„მთავარი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში იქნება საკითხი იმის შესახებ, თუ რა არჩევანს აკეთებს სომხური მხარე. გააკეთებს თუ არა ამ არჩევანს, როდის და როგორ“, – „ინტერფაქსის“ ცნობით, განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის ერევნის არჩევანზე საუბრისას კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური თვალსაზრისით, ორ სკამზე ჯდომის სურვილი ან უნდა დადასტურდეს, ან გარკვეული არჩევანის გაკეთების გზით უარყოფილ იქნეს, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვა და ამავდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის გაგრძელების სურვილი ერთმანეთს არ შეესაბამება“.
„გარდა ამისა, არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც. ცხადია, ჩვენი სამხედრო ბაზის საკითხსაც შევეხებით“, – განაცხადა პესკოვმა.
მოსკოვი ერევანს რეფერენდუმის ჩატარებისა და ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) შორის არჩევანის სწრაფად გაკეთებისკენ მოუწოდებს. სომხეთის ხელისუფლება კი პასუხობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო ჯერ არ დამდგარა და ამ ეტაპზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლას არ აპირებს.
სომხეთში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან 1 სექტემბერს, ბიშკეკში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა: „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე გავალთ“.
პასუხად ფაშინიანმა თქვა, რომ სამხედრო ბაზის საკითხი პუტინთან არ განუხილავს, თუმცა, თუ „რუსეთი გადაწყვეტს სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. „მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, – თქვა მაშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გიუმრის სამხედრო ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს.
მიუხედავად ამისა, პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა „რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება სომხური მხარის პოზიციის მოსმენა“.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მთლიანობაში, მოლაპარაკებების დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება.
პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები საკმაოდ მრავალმხრივია, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, - იტყობინება, საინფორმაციო სააგენტო ტასსი.
გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 3 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გამგზავრებასა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ორი დღის წინ პუტინის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ კრემლი ფაშინიანის რუსეთში ვიზიტისთვის ემზადება.
გუშინ კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სომხეთის ურთიერთობებში „დაძაბულობა კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება, რადგან არსებული ვითარებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში მეგობრულია. რუსეთთან კამათს არ ვაპირებთ“.
ფორუმი