Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: "თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ხვალვე გავალთ"

ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის სამიტზე, ბიშკეკში.
ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის სამიტზე, ბიშკეკში.

ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

შეეხო სომხეთის ევროპულ მისწრაფებების, რუსეთთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ურთიერთობების საკითხს და გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის მომავალს.

ბოლო წლებში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ყველაფერი მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენებით დაიწყო. მან ასევე გაიხსენა 2022 წელს პრაღაში გამართული შეხვედრა.

„სომხეთის ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა, პრაღაში შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა და აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ამ მომენტიდან ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით საკმაოდ არაერთგვაროვანი გახდა. როგორ შეგვეძლო ან უნდა ჩავრეულიყავით აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში?“ - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკვე მაშინ ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად თვლიდნენ და მოსკოვს არწმუნებდნენ, რომ რეგიონში მცხოვრები სომხების უფლებები და ინტერესები დაცული იქნებოდა.

„მე ვუთხარი: „ვერაფერს უზრუნველყოფთ, ადამიანები უბრალოდ წავლენ და მორჩება“. თუმცა პრეზიდენტი ალიევი ამ ადამიანებს არაფერს დაუშავებდა, გაუკეთებდა. ის თანამედროვე და ინტელიგენტი ადამიანია, ის შეეცდებოდა, მათი ინტერესები დაეცვა ასი პროცენტითა, მაგრამ ისინი მაინც არ დარჩებოდნენ. ასეც მოხდა“, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი ვითარება "გვერდის გადაფურცვლის" შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ შეგვიძლია, გადავფურცლოთ ეს გვერდი და კონფლიქტების გარეშე წინ წავიდეთ, განვასახლოთ ადამიანები ახალ საცხოვრებელ ადგილებში, განვბლოკოთ ინფრასტრუქტურა, ახალი ეკონომიკური ცხოვრება დავიწყოთ და ინვესტიციებისთვის საზღვრები გავხსნათ. სინამდვილეში, აქ ბევრი დადებითი მომენტია“, - თქვა პუტინმა.

პუტინი: „თუ სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ, სულ მცირე, ხვალვე წავალთ

პუტინმა გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს სომხეთს რუსეთის სამხედრო ყოფნა მოახვიოს თავს.

„თუ სომხეთი ჩათვლის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ, სულ მცირე, ხვალვე წავალთ. მზად არის კი სომხეთი ამისთვის? კი ბატონო, ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ მის გვერდით რუსეთის სამხედრო „ფრთა“ ჰქონდეს, ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი: „ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია“

ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა კვლავ აღნიშნა, რომ ეს ერევნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა, მისი შეფასებით, ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრობა ერთდროულად შეუძლებელია.

„თუ თქვენ ევროკავშირისკენ სვლა გადაწყვიტეთ, კეთილი, ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენ სომეხ ხალხთან ისტორიულად მეგობრობის, და კიდევ უფრო ძლიერი, კავშირები გვაკავშირებს“, - განაცხადა პუტინმა და განაგრძო, რომ სომხეთი ერთდროულად ორივე ორგანიზაციის წევრი ვერ იქნება.

„ორივე ორგანიზაციაში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ფიტოსანიტარიული ნორმები, განსხვავებული ტექნიკური სტანდარტები და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ერთმანეთთან შეუთავსებელია - ყოველ შემთხვევაში, დღეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთში მიღებულია კანონი, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან არ გავსულვართ და გასვლის შესახებ განაცხადი არ შეგვიტანია“. მე ვუპასუხე: „მაგრამ როგორ, თუ თქვენ მიიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ? ეს ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადეთ გარკვეული აზრით?“ - თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობით „საკმაოდ ბევრ პრივილეგიას“ იღებს, მათ შორის ენერგორესურსებზე ფასებისა და რუსეთის ბაზარზე წვდომის კუთხით.

"ახლა გულწრფელად თქვან, რა სურთ და რა მიზნები აქვთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ფაშინიანი მოსკოვშია მიწვეული

პუტინის სიტყვებით შეთანხმდნენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან განხილვას მშვიდ ვითარებაში გააგრძელებენ და სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას დეტალურად განიხილავენ.

„ნიკოლ ვოვაევიჩმა შემომთავაზა, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა თითოეული მიმართულებით საფუძვლიანად გავაანალიზოთ. ვეთანხმები. ის მოსკოვში მოვიწვიე, რათა ორივე ერთად, მის სპეციალისტებთან და ჩვენს სამთავრობო ექსპერტებთან ერთად, მშვიდად დავსხდეთ და თითოეული პუნქტი განვიხილოთ“, - განაცხადა პუტინმა.

მან ერთ-ერთ განსახილველ საკითხად სომხეთის რკინიგზა დაასახელა, რომელიც რუსული კომპანიის მართვაში იმყოფება.

პუტინის თქმით, რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება სატვირთო გადაზიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული.

„ღმერთმა ქნას, ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად დალაგდეს, თურქეთთან საზღვარი გაიხსნას, სხვა მიმართულებებიც გაიხსნას და, შესაძლოა, სატვირთო გადაზიდვებიც აღდგეს. თუ ეს მოხდება, ინვესტირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მათ შორის რუსეთსაც“,- აღნიშნა პუტინმა.

პუტინი სომხეთისა და ОДКБ-ის ურთიერთობებზე:

ვლადიმირ პუტინმა სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) შესაძლო დატოვების საკითხზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ერევანსა და ორგანიზაციას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სომხეთსა-აზერბაიჯანს შორის საზღვრის ის მონაკვეთია რომელიც დემარკირებული არ არის.

„ნიკოლ ვოვაევიჩი მიიჩნევდა, რომ ОДКБ-მ უნდა დაიცვას საზღვრის გარკვეული მონაკვეთები. თუმცა ОДКБ-ს ყველა წევრი ამბობდა: არა, ეს სრულიად სხვა ამბავია. საზღვრის დემარკაცია არ არსებობს, საზღვრის შესახებ შეთანხმებაც არ არსებობს - ის არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არსებობს“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი სიტყვებით, ეს და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები ექსპერტების მიერ დეტალურ განხილვას საჭიროებს.

„მოსკოვში პრემიერ-მინისტრს ველოდები. როგორც შევთანხმდით, ამ ყველაფერს განვიხილავთ“, - განაცხადა პუტინმა.

ფაშინიანის პოზიცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წესდებით ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის მექანიზმი არ არსებობს.

„EAEU-ის წესების თანახმად, ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის მექანიზმი არ არსებობს. ამისთვის სახელმწიფომ ორგანიზაციას გასვლასთან დაკავშირებით არანაკლებ ექვსი თვით ადრე უნდა აცნობოს. ჩვენ EAEU-სთვის ასეთი შეტყობინება არ გაგვიგზავნია. შესაბამისად, ვითარება სწორედ ამოსავალი წერტილიდან უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეს, რაც, მისი შეფასებით, სომხეთის ლეგიტიმური უფლებაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას ალტერნატივები ჰქონდეს. ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ EAEU-ით უკმაყოფილო ვართ, მიუხედავად იმისა, რომ იქაც არსებობს პრობლემები“, -აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღებით სომხეთს EAEU-ის ფარგლებში აღებული არც ერთი ვალდებულება არ დაურღვევია.

„ეს საკითხი ჯერ არ მომწიფებულა რეფერენდუმისთვის. ჩვენ ეს კანონი იმისთვის მივიღეთ, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ დაგვჭირვებოდა“, — განაცხადა ფაშინიანმა.

დიალოგის წინ მოსკოვმა სხვადასხვა არხით უკვე გამოხატა უკმაყოფილება სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაკავების გამო.

შეხვედრის ღია ნაწილში სომხეთში ოპოზიციის ლიდერების დაკავების საკითხი არ განხილულა.

არც სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს უსაუბრიათ კამერების წინ მოსკოვის მიერ სომხური პროდუქციისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG