპულაციის საფრთხეც.

მისივე შეფასებით, სუროგაცია საქართველოში ფართომასშტაბიან კომერციულ საქმიანობად იქცა, რომლის ეფექტიანი კონტროლი მკაცრი რეგულაციების პირობებშიც რთული იქნება.

სარჯველაძე მიუთითებს ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც სუროგაცია აკრძალულია, მათ შორის გერმანიაზე, საფრანგეთსა და ესპანეთზე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა შეისწავლა და მიიჩნია, რომ საქართველოს რეალობისა და სუროგაციის კომერციალიზაციის მასშტაბის გათვალისწინებით, სრული აკრძალვა უფრო გამართლებულია. ამასთან, მინისტრი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საპატრიარქოს პოზიციაც გაითვალისწინეს.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი
მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი

„რასაკვირველია, არავინ არ მალავს ამას და აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და ამაში არ მგონია, რომ რამე დასაძრახი და ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის...ეს არ არის ისეთი ბრმა მორჩილების და, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების გაზიარების პროცესი. აქ, ბუნებრივია, ვმსჯელობთ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მივდივართ“.

„გავერთიანდეთ და აქცია დავაანონსოთ“ - ქალები, რომლებიც უშვილობას ებრძვიან

„ქართული ოცნების“ ინიციატივა მყისიერად იქცა განხილვის მთავარ თემად სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებით კი იმ ჯგუფებში, სადაც ათასობით ისეთი ქალია გაერთიანებული, რომლებიც წლებია, უნაყოფობას ებრძვიან და სუროგატი ქალების დახმარებით შვილის გაჩენა, ამ ეტაპზე, შესაძლოა მათი ერთადერთი გამოსავალი იყოს.

ამ მომსახურების მისაღებად მათ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის გადახდა უწევთ - წლების განმავლობაში აგროვებენ ფულს, მიდიან ემიგრაციაში, ბანკიდან იღებენ ვალს, მაგრამ ამბობენ, რომ მზად არიან, შვილის გაჩენის ამ ერთადერთი შანსისთვის ყველაფერი გააკეთონ:

„და იმ წყვილებმა რა დავაშავეთ რომლებსაც გენეტიკური მასალა გავყინეთ ჩვენი ბოლო იმედისთვის, სუროგატისთვის? იმ გაყინულ ემბრიონებს რა ბედი ეწევათ, როცა ეს კანონი შევა ძალაში და აიკრძალება? ამაზე ვინაა პასუხისმგებელი? ჩვენ რა დავაშავეთ, ვინც გადმოვიხვეწეთ ემიგრაციაში, რომ ეს სურვილი ავიხდინოთ, ვწვალობთ, ვჯახირობთ, რომ ეს ოცნება ავიხდინოთ ... რატომ უნდა დავიჩაგროთ იმ უცხოელების ფონზე?"

„ძალიან უსამართლობაა, აქ ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია შვილის გაჩენა კლინიკური მიზეზით, რადგან არ მაქვს საშვილოსნო და ამის გამო ვიბრძვი, რომ თანხა შემეგროვებინა. ამ ერთადერთ იმედსაც მიკლავენ?“

„მართალა ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ! ჯერ ხომ ფინანსური დახმარება 0 და ეხლა ჩვენი წვალებით მოპოვებული ფულითაც უნდა აგვიკრძალონ? 100 ათასი მაქვს დახარჯული უშედეგოდ (წვალებით მოპოვებული, როგორც ბევრს აქ). ვერ მივიღე ორსულობა. თუკი ბოლო გზად, სამომავლოდ, დამჭირდება სუროგაცია ან დონაცია და აკრძალეს ე. ი უშვილოდ უნდა დავრჩე? ცოდვა არ არის უშვილოდ რომ ვიტანჯებით ამდენი წელი გოგოები?! ცხოვრება რომ დავკარგეთ ამ წლებში?“

„ახლა არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ სახელმწიფომ გაიგოს, რამდენ ოჯახს უნდა შვილი და შვილის გულში ჩახუტება და არ აქვს ამის ფული ... დააფინანსოს სახელმწიფომ ან თუნდაც საპატრიარქომ ერთობლივად, გული მიფრიალებს, როცა ვიხსენებ როგორ ავდექი და გამოვედი უსიტყვოდ [კლინიკიდან], როცა ყველა ხარჯი დათვალეს ინვიტროსთვის, ფული არ მქონდა, ავდექი, უსიტყვოდ გამოვედი ექიმის ოთახიდან და ვუთხარი, დიახ, მოვალ... და წავედი თბილისის საცობებში სამსახურში, რომ არ დამგვიანებოდა და არ დამეკარგა სამსახური, რომ შემეგროვებინა ხელფასი და დავბრუნებულიყავი ისევ ექიმთან... მაინც ვერ შევაგროვე რადგან ყოველდღიური არსებობაც გაძვირდა. რამდენი ადამიანია ამ დღეში რამდენი“.

„ყველა გავერთიანდეთ და აქცია დავაანონსოთ, დასაკარგი რაღა გვაქვს, ყველაზე ძვირფასს გვართმევენ. ჩვენი სიმრავლე და ძალა უნდა დაინახონ“...

რას ამბობენ სუროგატი ქალები?

რადიო თავისუფლება მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ ესაუბრა სუროგატ ქალებსაც.

ყველა მათგანისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის მთავარი წყაროა. ამ ქალების უმეტესობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობას სწორედ ფინანსური გაჭირვების გამო თანხმდება.

მათ აქვთ საბანკო ვალები, გადასახდელი ბინის ქირა, შვილების სწავლისა და ყოველდღიური საჭიროებების ხარჯები.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სხვა გზით რამდენიმე ათასი ლარის ერთბაშად მიღების შესაძლებლობა არ აქვთ და სუროგაცია მათთვის ხშირად ოჯახის რჩენის ერთადერთი გამოსავალია.

ამიტომ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა მათთვის შემოსავლის ამ წყაროს დაკარგვის საფრთხესაც ნიშნავს. ისინი შიშობენ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არსებობის ერთ-ერთ უკანასკნელ შესაძლებლობას დაკარგავენ.

საქართველოში სუროგაციის პროგრამების ღირებულება, საშუალოდ, 55 000-დან 65 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უცხოელი წყვილები ამ მომსახურებისათვის 80-90 000 დოლარს იხდიან.

უცხოელი სუროგატი ქალების ანაზღაურება 17 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, უფრო ძვირი ღირს ქართველი სუროგატების მომსახურება და მათი ჰონორარი დაახლოებით 23 000 დან 28 000 დოლარამდეა.

სუროგაცია უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მიმართავენ ქალები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო, ბავშვის თავად გაჩენა არ შეუძლიათ. ამ დროს სუროგატი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ემბრიონი, რომელიც მომავალი მშობლების ან დონორების კვერცხუჯრედისა და სპერმისგან იქმნება. შესაბამისად, სუროგატი ქალი ბავშვის გენეტიკური დედა არ არის - მას ბავშვთან გენეტიკური კავშირი არ აქვს, რადგან განაყოფიერებისთვის მისი კვერცხუჯრედი არ გამოიყენება.

სად წავიდა წინა კანონპროექტი?

„ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში განიზრახა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის იქნებოდა დაშვებული.

ამასთანავე, ეს კანონპროექტი გულისხმობდა:

  • უცხოელებისთვის ინვიტრო განაყოფიერების შეზღუდვას - კანონპროექტი მხოლოდ სუროგაციას არ ეხებოდა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის მომსახურება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
  • კომერციული სუროგაციის აკრძალვას - სუროგატი ქალის მომსახურება მხოლოდ უანგარობის, ანუ ალტრუისტული პრინციპით იქნებოდა შესაძლებელი. დასაშვები რჩებოდა პროცესთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაცია.
  • კვერცხუჯრედისა და სპერმის კომერციული დონაციის აკრძალვას - დონორებს არ ექნებოდათ უფლება, რეპროდუქციული უჯრედების სანაცვლოდ მიეღოთ ფინანსური მოგება ან სხვა მატერიალური სარგებელი.
  • სუროგაციისა და დონაციის კომერციული რეკლამის აკრძალვას - აიკრძალებოდა რეკლამა, რომელიც სუროგატი ქალის ან დონორის მოძიებას ფინანსური სარგებლის შეთავაზებით უკავშირდებოდა.
  • ერთიანი ეროვნული რეესტრის შექმნას - უნდა შექმნილიყო მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობების ერთიანი რეესტრი.
  • კლინიკების კონტროლის გამკაცრებას - განისაზღვრებოდა მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმები და მათზე პასუხისმგებელი ორგანო.
  • რეპროდუქციული მომსახურების მიმღებთა ასაკობრივ და სამედიცინო კრიტერიუმებს - პროექტი განსაზღვრავდა მომსახურების მიღების პირობებს, მათ შორის, ძირითადად 55 წლამდე ასაკობრივ ზღვარს. გარკვეული მომსახურებები ხელმისაწვდომი იქნებოდა მარტოხელა ქალებისა და მამაკაცებისთვისაც.
  • სანქციების დაწესებას - კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული ჯარიმები 5 000-დან 100 000 ლარამდე.


ხელისუფლების ამ ინიციატივას მაშინ ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მომუშავე კლინიკების, მათ შორის, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის წევრების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

ისინი აცხადებდნენ, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველი იქნებოდა როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

ამ სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვდნენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებული ყოფილიყო რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებდა.

მათი მტკიცებით, მაგალითად, უცხოელი პაციენტებისთვის სერვისის შეზღუდვა ქვეყანას დააბრუნებდა 2000-იან წლებში, როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების დარგი ქვეყანაში ახალფეხადგმული იყო და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც სასულიერო პირები, ისე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ექიმებიც.

ამ სფეროში მომუშავე წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში ჩამოსული უცხოელი პაციენტების ხარჯზე კლინიკები ახერხებდნენ, ქართველი პაციენტებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების ღირებულება შედარებით ხელმისაწვდომი შეენარჩუნებინათ და არ გამორიცხავდნენ, რომ უცხოელებისთვის რეპროდუქციული მომსახურების შეზღუდვას, დარგის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა დაეზარალებინა ქართველი პაციენტებიც, რადგან უცხოელი პაციენტების გარეშე, მკურნალობის არსებული ფასების შენარჩუნება შესაძლოა შეუძლებელი გამხდარიყო.

მაშინ ექიმები ყურადღებას ამახვილებდნენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორზეც. მათი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი სამედიცინო ტურიზმის დახმარებით ყოველ წელს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ივსებოდა. მათი მონაცემებით, 2023 წლისთვის სამედიცინო ტურიზმი საქართველოში ტურიზმის 55%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს ამ მიმართულებით ქვეყნის ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლების განცხადებით, კანონპროექტი დაჩქარებულად უნდა მიეღოთ, ის დღემდე, სამი წლის თავზეც, განხილვის ეტაპზეა გაჭედილი.

პარლამენტის საიტზე ატვირთული ბოლო დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2026 წლის 5 ივნისით თარიღდება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძე პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის „საკომიტეტო განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელებას“ სთხოვს.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მიმართვა
ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მიმართვა

ამავე კანონპროექტის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელება მოთხოვნილი იყო 2026 წლის 29 იანვარსაც.

ეს კანონპროექტი შეიცვლება თუ ახალი შეიქმნება?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნება“ სუროგაციის „სრულად აკრძალვას“ გეგმავს.

სფეროს სპეციალისტები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გეგმავდნენ სუროგაცია-დონაციის შესახებ კანონმდებლობისა და რეგულაციების დახვეწაზე მუშაობას.

რადიო თავისუფლებას ნატალია ხონელიძე, ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, „ლიდერმედის“ ხელმძღვანელი ეუბნებოდა:

ნატალია ხონელიძე
ნატალია ხონელიძე

„არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს ექსპერტებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრითა და ერთობლივი კომუნიკაციით... უკვე ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების შემუშავებას, ეს რეგულაციები, პირველ რიგში, ალბათ უნდა შეეხებოდეს, სააგენტოებსა და კერძო პირებს, რომლებიც ასე, შემიძლია გამოვიყენო ეს სიტყვა, აცა-ბაცა დაეხეტებიან და რომლებსაც რეალურად, მოჰყავთ სუროგატები, დონორები, როგორ მოჰყავთ, სად მიჰყავთ...

ეს სფერო არის კატეგორიულად დაურეგულირებელი და პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის და ეს ყველაფერი იმ კანონპროექტშიც განსაზღვრულია, მათ შორის, სააგენტოების როლი. რომ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი ყველანაირი დოკუმენტაცია სუროგატებსა და დონორებზე, მათ მოვლაზე, რომელ კლინიკასთან თანამშრომლობენ და ა.შ. ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მალე, რადგან ამ დარგს ნამდვილად სჭირდება რენოვაცია“, - ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას ნატალია ხონელიძე, რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.

სუროგატი ქალები, სუროგაციით გაჩენილი ბავშვები - რა პრობლემები დაგროვდა წლების განმავლობაში?

იმის შესახებ, რომ საქართველოში სუროგაციის სფეროში მართლაც არსებობდა სერიოზული პრობლემები, რადიო თავისუფლება წლების განმავლობაში წერდა.

თუმცა ამ ხნის განმავლობაში არცერთ სპეციალისტს არ დაუყენებია საკითხი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ. პირიქით, ისინი მუდმივად ხაზს უსვამდნენ მკაფიო რეგულაციების შემოღების, სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებისა და სუროგატი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობას.

რადიო თავისუფლება წლებია აშუქებს საქართველოში სუროგატი ქალების პრობლემებს, განსაკუთრებით კი იმ ქალების ამბებს, რომლებიც სუროგაციის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. ისინი ჩვენთან საუბრისას ჰყვებოდნენ გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, არასათანადო მოპყრობასა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო დაკარგეს.

2025 წელს საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, 2026 წელს კი, სუროგაცია-დონაციის სააგენტოს, Kinderly-ს, დამფუძნებლებს სასამართლომ თაღლითობის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2025 წლის მაისში სახელმწიფომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და, პირველად საქართველოში, რამდენიმე სუროგატ ქალს, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლება წერდა, ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში სუროგაციის სფეროში გამოვლენილ შესაძლო დანაშაულებსა და სუროგატი ქალების უფლებების დარღვევის ფაქტებზე დღემდე მიმდინარეობს არაერთი გამოძიება, რომელთა შესახებ რადიო თავისუფლებაც წერდა.

სუროგაციის სფეროში ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ათეულობით სააგენტოსა და კერძო აგენტის უკონტროლო საქმიანობაც. ისინი შუამავლობენ სუროგატ ქალებს, კლინიკებსა და პოტენციურ მშობლებს შორის, აფორმებენ ხელშეკრულებებს, თუმცა ხშირია ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევები.

მათ შორის არიან ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კომპანიებს არეგისტრირებენ და სუროგაციის პროგრამებს მართავენ. ამასთან, არ არსებობს მათი საქმიანობის ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები, რაც სუროგატი ქალებისა და ბავშვების უფლებების დარღვევის რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

სუროგაციით დაბადებული ბავშვები და მათთან დაკავშირებული კითხვები

სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჯანმრთელობის პრობლემებით იბადებიან.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ კლინიკაში 2025–2026 წლებში სუროგაციით დაბადებული 150 ბავშვიდან მშობლებმა სამ ჩვილზე თქვეს უარი და სამივე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა. ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სუროგაციით დაბადებული რვა ბავშვი იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექიმები ჰყვებიან ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სუროგაციით დაბადებული ჩვილები თვეების განმავლობაში რჩებიან სამშობიარო კლინიკებში და თავად ექიმებს უწევთ მათზე მზრუნველობა.

ჩვეული პრაქტიკაა სუროგაციით დაბადებული ჩვილებისთვის ძიძების დაქირავება, სანამ მათ, მაგალითად, ჩინეთიდან მშობლები ჩამოაკითხავენ. შესაძლოა ჩვილები ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ ერთ წლამდეც კი დარჩნენ.

არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, სუროგაციით დაბადებულ რამდენ ბავშვზე თქვეს უარი მშობლებმა, რა მიზეზებით აღმოჩნდნენ ისინი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში და როგორია მათი შემდგომი ბედი.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა - 2019-2024 წლები - ასე გამოიყურება. ეს მონაცემები სუროგაციისა და სუროგატ დედებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა მოგვაწოდეს. მათ ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს.

  • 2019 - 601
  • 2020 - 817
  • 2021 - 310
  • 2022 - 833
  • 2023 - 1172
  • 2024 (პირველი ხუთი თვე) – 941


რაც შეეხება 2025-2026 წლებს, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელიც სანდო წყაროს ეყრდნობა, ბოლო ორ წელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების რაოდენობა და მათი უმეტესობა ჩინელ წყვილებზე მოდის - ეს რიცხვი 4000-ს სცდება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის არიან სუროგატი ქალები, რომლებიც ჰყვებიან, რომ წყვილისთვის, რომელიც ჩინეთიდან იყო, სუროგატმა ქალებმა დაახლოებით ერთთვიანი ინტერვალით ოთხი ჩვილი გააჩინეს.

ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა სწორედ ჩინეთიდან. ჩინეთს მოსდევს ისრაელი და აშშ.

როგორია კანონმდებლობა დღეს

დღეს საქართველოში სუროგაციას რამდენიმე ნორმატიული აქტი და ბრძანება არეგულირებს, მათ შორის:

  • კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
  • კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“
  • კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“
  • ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
  • კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“


ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის „სუროგაციის მეგობარი ქვეყნების“ ადგილობრივი კანონმდებლობებისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს პოტენციური მშობლების ან სუროგატი დედის ასაკს და მოქალაქეობას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს პოტენციური მშობელი ან გასწიოს სუროგატული მომსახურება.

არსებობს მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა - სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ წყვილს - ცოლ-ქმარს.

საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ პირობებს იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, სადაც შესაძლებელია ზოგადად რეპროდუქციული ტექნოლოგიების ან კონკრეტულად სუროგატი დედის ჩართულობით ინ ვიტრო განაყოფიერება. კანონმდებლობაში არ დევს სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმი.

სუროგაციით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანას სპეციალური წესი არეგულირებს. ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ დაბადების აქტში ორივე მშობელია მითითებული. თუ ეს პირობა შესრულებული არ არის, სასაზღვრო კონტროლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია, ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე უარი განაცხადოს. ეს მოთხოვნა 2016 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა და ტრეფიკინგის პრევენციაა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღრიცხავს სუროგაციით დაბადებულ ბავშვებს და შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის. ამ მონაცემების საფუძველზე სასაზღვრო კონტროლისას მოწმდება ბავშვის ვინაობა და დაბადების რეგისტრაცია.

თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს კონტროლი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბავშვის შემდგომ ბედს უცხო ქვეყანაში აკონტროლებს.

არა აკრძალვა, არამედ რეგულაციების გამკაცრება - რას ამბობენ ექიმები

წლებია, სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს კი აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებული სფეროა.

არცერთი მათგანი რადიო თავისუფლებასთან არ საუბრობდა სუროგაციის აკრძალვის შესახებ.

ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტების, დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა.

მას შემდეგ რეგულაციებისა და კანონმდებლობის დახვეწის პირველი მცდელობა ხელისუფლებას 2023 წელს ჰქონდა, თუმცა ეს მცდელობა პარლამენტის საკომიტეტო განხილვებს ვერ გასცდა.

მაშინ ამ ინიციატივამ გამოიწვია სფეროს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელების მკაცრი კრიტიკაც - და დაგეგმილი ცვლილებები ამ დარგის უკან დახევად შეაფასეს.

დღეს მმართველი პარტიის ინიციატივას სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ ექიმები ასე ეხმაურებიან:

ნინო მუსერიძე
ნინო მუსერიძე

„სუროგაცია მხოლოდ კომერციული საქმიანობა არ არის. ის დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის ნაწილია და ხშირად სწორედ სამედიცინო ჩვენებებით არის განპირობებული. ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად შვილის გაჩენა არ შეუძლია, სუროგაცია მშობლობის ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა ამ შესაძლებლობის აკრძალვისკენ, არამედ სფეროს სათანადო მოწესრიგებისკენ.

ბუნებრივია, სუროგაციის სფეროში არსებობს რისკები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას საჭიროებს. თუმცა ამ რისკების მართვა შესაძლებელია მკაფიო რეგულაციებით, ეფექტიანი ზედამხედველობით, შუამავალი ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლითა და პროცესში მონაწილე ყველა პირის უფლებების დაცვის რეალური მექანიზმებით“, - ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული კლინიკის ხელმძღვანელი, ემბრიოლოგი.

გიორგი კავკასიძე
გიორგი კავკასიძე

“ხელისუფლებას მართლა რომ აინტერესებდეს ის სავალო მდგომარეობა, რასაც საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ჰქვია ან სუროგაციის მეთოდით დაბადებული ბავშვების ბედი, პირველ რიგში, განსახილველად გამოიტანდნენ ქართველი რეპროდუქტოლოგებისა და ევროპელი კონსულტანტების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების (მათ შორის დონაციის და სუროგაციის) შესახებ, რომელიც პარლამენტში 2023 წელს შევიდა.

ხელისუფლება სუროგაციას კი არ უნდა კრძალავდეს, კანონიერ ჩარჩოებში აქცევდეს, რასაც ზემოთხსენებული კანონპროექტი გულისხმობს”, - გიორგი კავკასიძე, მედიცინის დოქტორი და რეპროდუქტოლოგი.

ეკატერინე სანიკიძე
ეკატერინე სანიკიძე

„რა შუაშია აქ მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან? გადაწყვეტილება მიიღება მეთოდის ეთიკურ-სამართლებრივი ასპექტების, ადამიანის უფლებების, სუროგატი დედის და ბავშვის უფლებების დაცვის მიზეზით თუ - მეთოდის რელიგიურ ჭრილში შეფასებით?

როდესაც ბიოეთიკური კომიტეტები იხილავენ რაიმე ფაქტს, მოვლენას, დოკუმენტს, კანონს, ნორმატიულ აქტს მორალურ ჭრილში (ე.წ. ეთიკური რევიზია), ისედაც ხდება რელიგიური ასპექტის განხილვაც ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, პერსონალურ, ტრადიციულ-კულტურალურ თუ ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად! მაშინ, რატომ კეთდება ჩვენთან მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციაზე აქცენტი და, საერთოდ, რატომ ხდება კანონპროექტის განხილვა სპეციალისტების ჩართულობის გარეშე? რატომ არ გადაეცემა ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოს, როგორც წესი და რიგია, რომ ამ გადაწყვეტილების რისკები და სარგებელი დასაბუთებულად და პროფესიონალურად აიწონოს?“ - ეკატერინე სანიკიძე, ექიმი, სამედიცინო ეთიკისა და სამართლის სპეციალისტი, პროფესორი.

სუროგაცია და საერთაშორისო პრაქტიკა

სუროგაცია, განსხვავებული პირობებით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული.

ძირითადი განსხვავება კომერციულ და ალტრუისტულ სუროგაციას შორისაა - პირველ შემთხვევაში სუროგატი ქალი ანაზღაურებას იღებს, მეორეში კი, როგორც წესი, მხოლოდ ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაა ნებადართული.

ზოგ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან მუდმივი რეზიდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი, ზოგან კი უცხოელ წყვილებსაც შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა.

2026 წლის მონაცემებით, სუროგაციის სხვადასხვა ფორმა დაშვებულია ამ რამდენიმე ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, აშშ (ზოგიერთ შტატში), ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი, ისრაელი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საბერძნეთი, სამხრეთი აფრიკა, ინდოეთი, ბრაზილია, ურუგვაი, ირლანდია, კვიპროსი, პორტუგალია, მექსიკა (ცალკეულ შტატებში), კოლუმბია.

ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის პროცესში მონაწილეობა სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება.

ამ ქვეყნებში ჯარიმა ან პატიმრობა შეიძლება დაეკისროთ როგორც პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედას, ასევე სამედიცინო პერსონალსა და „შუამავლებს“.

მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ეკისრება „ნებისმიერ პირს“, რომელიც სუროგატ დედას საშვილოსნოში ემბრიონის გადატანაში დაეხმარება.

იტალიაში სუროგაციის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია სამი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა და 600 ათასიდან მილიონ ევრომდე ჯარიმა. 2024 წლიდან ეს აკრძალვა იტალიის მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ სუროგაციაზეც ვრცელდება.

საფრანგეთში სუროგაციის ხელშეკრულება სამართლებრივად ბათილია, ხოლო შუამავლობის გარკვეული ფორმები სისხლის სამართლის წესით ისჯება.

სუროგაციის მოწინააღმდეგე ჯგუფში შემავალი ქვეყნები თვლიან, რომ:

  • სუროგაცია არღვევს ბავშვისა და სუროგატი დედის ღირსებას და მათ რიგითი კონტრაქტების ობიექტებად აქცევს;
  • სუროგაცია ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს;
  • არ შეიძლება კერძო შეთანხმების საგანი გახდეს არც ადამიანის სხეული და არც პირთა სამოქალაქო სტატუსი.


თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია აკრძალულია, უმეტესად, თითქმის 100%-ით ფინანსდება უშვილობის მკურნალობა.

მაგალითად, ასეთ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი.

კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგს, რევაზ ბოჭორიშვილს, მიაჩნია, რომ თუ სახელმწიფო მოქალაქეებს უშვილობის მკურნალობის ხელმისაწვდომ ალტერნატივებს არ სთავაზობს, ქვეყანაში სუროგაციის სრულად აკრძალვა გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა:

„ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს, დემაგოგიურად გამოიყენებენ“, - ამბობს ის და მიუთითებს საფრანგეთის გამოცდილებაზე, სადაც უშვილობის მკურნალობა, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერება, სახელმწიფოს ბიუჯეტით ფინანსდება:

რევაზ ბოჭორიშვილი
რევაზ ბოჭორიშვილი

„საფრანგეთში უშვილობის მკურნალობა მოქალაქეებისთვის 100%-ით უფასოა - ყველაფერი, მრავალჯერადი და ძვირადღირებული კვლევებით დაწყებული, ნებისმიერი მკურნალობითა თუ ოპერაციით დამთავრებული. სრულად ფინანსდება ინ ვიტრო განაყოფიერების ოთხი მცდელობაც, 43 წლამდე ასაკის ქალებისთვის“.

მისი თქმით, საფრანგეთში სუროგაციის აკრძალვის მიუხედავად, ამ საკითხზე დისკუსია არ დასრულებულა. ამბობს, რომ პოლიტიკოსები და სპეციალისტები სუროგაციის შესაძლო დაშვებაზე კვლავ მსჯელობენ და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ქვეყნის მიდგომაც შეიცვალოს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არ ფინანსდება უშვილობის მკურნალობა, რომელიც ათობით ათასი ლარი ჯდება, სუროგაციის სრულად აკრძალვა როგორც სპეციალისტებს, ისე უშვილო წყვილებს სრულიად გაუმართლებელ ნაბიჯად მიაჩნიათ.

უშვილობის მკურნალობის დაფინანსება - გაყინული პროცესი

საქართველოში უშვილობის მკურნალობა, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ძირითადი პროგრამით არ ფინანსდება.

მხოლოდ აჭარაში 2022 წლიდან მოქმედებს რეგიონული პროგრამა, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების მქონე წყვილებს მკურნალობის ხარჯებს უფინანსებს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს:

  • პროგრამის ბიუჯეტი 1,2 მილიონი ლარია;
  • პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია 740 ვაუჩერი;
  • პროგრამის დახმარებით 87 ბავშვი დაიბადა;
  • კიდევ 13 ორსულობა მიმდინარეობს.

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული პროცესი - კვლევებიდან დაწყებული, მომზადებითა და ემბრიონის გადატანით დამთავრებული - 12 ათასიდან 18 ათას ლარამდე ჯდება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესს განსაკუთრებით აძვირებს იმ ინიექციების ღირებულება, რომლებიც მომზადების პროცესში კეთდება. თითო ინიექცია 500-დან 1500 ლარამდე ღირს და 7-დან 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კეთდება. არიან პაციენტები, რომლებსაც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში 60-80 ათასი ლარი აქვთ დახარჯული. მკურნალობისათვის საჭირო თანხას უმეტესად ბანკიდან ვალის სახით იღებენ.

ჯერ კიდევ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ თქვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი, როგორც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი, სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა:

„ეს დაამტკიცებს ჩვენს ზრუნვას ოჯახების და ქვეყნის მომავალზე“, - თქვა მან.

ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი, 2024 წლის თებერვალში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარგის სპეციალისტებთან ერთად ამ საკითხზე კონსულტაციებს გადიოდნენ:

„ითვლება, რომ 2025 წლიდან ეს პროგრამა უნდა დაიწყოს. როდესაც მონახაზი გაკეთდა, საუბარი იყო კვლევების დაფინანსებაზე, შესაძლოა, საუბარი იყოს სრულ დაფინანსებაზეც. სადაზღვევო კომპანიებთანაც გვქონდა ამ თემაზე ლაპარაკი“, - ამბობდა ნინო მუსერიძე.

თუმცა უშვილობის მკურნალობის დაფინანსება დღემდე გადაუჭრელი საკითხია.

2026 წლის აპრილში, პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვის გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ზუსტი სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად, საქართველოში უნაყოფობის პრობლემა წყვილების დაახლოებით 10-12%-ს აქვს.

მისი თქმით, პრობლემის მასშტაბისა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის შესაფასებლად, დამატებითი კვლევებია საჭირო:

„დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საჭიროა დამატებით მიზანმიმართული კონკრეტული, ფოკუსირებული კვლევის ჩატარება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეაფასებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევას, მათ შორის უშვილობას, მისი მკურნალობის ბარიერის ძირითად მიზეზებს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ჩაღრმავებულ კვლევას საჭიროებს“.

საქართველოში სუროგაციის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ სტატიების მომზადების პარალელურად, რადიო თავისუფლება მუდმივად ცდილობდა პასუხების მიღებას იმ სახელმწიფო უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაცაა ამ სფეროს რეგულირება და მონიტორინგი.

ვუგზავნიდით კითხვებს, ვითხოვდით ინტერვიუებს და ვცდილობდით გაგვერკვია, რას აკეთებდა სახელმწიფო სუროგატი ქალებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დასაცავად, ამ სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა - არცერთ ეტაპზე არცერთ უწყებას რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხი არ გაუცია, არ გამოხმაურებიან ჩვენს მოთხოვნას ინტერვიუების შესახებ.

საპატრიარქოს მრავალწლიანი წინააღმდეგობა სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართ

სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერების ზოგიერთი მეთოდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წლებია, უშვილობის მკურნალობის მიუღებელი ფორმაა.

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სუროგაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება მძიმე ეთიკურ პრობლემებად შეაფასა.

ეპისტოლეში პატრიარქი კითხულობდა, შეიძლება თუ არა ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება. უშვილო წყვილებს კი ბავშვის შვილად აყვანისკენ მოუწოდებდა.

საპატრიარქოს ეს პოზიცია არც მას მერე არ შეცვლილა.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, პატრიარქმა შიო III-მ სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის „სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების“ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შიო მესამე
შიო მესამე

მისი თქმით, სუროგაციას არაერთი მძიმე ცოდვა უკავშირდება. მან ასევე დაადასტურა, რომ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობდა. დღესვე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან სუროგაციის აკრძალვაზე საუბრის დაწყება თავად პატრიარქის ინიციატივა იყო. მისი შეფასებით, სუროგაცია ადამიანის სხეულის ექსპლუატაციას უკავშირდება და ის ახლოს დგას ტრეფიკინგთან:

"საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა. იმიტომ რომ, როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან, ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

საპატრიარქო სუროგაციის სრულ აკრძალვას უჭერს მხარს და არა მის ნაწილობრივ შეზღუდვას.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

​
XS
SM
MD
LG