Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა და კვლავ აიღო სტატია, რომლის თანახმად, რუსეთს მორიგი "სვო" ელის ლიეტუვაში

სტატია "რია ნოვოსტის" ვებსაიტზე
სტატია "რია ნოვოსტის" ვებსაიტზე

რუსეთის პროპაგანდისტულმა სახელმწიფო სააგენტო „ რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც დაემუქრა ლიეტუვას „მოკლე სვო“-თი [„სპეციალურ სამხედრო ოპერაციით“] და ბირთვული დარტყმით. თუმცა გამოქვეყნებიდან სამი საათის შემდეგ ეს მასალა წაშალეს.

ტექსტში, სათაურით „რუსეთს ელოდება კიდევ ერთი სვო. ის იქნება ძალიან მოკლე“, ავტორი ღიად განიხილავს ლიეტუვის ტერიტორიისთვის სარაკეტო დარტყმების მიყენების სცენარს. მანამდე ლიეტუვის პარლამენტმა გააუქმა აკრძალვა ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე.

მასალაში აღნიშნულია, რომ ევროპელები „მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ირჩევენ ქვეყანას, რომელიც თანახმაა გახდეს ბირთვული საწყობი“, და წერს, რომ პოლონეთს არ სურს ბირთვული იარაღის განთავსება თავის ტერიტორიაზე. ავტორი ამტკიცებს, რომ „რუსეთს აქვს არჩევანი: როგორ იბრძოლოს“ და აცხადებს, რომ ომი იქნება სწრაფი: „ბალტიისპირეთში სამხედრო კონფლიქტი უბრალოდ გეოგრაფიის გამო ვერ იქნება ისეთივე, როგორიც უკრაინაში. საუბარია იმაზე, თუ რისი გამოყენებაა შესაძლებელი. და რადგან ჩვენს მოწინააღმდეგეებს პირველებს გადაჰყავთ საუბარი ბირთვული საფრთხის სიბრტყეში, რუსეთს შეუძლია იმის უფლებაც კი მისცეს თავს, რომ უარი თქვას სახმელეთო კონტინგენტის შეყვანაზე. მხოლოდ რაკეტები შესაბამისი მუხტით“.

ტექსტის ავტორია RuBaltic.Ru-ს მთავარი რედაქტორი ალექსანდრ ნოსოვიჩი. ცენტრ „დოსიესა“ და ლიეტუვური LRT-ს გამოძიების მონაცემებით, ნოსოვიჩი შედის გავლენის სტრუქტურაში, რომელსაც კურირებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) თანამშრომლები.

მას შემდეგ, რაც ტექსტი გავრცელდა მედიაში, РИА „ნოვოსტიმ“ წაშალა ის საიტიდან.

„შტატგარეშე ავტორის, ალექსანდრ ნოსოვიჩის სტატია წაიშალა საიტ riа.ru-დან, ვინაიდან ის არ შეესაბამება რედაქციის აზრს, სარედაქციო პოლიტიკასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას“, - ნათქვამია სააგენტოს ცნობაში.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG