უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი

უკრაინაში საბრძოლო ლაზერით პირველად ჩამოაგდეს რუსეთის რეაქტიულძრავიანი დრონი.

ამის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სერჰი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა. მან გამოაქვეყნა ვიდეომასალა კომპანია Carmine Sky-ს მიერ წარმოებული ანტისაჰაერო თავდაცვის ლაზერული დანადგარების (Blysk-ის) „საბრძოლო პირობებში მუშაობის პირველი შედეგების“ შესახებ.

ბესკრესტნოვმა ფეისბუკში დაწერა:

„ახლახან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დასაცავად დამონტაჟებულმა საბრძოლო ლაზერმა მსოფლიოში პირველად ჩამოაგდო „გერანის“ ტიპის რეაქტიულძრავიანი დრონი.

ბესკრესტნოვის სიტყვებით, ანტისაჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემების ტექნოლოგია ვითარდება სახელმწიფო პროგრამის „კერძო ანტისაჰაერო თავდაცვის“ ფარგლებში:

„უკრაინაში რამდენიმე კომპანია მუშაობს ანტისაჰაერო თავდაცვაში ლაზერის სისტემების გამოყენების სფეროში. ლაზერული ტექნოლოგიები ძალიან რთულია და ძვირი, ამიტომ კარგია, როცა ვიღაცას კარგი ამბები აქვს. ჯერჯერობით ნაადრევია ლაზერის სერიულ წარმოებაზე ლაპარაკი. გრძელდება გამოცდა, რომლის ფარგლებშიც ლაზერი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს იცავს“.

რამდენიმე დღის წინ Carmine Sky-ს საქმიანობაზე მოთხრობილი იყო ბიბისის რეპორტაჟში, რომელშიც მათ შორის აღინიშნა, რომ Blysk-ის ახალი ლაზერული დანადგარი 2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან საბრძოლო რეჟიმში იყო, თუმცა, იმ დროისთვის ჯერაც არ იყო გამოყენებული ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდის გამო.

რეპორტაჟში აღინიშნა, რომ Blysk-ს შედარებით მცირე სიმძლავრე აქვს და სამიზნის განადგურება შეუძლია კილომეტრამდე მანძილზე, საფრენი აპარატის კორპუსის დაწვის გზით, რასაც, დისტანციური მართვის მცირე ზომის დრონის შემთხვევაში, წამიც არ სჭირდება, უფრო დიდი ზომის - „შაჰედის“ ტიპის დრონის კორპუსის დაზიანებისთვის კი რამდენიმე წამია საჭირო.

შედარებით იაფფასიანი და მასობრივი წარმოების, რეაქტიულძრავიანი დრონების მოგერიება, რომლებითაც რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინელი სამხედროებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

16 ნოემბერს, ბრიუსელში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრემიერმინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ ნოემბერშივე უკრაინას რუსეთმა შესაძლოა 12-ჯერ მეტი რეაქტიულძრავიანი დრონით შეუტიოს, ვიდრე, მაგალითად, აგვისტოში.

27 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რეაქტიულძრავიანი „შაჰედების“ მასობრივად მოგერიება რამდენიმე თვის საქმე იყო. სექტემბერშივე ხელისუფლება და მწარმოებლები იუწყებოდნენ არა მხოლოდ გამოცდაზე, არამედ დრონების მომგერიებელი დანადგარების რამდენიმე ნიმუშის საბრძოლო გამოყენების შესახებ.

​
XS
SM
MD
LG