უწყების ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო AFP ავრცელებს, გამოძიება მიმდინარეობდა ხუთშაბათს საღამოს ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „მარსელის“ ქომაგების წაქეზებით ჩადენილ სავარაუდო
„დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ძალადობის (იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად და სპორტულ არენაზე)“ ფაქტზე.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ გამომძიებლები სწავლობენ „სიძულვილის გაღვივების“ ფაქტსაც, რაც „ბულგარელი გულშემატკივრების მხრიდან ნაცისტურ მისალმებასა და პროვოკაციებს“ უკავშირდება.
პოლიციის წყაროს ცნობით, დაპირისპირების შედეგად სოფიის „ლევსკის“ ხუთი გულშემატკივარი „თვალის დაზიანებებით, თავის ტრავმითა და მხრის ამოვარდნილობით“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, „მარსელის“ რამდენიმე ასეული გულშემატკივარი საკუთარი ტრიბუნიდან გაიქცა და, როგორც ჩანს, „ლევსკის“ ქომაგთა ჯგუფს დაედევნა.
მათ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი სექტორი გაარღვიეს, სადაც დაახლოებით 500 ბულგარელი გულშემატკივარი იყო შეკრებილი.
ადგილზე მყოფი, AFP-ის ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომელშიც „მარსელის“ რამდენიმე ნიღბიანი ქომაგი მონაწილეობდა.
უეფამ გამოძიება დაიწყო ძალადობრივ შეტაკებებთან დაკავშირებით, რომლებმაც „მარსელისა“ და „ბეშიქთაშის“ მონაწილეობით გამართული ევროპა ლიგის მატჩები ჩაამწარა, - განაცხადა პარასკევს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ.
დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია საქართველოს პოლიციის რეაქციამ მას შემდეგ, რაც ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა პალესტინელთა დროშა გაშალეს.
26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება
სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.
მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.
უეფამ მატჩი უსაფრთხოების მოსაზრებების გამო საქართველოში გადაიტანა, ვინაიდან ღაზის ომის გამო, რაშიც თურქეთი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელებს, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.
ფორუმი