ევროპარლამენტმა მიიღო პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში პოლიტიკური პატიმრების" შესახებ რეზოლუცია

დოკუმენტში შეტანილია ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა (საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტი).
დოკუმენტში შეტანილია ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა (საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტი).

ევროპარლამენტმა დღეს 26 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე. რეზოლუციას მხარი 441 დეპუტატმა დაუჭირა,47 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში შეტანილია ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მათ შორის დასახელებული არიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.

რეზოლუციის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ საქმე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება. ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა 25 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამართული დებატები.

15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მხოლოდ ფრანგმა დეპუტატმა ტიერი მარიანიმ დაიცვა. რამდენიმე გამომსვლელმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პაატა ბურჭულაძე დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სხვა პატიმრების მსგავსად, მასთანაც გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.

„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ევროპარლამენტის რეზოლუცია

  • მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მსჯავრდადებას. ითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას. მოითხოვს, რომ ევროპარლამენტარებს დაკავებულებთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ. სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ითხოვს დაკავებულებისთვის დამოუკიდებელ ექიმებთან დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებელ წვდომას;
  • ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს "თვითდანიშნულ" ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს რომ ბურჭულაძეს ჰქონდეს წვდომა სათანადო სამედიცინო, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახთან რეგულარულ კონტაქტზე. მოითხოვს სრულად დაიცვას მისი უფლება საკონსულო წარმომადგენლებთან შეუფერხებელ წვდომაზე.
  • რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერი ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად
    მოტივირებული დევნა და სასამართლოს მეშვეობით შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება;
  • მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას;
  • ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის;
  • სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხის მოთხოვნა. დაჟინებით მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება ამ კუთხით. კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ, რაც მოიცავს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ასევე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აგრეთვე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

მიღებული მეორე შესწორებით, რეზოლუციაში ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს“ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, კერძოდ, მათ პასუხისგებაში არ მიუციათ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელი პირები.

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, შეინარჩუნოს „კოორდინირებული რეაგირება“ და კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას, დაწესდეს „მიზნობრივი სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შერყევაზე, ასევე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აგრეთვე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

რეზოლუციის დასკვნით ნაწილში ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევალება, დოკუმენტი გადაუგზავნოს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს „თვითდანიშნულ ხელისუფლებას“.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.

"ქართული ოცნების" გამოხმაურებები

დღეს, 26 ნოემბერს ამ საკითხზე ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვები პასუხად, "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც", კობახიძემ ეს კომენტარი რეზოლუციის მიღებამდე, თუმცა მასზე 25 ნოემბერს გამართული დებატების შემდეგ გააკეთა.

"რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული... ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშაულებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ... ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი“, - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტს "საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია" უწოდა და თქვა, რომ "ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირი ფასი არა აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს..."

​
XS
SM
MD
LG