„განსხვავებული მოვლენა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ქომაგი გაათავისუფლეს.

27 ნოემბერს ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ გაათავისუფლეს თურქი ქომაგები, მაშინ როცა საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს მცირე ზიანის მიყენებისთვისაც კი ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან. მაგალითად მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც მოიყვანეს. ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ეს არის განსხვავებული მოვლენა“, – უპასუხა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს. მინისტრის თქმით, სპორტული ღონისძიებების დროს ქომაგები ზოგჯერ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენენ. ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა კი მან „დემონსტრაციულ აქტად“ შეაფასა.

„ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა“, - თქვა თამაზაშვილმა.

თამაზაშვილის თანახმად, 26 ნოემბერს ბათუმში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. მინისტრმა თქვა, რომ პოლიციის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აგრესიული ქომაგების ადგილიდან გარიდება იყო. მისივე განცხადებით, გათავისუფლებული ქომაგების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება და სასამართლომ შესაძლოა მათ გარკვეული ვადით საქართველოში შემოსვლა აუკრძალოს.

რა უთხრა თამაზაშვილმა თურქ კოლეგას

თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ 26 ნოემბერს თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა თურქმა კოლეგამ დაკავებულების გათავისუფლება, მინისტრმა უპასუხა, რომ კოლეგას ეს საკითხი არ დაუყენებია. თამაზაშვილის თქმით, თავად უთხრა კოლეგას, რამდენი პოლიციელი დაშავდა და რამდენი ადამიანი დააკავეს.

თამაზაშვილმა სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავად საუბარი არ ჩაუწერია.

„რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი“, – თქვა მან. მინისტრის თქმით, საუბრის დასაწყისში კოლეგას უთხრა, რომ საქართველოს საზღვარზე ქომაგებს ბანერები ჩამოართვეს, რისთვისაც თურქმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა.

მატჩის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა ბანერზე წარწერით 82 BATUM. თურქეთში 81 პროვინციაა და წარწერა ბათუმის თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოჩენის მცდელობად აღიქვეს.

თამაზაშვილის თქმით, მატჩის დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ქომაგები ბანერებთან პოზირებდნენ. მინისტრის განცხადებით, პოლიციამ საზღვარზე ქომაგებს 100-მდე ბანერი ჩამოართვა. მან ბანერების შინაარსი პროვოკაციულად და საქართველოსთვის შეურაცხმყოფლად შეაფასა. თამაზაშვილის თქმით, ზოგიერთი ბანერი განსაკუთრებით დიდი ზომის იყო. სტადიონზე არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ.

ვინ მოითხოვა პალესტინის დროშის ჩამოხსნა

თამაზაშვილის თქმით, თურქმა კოლეგამ ჰკითხა, რატომ მოითხოვეს სტადიონზე პალესტინის დროშის ჩამოხსნა.

მინისტრის განცხადებით, მატჩისწინა თათბირზე უეფას წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ სტადიონზე მხოლოდ თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოეყენებინათ. მისი განმარტებით, შეზღუდვა ეხებოდა სიმბოლიკას, რომელსაც მატჩის დროს შესაძლოა მღელვარება და დაძაბულობა გამოეწვია.

მინისტრის თქმით, პალესტინის დროშის ჩამოხსნა სტადიონზე მყოფმა უეფას დელეგატმა მოითხოვა; ქომაგებს კი დროშის ჩამოხსნისკენ „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელმა მოუწოდა.

თამაზაშვილმა მატჩის დროს მიყენებული ზიანი „მნიშვნელოვნად“ შეაფასა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია. მისი თქმით, მატჩის მასპინძელი „ბეშიქთაში“ იყო და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მოელის, რომ უეფა ზარალის ანაზღაურებას თურქულ კლუბს დააკისრებს.

26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო. მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG