ენერგოობიექტები, ხიდები, რკინიგზა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა რუსული რაკეტებით და დრონებით მორიგ მასირებულ შეტევას, რომელიც შუაღამიდან მიმდინარეობდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ენერგოობიექტებზე, ხიდებზე, რკინიგზასა და საწარმოებზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ სოციალური ქსელებით, 20 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობებით, კიევში 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

ქალაქის სამ რაიონში დაზიანებული და დამწვარია არასაცხოვრებელი შენობები. კონკრეტულად რა შენობებია ეს, სამაშველო სამსახურს არ უთქვამს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში დაზიანებულია სამი ხიდი. ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების სისტემების დაზიანების შედეგად კიევის ნაწილი შუქისა და წყლის გარეშეა.

ლვოვი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, პოლტავა...

ლვოვში შეტევა იყო რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკოვში, სადაც დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა და მრავალბინიანი სახლი. კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქის ლოზოვის რაიონში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური და ბანკი. დაშავდა ხუთი ადამიანი. პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე.

საოლქო სახედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, საწარმოებზე დარტყმა იყო კიევის და ჟიტომირის ოლქებშიც. უკრაინის ხელისუფლება კონკრეტულ საწარმოებს არ ასახელებს.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ 20 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგად ენერგოსისტემაში უკიდურესად რთული ვითარებაა. დედაქალაქ კიევში და ათ ოლქში ამოქმედდა ე.წ. საავარიო რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება ენერგომომარაგების გრაფიკის დაცვა. უკრაინის ბევრ რაიონში შეწყვეტილია წყლით მომარაგებაც.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმების გამო რუსეთის საპასუხო ქმედებები იქნება „გაცილებით მტკივნეული, ვიდრე ეს კიევის რეჟიმმა გააკეთა".
  • 16, 17 და 19 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ყირიმის, იმავე ქერჩის ხიდს, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

დარტყმის რა სამიზნეები დაასახელა რუსეთმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 20 ნოემბერს დილით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს საწარმოებს, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რაკეტებს და დრონების აწარმოებენ და ხიდებს, რომლებსაც იყენებენ „იარაღის და სამხედრო და სპეცტექნიკის ტრანზიტისთვის“.

ასევე, ელექტროქვესადგურებს დნეპროპეტროვკის, ჩერნიგოვის და ლვოვის ოლქებში და თბოელექტროსადგურს - ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ლვოვის საავიაციო ქარხანას, იარაღის საწყობს ნიკოლაევის ოლქში და საავტომობილო და სარკინიგზო ხიდს ოდესის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ენერგოობიექტები გამოიყენება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებისთვის. რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და დიდ ზიანზე, რომელსაც მას აყენებს.



​
XS
SM
MD
LG