ლიეტუვაში დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე

პოლიციის შენობა ვილნიუსში(საილუსტრაციო ფოტო)
პოლიციის შენობა ვილნიუსში(საილუსტრაციო ფოტო)

ლიეტუვაში დააკავეს ქვეყნის ხუთი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებასთან, სახელმწიფო ტელერადიოკომპანიასთან(ВГТРК) თანამშრომლობაში.

ეჭვმიტანილები 25 ნოემბერს დააკავეს ლიეტუვის ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნისთვის დახმარების გაწევის საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიების ვერსია

ლიეტუვის გენერალური პროკურატურის და ვილნიუსის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს 2024 წლის შემოდგომიდან ჰქონდათ კონტაქტი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებთან და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აგროვებდნენ და გადასცემდნენ ლიეტუვისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის საინტერესო ინფორმაციას.

გარდა ამისა, უშუალოდ ლიეტუვაში ამზადებდნენ და ავრცელებდნენ მასალებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება და მის პროპაგანდას იმეორებს.

„სამშობლოს კონდუქტორები“

სააგენტო Baltic News Service-ის ინფორმაციით, ხუთივე დაკავებული ორგანიზაციის, „სამშობლოს კონდუქტორების“ წევრია. ეს სააგენტოს პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ლიეტუვის ონლაინ-გამოცემა 15min გასულ კვირაში წერდა, რომ მედიასაშუალებად დარეგისტრირებული ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღების უფლებით.

მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის გაგზავნილი აქვთ ასეულობით განაცხადი თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად. პასუხების უმრავლესობა არ გამოუქვეყნებიათ, კომენტარზე უარს კი სასამართლოში ასაჩივრებდნენ.




​
XS
SM
MD
LG