შუქრუთის მაღაროში ცვლის უფროსი დაიღუპა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ჭიათურის ერთ-ერთი მაღარო 2019 წლის მაისი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ჭიათურის ერთ-ერთი მაღარო 2019 წლის მაისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 29 ნოემბერს მოხდა.

კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაღუპული კომპანიის ცვლის უფროსია.

„ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებებში დაიღუპა მაღაროელი. შემთხვევის დეტალებზე კომპანია დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

შუქრუთის მაღაროში, კერძოდ სარკინიგზო მაღაროში, 2026 წლის 25 მარტს გარდაიცვალა კიდევ ერთი მაღაროელი. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ "მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია". მათი ცნობით, "თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა".


​
XS
SM
MD
LG