"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად დღეს, 26 ნოემბერს, გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე.
კობახიძემ თქვა, რომ იზიარებს სპეცწარმომადგენლის შეფასებას - მოელოდნენ, რომ ღვინის საკითხზე პრობლემა "უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო".
ამასთან მან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან ურთიერთობას შეადარა და თქვა, რომ საშუალო რგოლი რუსეთშიც შესაძლოა "დიპ სტეიტის“ მოსყიდული იყოს.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. დიფ სთეითის მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს... ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა" და აქვე დაასახელა პირობა, რომ დიალოგის ხაზს არ უნდა განსაზღვრავდეს "არა "დიფ სთეითი".
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებისას, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩანაცვლდა და 2025 წლის შემდეგ ორივე ტერმინი გამოიყენება. თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“. ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება; „გლოპის“ მესვეურთა მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი და სხვა მრავალი ფიგურა თუ ორგანიზაცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობენ. ირაკლი კობახიძის 2024 წლის 14 მაისის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მიზანში პირველად 2007-08 წლებში მოექცა.
"გალუზინის მიერ დასახელებული სამივე პუნქტი აბსურდია" - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინსკში 19 ნოემბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებული მოლოდინი ღვინის კომპანიებთან რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების "უმარტივესად მოგვარებას" უკავშირდებოდა, თუმცა მიიღეს "აბსურდული" პასუხები.
"3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა, ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები, მინსკის შემდეგ თბილისსა და მოსკოვში?
კობახიძის განმარტებით, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების შესაძლო გამართვა „არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია“, „არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს“.
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, იგივე აღიარების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არცერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, - განაცხადა კობახიძემ.
რა თქვა ზურაბაშვილმა ინტერვიუში
ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა ქართული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ბრალდება, თითქოს ეს კომპანიები ომში უკრაინულ მხარეს აფინანსებენ.
„იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს“, - თქვა ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში. მისი თქმით, გალუზინმა კიდევ ორი მიზეზი დაასახელა - ქართული ღვინის ხარისხი და კომპანიების „ანტირუსული ნარატივი“.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით“, - თქვა ზურაბაშვილმა. მისი სიტყვებით, გალუზინს განუმარტა, რომ ქართული ღვინის ხარისხს საერთაშორისო სერტიფიკატები ადასტურებს. ზურაბაშვილმა უარყო უკრაინული მხარის დაფინანსებისა და „ანტირუსული ნარატივის“ შესახებ ბრალდებებიც და თქვა, რომ გალუზინს მათ დასადასტურებლად არცერთი ფაქტი არ მოუყვანია.
ზურაბაშვილმა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეცაა, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი უთანხმოება საქართველოს სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და დეოკუპაციას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამ საკითხებზე დიალოგია საჭირო.
ზურაბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ 25 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა ისაუბრა.
მოსკოვის სანქციები
ოქტომბერში რუსეთმა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. მათგან ოთხი ღვინის მწარმოებელია - „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“ და „ასკანელი ძმები“. „ასკანელი ძმების“ შემთხვევაში აკრძალვა კონიაკსაც შეეხო. სიაში ასევე მოხვდა „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდი, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიზეზად ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.
პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ჯერ კიდევ ივნისში ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, რომ ნანახი ჰქონდა ქართული კომპანიების სია და მათ შესაძლოა „რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში“ დასდონ ბრალი. 10 ოქტომბერს ფიფიამ დაწერა, რომ აკრძალვა „მხოლოდ პირველი ტალღაა“ და შეზღუდვები ეტაპობრივად 40-ზე მეტ კომპანიას შეეხება.
27 ოქტომბერს ფიფიამ დაასახელა ღვინის კიდევ ორი მწარმოებელი - „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. მისი თქმით, რუსეთი მათი პროდუქციის იმპორტსაც შეზღუდავდა. იმ დროისთვის ამ ორი კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მინსკის ფორმატი
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს ძირითადად პრაღაში ხვდებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ქართულ მხარეს მინსკში შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი დიალოგის დროულად დაწყება იყო. მინისტრის თქმით, შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩანაცვლებასთან.
22 ნოემბერს გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ს უთხრა, რომ პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება. მისი თქმით, მინსკში მხარეები, თბილისის ინიციატივით, საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ. გალუზინმა ისიც თქვა, რომ ქართულ მხარეს გააცნო მოსკოვის ნაბიჯები რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გასაზრდელად. ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვები მას ამ კომენტარში არ უხსენებია.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ნიშნად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში საერთაშორისო შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური არჩევანია. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ მოქმედი მინისტრის მოადგილის დანიშვნა სპეციალურ წარმომადგენლად და მის მანდატში კონფლიქტის მოგვარების საკითხის შეტანა საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
ფორუმი