სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ - კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე

2008 წლის 9 აგვისტო. რუსეთ-საქართველოს ომი. ფოტო არქივიდან
2008 წლის 9 აგვისტო. რუსეთ-საქართველოს ომი. ფოტო არქივიდან

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რომელ ქვეყანაში და რა მიზნით იყო გატანილი აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბის, რუსული „ისკანდერის“ ნაწილები.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის დროს წარდგენილი არ ჰქონდათ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

„საქართველო დადგა რისკის წინაშე, რომ მას შეიძლება წაეგო დავა რუსეთის წინაშე. ახლა აქ კითხვებს ვერ შემოგვიბრუნებთ“, - თქვა არჩილ გორდულაძემ, „ქართული ოცნების“ წევრმა.

ანა წითლიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ომის დროს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს გადასცა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც საჭირო იყო მტკიცებულებად წარსადგენად.

​„ამის მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს თავდაცვის სამინისტროში - ამიტომ გთხოვთ, გამოიკვლიოთ“, - მიმართა წითლიძემ პლენუმს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. სასამართლო კოლეგია კი ამ საქმეს ინტენსიურ სხდომებზე იხილავს.

საქმის არსებითი განხილვის სხდომებიდან გააძევეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი. შუამდგომლობის საფუძველზე ნადარაიამ გვარამია სხდომათა დარბაზში დააბრუნა, კოპალეიშვილს კი უარი უთხრა. სხდომათა დარბაზიდან გაძევებულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხატია დეკანოიძე და ზაზა ბიბილაშვილი.

რას ითხოვს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.

​
XS
SM
MD
LG