15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მხოლოდ ფრანგმა დეპუტატმა ტიერი მარიანიმ დაიცვა. რამდენიმე გამომსვლელმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.
რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტი 26 ნოემბერს უყრის კენჭს. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე ამბობს, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვს.
„ევროპა საქართველოს სახლია“ - პაატა მანჯგალაძის გზავნილი ციხიდან
დებატებს ესწრებოდა ნინი მანჯგალაძე. მამამისს, პაატა მანჯგალაძეს, ისევე როგორც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს. მანჯგალაძის ციხიდან გამოგზავნილი სიტყვები ევროპარლამენტარებს პირველმა გამომსვლელმა, რასა იუკნევიჩიენემ (ლიეტუვა) გადასცა – „ევროპა საქართველოს სახლია“.
„პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. მას შვიდი წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა“, – თქვა იუკნევიჩიენემ. მისი თქმით, წინა კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა ციხეებში მძიმე პირობებზე უამბეს, 25 ნოემბერს კი ნინი მანჯგალაძეს შეხვდა.
„მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში კიდევ ხუთ პატიმართან ერთადაა“, – თქვა იუკნევიჩიენემ. მისი თქმით, პაატა მანჯგალაძემ ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.
მან კოლეგებს შეახსენა, რომ 28 ნოემბერს საქართველოში ევროპული მომავლის მოთხოვნით დაწყებულ ყოველდღიურ პროტესტს ორი წელი უსრულდება. „მათსავით ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“.
„პაატა მარტო არ არის“ – რა თქვეს ბურჭულაძის საქმეზე
ტობიას კრემერმა (გერმანია) გაიხსენა, რომ ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე საოპერო თეატრებში ისმოდა. „დღეს კი საკუთარი ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა გააჩუმოს და შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში გამოკეტოს“. კრემერის შეფასებით, ბურჭულაძის „დანაშაული“ ისაა, რომ ხმა აიმაღლა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველოში კრემლის ჩრდილქვეშ ბელარუსის მსგავსი რეჟიმი დაამყაროს.
„მაგრამ პაატა მარტო არ არის“, – თქვა კრემერმა. მისი თქმით, ქართველების 80%-ს ევროპული მომავალი სურს. მასწავლებლები, ექთნები, მუშები და ხელოვანები თითქმის ორი წელია ქუჩაში გადიან, მიუხედავად იმისა, რომ იქ შეიძლება სცემონ ან, პაატა ბურჭულაძისა და მზია ამაღლობელის მსგავსად, დააპატიმრონ.
მარკოს როს სემპერემ (ესპანეთი) იკითხა, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, როდესაც ბურჭულაძეს განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ეჭვქვეშ დააყენა განაჩენის საფუძველი და სასჯელის თანაზომიერება. მან ახსენა ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც, რომელსაც ევროპარლამენტმა გასულ წელს სახაროვის პრემია მიანიჭა.
ვილი სიოუნდალმა (დანია) ბურჭულაძე ახსენა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ორი წლის წინ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მისი შეფასებით, უკანონო დაკავებები და პოლიტიკური დევნა ქართველების ყოველდღიურობად იქცა. „რეჟიმი საკუთარ თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს. ქართველი ხალხისთვის ეს კოშმარია“. სიოუნდალმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაგმონ უფლებების დარღვევები და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის პასუხი მოსთხოვონ.
ლიუდას მაჟილისმა (ლიეტუვა) თქვა, რომ მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს შვიდი წლით პატიმრობა საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის მიუსაჯეს. მან ამაში რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის პრაქტიკის „აშკარა ასლი“ დაინახა. მისი შეფასებით, ქართველ საზოგადოებას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი საპირისპირო მიმართულებით მიდის.
ლუკას ზიპერმა (გერმანია) ევროკომისიას შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროინტეგრაციას ითვალისწინებს, ბურჭულაძის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს კი ევროპაში კანონის უზენაესობისთვის „სირცხვილი“ უწოდა. ზიპერი ფიქრობს, რომ ბრიუსელმა ქართველების დემოკრატიული უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებული პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებები გამოიყენოს.
„ავსტრიის მოქალაქე საქართველოში პოლიტპატიმარია“
ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა. მის ავსტრიულ მოქალაქეობას ხაზი გაუსვა სამივე გამომსვლელმა ამ ქვეყნიდან – ჰელმუტ ბრანდშტეტერმა, ლუკას მანდლმა და რაინჰოლდ ლოპატკამ.
ბრანდშტეტერმა გაიხსენა ვენის ოპერა, ლონდონის „კოვენტ გარდენი“ და მილანის „ლა სკალა“, რომელთა დარბაზებსაც ბურჭულაძის ხმა ავსებდა.
„საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა“.
დეპუტატმა ქართველი დემონსტრანტების სიმამაცის მაგალითად მოიყვანა ის, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში საქართველოსა და ევროპის დროშებით გამოდიან და „სიხარულის ოდას“ მღერიან. მან უნგრეთი, სერბეთი და სირია ახსენა და თქვა, რომ მოსკოვის მოკავშირეები ადრე თუ გვიან ძალაუფლებას კარგავენ.
„ავსტრიის მოქალაქე საქართველოში პოლიტპატიმარია“, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა მანდლმა. მან გაიხსენა საქართველოში ვიზიტი და ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები.
„პაატა ბურჭულაძე ავსტრიის, ევროკავშირის მოქალაქეა. ევროპარლამენტმა მკაფიო გზავნილი უნდა გააგზავნოს – ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“. მანდლმა სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლოპატკას თქმით, საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისას თავად ნახა, რამდენად არადემოკრატიულად მოქმედებდა „ქართული ოცნება“. მან ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობაც გაიხსენა – გაეროსა და UNICEF-ის კეთილი ნების ყოფილი ელჩი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ბავშვებსა და ოჯახებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ლოპატკას თქმით, ავსტრიელმა ევროპარლამენტარებმა ბურჭულაძის გათავისუფლება ჯერ კიდევ ოქტომბერში მოითხოვეს. ის მიესალმა რამდენიმე სხვა დემონსტრანტის გათავისუფლებას, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრი კვლავ ციხეშია - „ქართველი ხალხი დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს იმსახურებს“.
ვისთვის მოითხოვეს სანქციები
რასა იუკნევიჩიენემ სანქციების დაწესება მოითხოვა მათთვის, „ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“. ტობიას კრემერმა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა და კოლეგებს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გააგრძელონ.
მალგოჟატა გოშიევსკამ (პოლონეთი) მოითხოვა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესგარემოცვის აქტივების გაყინვა და მათთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. „კიდევ რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ? კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, სანამ ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს?“
მან ბურჭულაძესთან ერთად ახსენა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი თქმით, ხუთ წელზე მეტია პატიმრობაშია. გოშიევსკას სიტყვებით, ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სიაში 91 პოლიტპატიმარი იყო და ეს სიაც არასრული იყო. დეპუტატის შეფასებით, საქართველოში იზრდება რუსეთის გავლენა და ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო კაპიტალის მოძრაობის ადგილად იქცევა.
ნაჩო სანჩეს ამორმა (ესპანეთი) თავად ევროკავშირიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ავტორიტარული შემობრუნების ნიშნები გაცილებით ადრე ჩანდა, ევროკავშირმა კი რთული გადაწყვეტილებები გადადო და საქართველოს ხელისუფლებას „საჩუქრები დაურიგა“. მან იკითხა, რატომ დგება სანქციების საკითხი საქართველოს რუსეთთან კავშირის გამო და რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიის დასაცავად. სანჩეს ამორმა ქართველი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მომზადება მოითხოვა, თუნდაც მას ყველა წევრი ქვეყანა არ დაეთანხმოს - „საჯაროდ უნდა დავასახელოთ ის მთავრობები, რომლებიც მის მხარდაჭერაზე უარს იტყვიან“.
დაინიუს ჟალიმასმა (ლიეტუვა) სანქციების ადრესატებად პოლიტიკური ხელმძღვანელების გარდა დაასახელა ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცველები - „ვინც მართლმსაჯულებას პოლიტიკური რეპრესიისთვის იყენებს, პირადად უნდა აგოს პასუხი“. მან ევროკავშირს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარების კოორდინირებული პოლიტიკა გაატაროს.
დავორ ივო სტიერმა (ხორვატია) მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელ პირთა სანქცირება. მან საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნილი საზოგადო მოღვაწე და მუსიკოსი მერაბ კოსტავა გაიხსენა და ბურჭულაძის საქმესთან პარალელი გაავლო. სტიერის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო სხვა მუსიკოსს დევნის.
ირანული ფული, ილიას უნივერსიტეტი და „ალ-მუსტაფა“
მიხალ შჩერბამ (პოლონეთი) ბურჭულაძის პატიმრობაზე საუბრისას საქართველოში ირანის გავლენის საკითხიც წამოჭრა. მისი თქმით, მაშინ, როცა ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოდან აძევებენ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ორგანიზაციები ქვეყანაში თავისუფლად საქმიანობენ. „როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონები პრაქტიკაში ირანულ ფულზე არ ვრცელდება“, – თქვა მან.
შჩერბას თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამების 97%-ს კარგავს, მაშინ როდესაც აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებულ ირანულ „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტს საქართველოში კამპუსები აქვს. მან საქართველოს მოსკოვსა და თეირანთან დაახლოებას ქართველი ხალხისთვის კატასტროფა, რუსეთისთვის გამარჯვება და ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური მარცხი უწოდა.
ტიერი მარიანიმ „ქართული ოცნების“ პოზიცია დაიცვა
ტიერი მარიანის (საფრანგეთი) მტკიცებით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლისკენ უბიძგეს. ჯგუფ „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრმა ეს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობად შეაფასა და თქვა, რომ რამდენიმე სამართალდამცველი მძიმედ დაშავდა.
მარიანიმ ქართულ მართლმსაჯულებას „დამოუკიდებელი და სუვერენული“ უწოდა. მან ბურჭულაძის საქმე აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ასობით ადამიანის გასამართლებას შეადარა და თქვა, რომ მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს. „სანამ თბილისს დემოკრატიის გაკვეთილებს ჩავუტარებთ, ჯერ თავად დავიცვათ ეს პრინციპები ბრიუსელში“, – თქვა მან.
რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც 26 ნოემბერს უყრიან კენჭს
რადიო თავისუფლება გაეცნო შეთანხმებულ პროექტს, რომელშიც მოთხოვნილია პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრისა თუ უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. პროექტში პოლიტიკურად მოტივირებულადაა შეფასებული ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც ბურჭულაძეს მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს.
დოკუმენტში ეჭვქვეშაა დაყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობა და სასჯელის თანაზომიერება. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ბურჭულაძის ხანგრძლივ იზოლაციაზე, გარე სამყაროსთან შეზღუდულ კავშირსა და არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე. ისინი მოითხოვენ, ბურჭულაძეს ჰქონდეს სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული ურთიერთობისა და ავსტრიის საკონსულოს წარმომადგენლებთან დაუბრკოლებლად შეხვედრის შესაძლებლობა.
პროექტში ევროკავშირს მოუწოდებენ, მიზნობრივი სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს. სახელობითად მოხსენიებულნი არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. მოწოდება ეხება სხვა მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცველებსაც.
დოკუმენტში ბურჭულაძის საქმე განხილულია დემოკრატიის უკუსვლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებისა და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე. პროექტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკური დევნა და დამოუკიდებლად გამოიძიოს დემონსტრანტების დაშინების, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობები.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პაატა ბურჭულაძე დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სხვა პატიმრების მსგავსად, მასთანაც გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.
ფორუმი